ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-14 ამერიკელი


ქონერ ფრენკამპი ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით

ესპანური „მურსიას“ 25 წლის გამთამაშებელი ქონერ ფრენკამპი მორიგი ამერიკელი კალათბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს პასპორტი აიღო და ჩვენს ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

ფრენკამპის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 19 თებერვალს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ შედგება. ევრობასკეტ-2022-ის შესარჩევი ციკლის, დასკვნით ორ მატჩს, საქართველო სერბეთისა და ფინეთის (21.02) წინააღმდეგ გამართავს.

კანზასში დაბადებულმა ფრენკამპმა, 2012 წელს აშშ-ს U17-თან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. NCAA-ში კი „კანზასისა“ და ვიჩიტას“ ღირსებას იცავდა. მას შემდეგ რაც NBA-ს დრაფტზე არ დადგა და “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” კონტრაქტი არ შესთავაზა, კარიერა ევროპაში განაგრძო, წარმატებით მოიარა ბულგარეთის და საბერძნეთის კლუბები, ახლა კი პირველ სეზონს ესპანურ ლიგა ACB-ში ატარებს.

ფრენკამპი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ
ფრენკამპი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ამერიკელი ფრენკამპის დათანხმება ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

დავიმატეთ ქონერ ფრენკამპი, რომელიც ესპანეთში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში გველის, ამიტომ ახალ ამერიკელ კალათბურთელს, დიდი ხანია ვარჩევდით
ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი


„ჩვენთან მესამე წელია არის თად მაკფადენი, რომელიც საქართველოსთვის დიდი ძალაა. თუმცა, პანდემიის დროს, მას პრობლემები შეექმნა, იგივე, ფინეთში ჩამოსვლის დროს.

იგივე სიტუაციაში რომ არ აღმოვჩნდეთ, დავიმატეთ ფრენკამპი, რომელიც ესპანეთში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში გველის, ამიტომ ახალ ამერიკელ კალათბურთელს, დიდი ხანია ვარჩევდით და ვფიქრობ, ფრენკამპი სწორედ ის არის ვინც გვინდოდა, ქონერი მთავარი მწრთნელის ილიას ზუროსის რეკომენდაციით ავიყვანეთ“ - აღნიშნა ვლადიმერ ბოისამ.

ფრენკამპი დებიუტისთვის ემზადება
ფრენკამპი დებიუტისთვის ემზადება

ქონერ ფრენკამპი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით 14-ე ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელია. ნატურალიზაციის პოლიტიკა ჩვენს ნაკრებში 2004 წლიდან დაიწყო, როცა პირველი NBA მოვლილი შემონდ უილიამსი დავიმატეთ. შემონდთან ერთად 2004 წელს, საქართველომ იტალიაში, სან ჯორჯოს საერთაშორისო ტურნირზე სენსაციურად მოუგო რუსეთს 87-71.

ქართველი შემონდ უილიამსი რუსების წინააღმდეგ, 2004
ქართველი შემონდ უილიამსი რუსების წინააღმდეგ, 2004

ამერიკელთა ნატურალიზაციის პოლიტიკას, ჰქონდა როგორც წარუმატებელი (სენდერსი, ჰოსლი, გრინი, ფიშერი, ზელერი, პულენი), ისე წარმატებული მაგალითები. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ, ტეხასელი ტაირონ ელისი, რომელმაც ჩვენს ნაკრებში 4 წელი გაატარა და მოფერებით „ელისაშვილს“ ეძახდნენ.

ტაირონ ელისი
ტაირონ ელისი

პირველი ამერიკელი, რომელმაც 2011 წელს, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშა მარკიზ ჰეინსი იყო, იგი ესპანური „გრან კანარიას“ ღირსებას იცავდა.

2013 წლის ევრობასკეტზე ქართველებს რიკი ჰიკმანი გვყავდა, ევროპული კალათბურთის გრანდის თელ-ავივის „მაკაბის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელმაც მომდევნო წელს ევროლიგა მოიგო.

სამი წელი გაატარა საქართველოს ნაკრებში მაიკ დიქსონმა და ჩვენს გულშემატკივარს ძალიან შეაყვარა თავი. დიქსონი 2017 წლის ევრობასკეტზე გამოვიდა, 2020 წელს კი მცირე ხნით, ქართულ სუპერლიგაში, თბილისის „ტიტებშიც“ ითამაშა.

მაიკლ დიქსონი
მაიკლ დიქსონი

მეტად შეეძლო საქართველოს დახმარებაა მეტ ჯენინგს. მან ჩვენი პასპორტი 2018 წელს აიღო, როცა ესპანურ „ბასკონიაში“ თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი იყო, თუმცა FIBA-სა და ევროლიგის დაპირისპირების გამო, სულ ორი დიდი მატჩი შემოგვთავაზა - 2018 წელს, თელ ავივში ისრაელთან მოგება (80-85) და საბერძნეთთან თბილისში, ყველაზე დასანანი მარცხი, ბოლო წამზე 85-86.

2019 წლიდან საქართველოს ესპანური "ბურგოსის" გამთამაშებელი, მიჩიგანელი თად მაკფადენი ჰყავს. თადთან ერთად 2020 წლის თებერვალში, ბელგრადში სუპერ სენსაციურად ვაჯობეთ სერბეთს 94-90, მაკფადენმა ამ მატჩში 33 ქულა ჩააგდო. კალათბურთის ფედერაცისი პრეზიდენტი პაატა გურასპაული ამბობს:

თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში რჩება
თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში რჩება
მაკფადენი არაჩვეულებრივი ადამიანია, თბილი, გულღია, ის არსად არ მიდის, უბრალოდ ხდება როტაცია, ეროვნულ ნაკრებს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა
პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი


„მაკფადენი არაჩვეულებრივი ადამიანია, თბილი, გულღია, ის არსად არ მიდის, უბრალოდ ხდება როტაცია, ეროვნულ ნაკრებს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, თუ მაკფადენმა, ღმერთმა არ ქნას ტრავმა მიიღო ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო ჩამოსვლა, მას შეცვლის ფრენკამპი და პირიქით.

ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, მომავალ წელს გველის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიც და ევრობასკეტი, ასე რომ ორი ამერიკელის ყოლა ჩვენს გუნდში დიდი ძალაა.“ - თქვა პაატა გურასპაულმა.

ევრობასკეტ 2022-ის მასპინძელი ქალაქები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00

ევრობასკეტ 2022, 1-18 სექტემბრის ჩათვლით, ევროპის ხუთ ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართება. ამისთვის, საქართველოს დედაქალაქში ახალი სპორტის სასახლე შენდება.

საქართველოს, როგორც მასპინძელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში ავტომატურად განაღდებული აქვს, თუმცა მაინც მონაწილეობს შესარჩევ ეტაპზე. ქართველები ბერძენი მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის მეთაურობით, ოთხიდან ოთხი გამარჯვებით ლიდერობენ E ჯგუფს, სადაც სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია გამოდიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელები (2004-21)

შემონდ უილიამსი 2004-05

ტაირონ ელისი 2005-09

მელვინ სენდერსი 2007

ქუინტონ ჰოსლი 2010

ტორინ გრინი 2010

მარკიზ ჰეინსი 2011

კორი ფიშერი 2012

ჯეიკობ პულენი 2012-15

ლუკ ზელერი 2013

რიკი ჰიკმანი 2013-14

მაიკლ დიქსონი 2016-19

მეტ ჯენინგი 2018

თად მაკფადენი 2019-

ქონერ ფრენკამპი 2021-

რიკი ჰიკმანი ესპანეთის წინააღმდეგ
რიკი ჰიკმანი ესპანეთის წინააღმდეგ

XS
SM
MD
LG