ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენდეტა აბაშიძის ქუჩაზე


დავით კოდუა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

სასტიკად ნაცემი დავით კოდუას მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულ ნოშრევან ნამორაძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მესამე დღეა, ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად რჩება. კოდუას შაბათს, დღის სამ საათზე, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ოთხი წლის შვილი სალონში ჰყავდა მიყვანილი, მათთან ერთად ბავშვის ძიძაც იმყოფებოდა.

ამ დროს კოდუას მობილურზე დაურეკეს და გარეთ გასვლა სთხოვეს. ბიზნესმენი დაცვის გარეშე იყო და ქუჩაში მარტო გავიდა. კოდუას სამი-ოთხი პირი დაესხა თავს. თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ. დავით კოდუა სასტიკად სცემეს.

იგი ჯერ რკინიგზის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.პაციენტი ამ დრომ რეანიმაციაში რჩება. არ გამორიცხავენ, რომ დავით კოდუა სამკურნალოდ უცხოეთში გადააფრინონ. მკურნალი ექიმი თეონა ხოჭუა ამბობს

„პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას განმეორებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა. დადგინდა რომ აქვს, ძალიან მცირე ზომის სისხლჩაქცევა. კლინიკურად პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, დავით კოდუა იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ.“

დავით კოდუაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში, პოლიციას ნოშრევან ნამორაძე ჩაბარდა. მან ბიზნესმენზე თავდასხმა აღიარა და ეს პირადი შურისძიებით ახსნა.

ნამორაძე ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესის წართმევის მიზნით, 2008 წელს, დავით კოდუას ძმამ, გენერალმა ერეკლე კოდუამ, რომელსაც მაშინ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსის თანამდებობა ეკავა, ნარკოტიკები ჩაუდო, დააპატიმრა, გირაო 500 000 ლარი გადაახდევინა და ბოლოს ბიზნესიც დაათმობინა. ერეკლე კოდუა ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ნაწყვეტი ნოშრევან ნამორაძის ჩვენებიდან

„დათო და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა. შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი, ვიყავი „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი, გადაიფორმეს ყველაფერი, წამართვეს ქონება, ამახიეს.“

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ნოშრევან ნამორაძე სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ (ყოფილი „X ჯგუფი საქართველო“ და „სითი ჯგუფი საქართველო“) ერთ-ერთ დამფუძნებელი და 50 პროცენტის წილის მფლობელი იყო. დანარჩენ 50 პროცენტს, მისი პარტნიორი გიორგი ზაქაიძე ფლობდა.

ნამორაძის დაპატიმრების შემდეგ, ზაქაიძე კომპანიის უკვე 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ხდება. ამჟამად, კი „ტიფლის დეველოპმენტის“ მეპატრონე ყაზახეთის მოქალაქე აზამატ სმაგულოვია, ზაქაიძეს დირექტორის თანამდებობა უჭირავს.

ვინაიდან საქმეზე გამოძიება გრძელდება მთავარი პროკურატურა არაფერს ამბობს, რა როლი ითამაშეს, წილის დათმობის პროცესში ძმებმა კოდუებმა. პროკურატურის ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძე კომპანიაში წილის დაბრუნებას 2012 წლის შემოდგომიდან ითხოვს. ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს

„ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ არასასურველ ტენდენციასთან, როდესაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც წინა რეჟიმის მიერ დაზარალდა, ვერ დაინახა, მათ მიმართ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით პროგრესი და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სამართალი თავად აღედგინა, რაც უაღრესად სახიფათოა სახელმწიფოსთვის.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი ძიება 118-ე „ჯანმრთელობის, განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით გაგრძელდა. დაცვის მხარე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება და ნამორაძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს. თავად თავდამსხმელი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ დავით კოდუას მარტომ სცემა.

სისხლის სამართლის საქმის ამ მუხლებით წარმართვა კოდუას ოჯახის წევრებს აფიქრებინებს რომ ვენდეტაში ხელისუფლებაც არის ჩარეული.

ომბუდსმენმა უკვე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოკლეს ვადებში მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები.

სახალხო დამცველი ამავე დროს, დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას.

P.S. საღამოს, მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“. სასამართლოს წარედგინა სათვათვალო ვიდეოკამერიდან ამოღებული მასალაც.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ნოშრევან ნამორაძეს და მის თანამზრახველებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ამავე დროს, ცრუ ჩვენების გამო, ნამორაძეს ბრალი შეიძლება, უფრო დაუმძიმდეს კიდეც.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG