ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერეკლე კოდუას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება


დეპუტატი გელაშვილი სოდ-ის სპეცრაზმის თავდასხმის შემდეგ. თბილისი. 2005 წლის 14 ივლისი
დეპუტატი გელაშვილი სოდ-ის სპეცრაზმის თავდასხმის შემდეგ. თბილისი. 2005 წლის 14 ივლისი

დეპუტატ გელაშვილზე სასტიკი თავდასხმის საქმის გახსნას პროკურატურამ ცხრა წელი მოანდომა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
ბმული



შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილ უფროსს გენერალ ერეკლე კოდუას და სოდ-ის ოპერატიული დეპარტამენტის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს - გია სირაძეს ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარმა პროკურატურამ დაადგინა, რომ 2005 წლის 14 ივლისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომანქანით მოძრავ, პარლამენტარ ვალერი გელაშვილს სოდ-ის სპეცრაზმი, სწორედ კოდუას და სირაძის ბრძანებით დაესხა თავს, რის შემდეგაც დეპუტატი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

სპეცრაზმის წევრებმა გელაშვილი ავტომანქანიდან გადმოათრიეს და ავტომატის კონდახებით, კასტეტებისა და გირის გამოყენებით სცემეს. პარლამენტარმა მიიღო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სახის ძვლების, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მძიმე დაზიანებები ცხვირსა და შუბლზე. იგი სასწრაფო წესით, სპეცრეისით ლიტვაში გადააფრინეს.

მიუხედავად იმის, რომ დანაშაული თბილისში, დღისით, უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა, ეს საქმე რვა წლის მანძილზე, თაროზე იყო შემოდებული და მხოლოდ ახლა მიეცა მსვლელობა. პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს




„კოდუას დავალებით და გია სირაძის ხელმძღვანელობით, სპეცრაზმის მებრძოლებმა ვალერი გელაშვილი, თანხლებ პირებთან ერთად, ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და იარაღის კონდახებით, სასტიკად ცემა დაუწყეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ, გელაშვილის დაცვის წევრს - მალხაზ ცხაკაიას.

ასევე, ერეკლე კოდუას ბრძანებით, სპეცრაზმის მებრძოლებმა გელაშვილს წაართვეს კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანიდან ასვე გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები.“

ერეკლე კოდუა და გია სირაძეც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან. 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის საგაზეთო ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ 2005 წლის 29 ივნისს გამოქვეყნდა.

ინტერვიუში გელაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის პირად ცხოვრებასა და მაშინ ჯერ კიდევ მშენებარე პრეზიდენტის სასახლეზე ისაუბრა. ეს ადგილი გელაშვილის საკუთრება იყო და დეპუტატი სახელმწიფოსგან კონპესაციას ითხოვდა.

„რას ლაპარაკობთ, პრეზიდენტს რომ ცოლი გაექცევა, როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?“..“თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან ალანა გაგლოევა დასდევს (პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი - ზ.წ), ის ჩემი პრეზიდენტი არ არის...

ჩემს სახლში ცხოვრება გაგლოევას უნდოდა, უნიტაზებსაც კი ირჩევდა, რაც არ მოეწონა შეაცვლევინა...პრეზიდენტი რომ კერძო საკუთრებას ეხება და მოქალაქის ინტერესს არ იცავს, ჩემთვის ის არ არსებობს“
- ეს არის ამონარიდები 2005 წელს „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სკანდალური ინტერვიუდან.

დღეს ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ კოდუას და სირაძის დაკავების შემდეგ, გამოძიება ავტომატურად, დანაშაულის შემკვეთებზე: მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილზე გავა.

„მხოლოდ და მხოლოდ კოდუას და სირაძის აყვანის შემთხვევაში მოხდება სხვა პირებისთვის ბრალდების წაყენება. სხვა პირები არიან - ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ამათ მისცეს დავალება. სააკაშვილმა თავის კაბინეტში დაავალა ეს თავდასხმა მერაბიშვილს დაავალა, მერაბიშვილმა კი სპეცოპერაციის ჩატარება კოდუას დაავალა.“

ძებნილი ერეკლე კოდუას ინტერესებს, რომელიც ბოლო პერიოდში, ავსტრიაში ცხოვრობდა, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ოთარ კახიძე იცავს.

ადვოკატი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ხუთი სპეცრაზმელის ჩვენებაა და ისინი ხელს არა ერეკლე კოდუას, არამედ გია სირაძეს ადებენ. საქმეში ასევე არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის იდეა უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოდიოდა.
XS
SM
MD
LG