ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდემდე? „ჯვაროსნების“ მორიგი ანტირეკორდი


სერბეთი - საქართველო 1-0, "პაოკელი" პრიოვიჩის გამარჯვების გოლი გიორგი მაკარიძის კარში 09.10.2017
სერბეთი - საქართველო 1-0, "პაოკელი" პრიოვიჩის გამარჯვების გოლი გიორგი მაკარიძის კარში 09.10.2017

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩააგდო. სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 2010 წლის ანტირეკორდი გაიმეორა, საკვალიფიკაციო ეტაპის 10 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო (5 ფრე, 5 წაგება).

„ჯვაროსნებმა“ ბოლო მატჩი, ბელგრადში, D ჯგუფის ლიდერთან, გუშინ 0-1 წააგეს და შესარჩევ ჯგუფში, ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი დაიკავეს. სერბეთმა ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა ერთი ოფიციალური თამაშიც ვერ მოიგო
ვლადიმერ ვაისის გუნდმა ერთი ოფიციალური თამაშიც ვერ მოიგო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისს ეროვნული ნაკრები 2016 წლის მარტში ჩააბარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, ეროვნული გუნდიდან კახი ცხადაძის გაშვება. ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცხადაძეს ხელფასის შემცირება მოსთხოვა, რაც მწვავე კონფლიქტით და მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებით დასრულდა.

შეძლო თუ არა ვაისმა ცხადაძის შედეგების გაუმჯობესება და უნდა დარჩეს თუ არა სლოვაკი საქართველოს ნაკრებში? - ეს კითხვა დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მწვავე ვნებათაღელვის საგანია.

ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა 18 შეხვედრა (3 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება) გამართა. ოფიციალური მატჩი საერთოდ ვერ მოიგო. სლოვაკი მწვრთნელის აქტივში უელსთან, ირლანდიასთან და ავსტრიასთან ფრედ დასრულებული თამაშები და ამხანაგურ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონის ესპანეთის სენსაციური დამარცხება შეიძლება შევიტანოთ.

ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისთან ერთად. ამხანაგური მატჩი, ესპანეთი - საქართველო 0-1, 07.06.2016
ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისთან ერთად. ამხანაგური მატჩი, ესპანეთი - საქართველო 0-1, 07.06.2016

ახალი კონტრაქტი ვლადიმერ ვაისთან ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახლახანს აღნიშნა, რომ „ვაისმა დიდი სამუშაო გასწია და ახალი მიზანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა“. ცუდი შედეგების მიუხედავად, ვაისის დარჩენას ემხრობა ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ მცველი გურამ კაშიაც:

ჩემი აზრით, გვაქვს პროგრესი. იმედიც არის, რომ სამომავლოდ უკეთ გამოვალთ. ამიტომ, მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, რომ წარუმატებლობების ეს სერია როგორმე დასრულდეს“
გურამ კაშია, საქართველოს ნაკრებისა და "ვიტესის" მცველი

„ჩემი აზრით, გვაქვს პროგრესი. იმედიც არის, რომ სამომავლოდ უკეთ გამოვალთ. ამიტომ, მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. ამხანაგური მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ რომ წარუმატებლობების ეს სერია როგორმე დასრულდეს.“

2016-2017 წლებში, საქართველოს მთავრობამ „საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში უკვე 60 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 2021 წლამდე კი პროგრამა დამატებით 151 მილიონი ლარით, ხოლო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება - 100 მილიონი ლარით უნდა დაფინანსდეს. ანუ საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის საბიუჯეტო დაფინანსება 300 მილიონს გადააჭარბებს.

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის პარალელურად, პარლამენტშიც მოღვაწეობს
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის პარალელურად, პარლამენტშიც მოღვაწეობს

ამ ფონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების ნაჩვენები შედეგები უამრავ კრიტიკულ კითხვას ბადებს, რომელთა უმრავლესობა ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისკენ არის მიმართული. კობიაშვილი ფეხბურთის პარალელურად პარლამენტშიც მოღვაწეობს, იგი „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარია.

2017 წელს, ევროტურნირებზე, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ქართულმა გუნდებმა თამაში ვერ მოიგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, 17 წლამდელთა ნაკრებმაც გამარჯვების გარეშე (3 მატჩი - 3 წაგება) დაასრულა.

19 წლამდელებმა, რომლებიც საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსით მოხვდნენ, მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმარჯვეს (1 მოგება 2 მარცხი) და ჯგუფში ჩარჩნენ.

ფარერის კუნძულები U21 - საქართველო U21 3-1, სირცხვილი ტორსჰავნში, 10.10.2017
ფარერის კუნძულები U21 - საქართველო U21 3-1, სირცხვილი ტორსჰავნში, 10.10.2017

კატასტროფულად დაიწყო ასპარეზობა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმაც, ზედიზედ სამ წაგებულ შეხვედრაში - 11 ბურთი გაუშვეს. დღეს კი ფარერის კუნძულებთან 1-3 დამარცხდნენ. ერთადერთი გამონაკლისი ფუტზალის ეროვნული გუნდი იყო, მათ შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახეს, თუმცა ისტორიულ პლეი-ოფში, რუმინეთთან განადგურდნენ.

ღრმა კრიზისში მყოფი ქართული ფეხბურთის ახალი იმედები უეფას ახალ გათამაშებას - ერთა ლიგას (UEFA Nations League) უკავშირდება, სადაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის - ოთხი საგზური გათამაშდება. საქართველოს მეტოქეები კი კლასით ყველაზე დაბალ - D ჯგუფში, ევროპული ფეხბურთის სხვა მაჩანჩალები (ანდორა, გიბრალტარი, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მალტა, სან მარინო, ლუსემბურგი და მისთანანი) იქნებიან.

უელსი - საქართველო 1-1, კარდიფი, 09.10. 2016
უელსი - საქართველო 1-1, კარდიფი, 09.10. 2016

ვლადიმერ ვაისს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტაქტის გაგრძელების სურვილი აქვს, მიაჩნია რომ მსოფლიოსთან შედარებით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, თუნდაც ერთა ლიგის გზით, უფრო რეალური ამოცანაა:

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მეტად რთულია, რამეთუ შესარჩევი ჯგუფიდან, პირდაპირ, მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ამ მხრივ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რა თქმა უნდა, შედარებით რეალურია“
ვლადიმერ ვაისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მეტად რთულია, რამეთუ შესარჩევი ჯგუფიდან, პირდაპირ, მხოლოდ ერთი გუნდი გადის. საუკეთესო მეორე კი პლეი-ოფში იბრძვის. ამ მხრივ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რა თქმა უნდა, შედარებით რეალურია.“

სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ანტირეკორდებს იმეორებს, საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ ისლანდიელებმა გააოგნეს. ისლანდია, სადაც სულ 332 000 ადამიანი ცხოვრობს, 12 000 ფეხბურთელია რეგისტრირებული და სუბარქტიკული კლიმატის გამო, ფეხბურთის თამაში, ბუნებრივ ბალახზე, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში შეიძლება, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს.

პატარა ისლანდიის მორიგი სასწაული, კუნძულელები World Cup-2018-ზე მიდიან
პატარა ისლანდიის მორიგი სასწაული, კუნძულელები World Cup-2018-ზე მიდიან

კუნძულელებმა გუშინ რეიკიავიკში კოსოვოს 2-0 მოუგეს, ხორვატიას 2 ქულით გადაასწრეს, უკრაინა და თურქეთი შესარჩევ ჯგუფში ჩატოვეს და პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემიონატზე ითამაშებს ეგვიპტეც, რომელმაც ამ დიდ წარმატებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის თაოსნობით მიაღწია.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 31 საგზურისთვის, შესარჩევ ეტაპზე 210 ქვეყანა იბრძოდა. აქედან საკვალიფიკაციო ბარიერი გამარჯვების გარეშე დაასრულეს: აღმოსავლეთ ტიმორმა, ბანგლადეშმა, ბუტანმა, კამბოჯამ, ტაივანმა (აზიაში), ალჟირმა, მალიმ, კონგომ (აფრიკაში), სალვადორმა, სენტ-ვინსენტმა (კონკაკაფში), სამოამ (ოკეანეთში), კოსოვომ, გიბრალტარმა, ლიხტენშტეინმა, მალტამ, ყაზახეთმა, სან-მარინომ, მოლდოვამ და საქართველომ (ევროპაში).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელების სტატისტიკა

(1990-2017)

2016-17 ვლადიმერ ვაისი 18 თამაში - 3 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება

2015 კახა ცხადაძე 10 – 3/1/6

2010-14 თემურ ქეცბაია 40 – 13/9/18

2008-09 ექტორ რაულ კუპერი 16 – 1/4/11

არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა საქართველოში ვერაფერი გააწყო
არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა საქართველოში ვერაფერი გააწყო

2005-08 კლაუს ტოპმიულერი 24 – 7/4/13

2004 ალენ ჟირესი 10 – 2/2/6

2001-03 ალექსანდრე ჩივაძე 12 – 4/4/4

2000-01 დავით ყიფიანი&რეზო ძოძუაშვილი 16 – 6/4/6

დავით ყიფიანი საქართველოს მარტოც წვრთნიდა და რევაზ ძოძუაშვილთან წყვილშიც
დავით ყიფიანი საქართველოს მარტოც წვრთნიდა და რევაზ ძოძუაშვილთან წყვილშიც

1999 იოჰან ბოსკამპი 5 – 1/1/3

1998-99 ვლადიმერ გუცაევი 14 – 5/3/6

1997 დავით ყიფიანი 7 - 4/1/2

1993-96 ალექსანდრე ჩივაძე 24 – 9/1/14

1991-92 ანატოლი ნორაკიძე 4 – 2/0/2

ალექსანდრე ჩივაძე ეროვნულ გუნდს ჯამში 5 წელი ედგა სათავეში
ალექსანდრე ჩივაძე ეროვნულ გუნდს ჯამში 5 წელი ედგა სათავეში

დროებითი მწვრთნელების სტატისტიკა

2008 პეტერ სეგრტი 2 – 0/1/1

2005 გაიოზ დარსაძე 7 – 2/2/3

2004 გოჩა ტყებუჩავა 3 – 0/0/3

2003 მერაბ ჟორდანია 3 – 1/0/2

2003 ივო შუშაკი 2 – 1/0/1

ხორვატი ივო შუშაკი რუსეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, 30.04.2003
ხორვატი ივო შუშაკი რუსეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, 30.04.2003

1998 გიგლა იმნაძე 1 – 0/0/1

1997 ვლადიმერ გუცაევი 2 – 0/0/2

1990 გივი ნოდია 1 – 0/1/0

საქართველო - ლიტვა 2-2, ეროვნული ნაკრების პირველი ისტორიული მატჩი, 27.05.1990
საქართველო - ლიტვა 2-2, ეროვნული ნაკრების პირველი ისტორიული მატჩი, 27.05.1990

Facebook Forum

XS
SM
MD
LG