ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირიკაშვილის საქმე: ითანამშრომლე თორემ დაგიჭერთ, ასეთი იყო პოლიციელების მუქარა


ხარაგაულის პოლიციაში 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი მოიკლა
ხარაგაულის პოლიციაში 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი მოიკლა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ქვეყანაში დროულად შეიქმნას „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავების მიერ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე აწარმოოს“.

EMC მეორე კვირაა ხარაგაულელი კვირიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს. ამ ოჯახის წევრმა, 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა, რომელიც ჯართის მოგროვებით ირჩენდა თავს, 4 ნოემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი ხარაგაულის პოლიციაში 7 საათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა.

იურისტების ინფორმაციით, გარდაცვლილის მიმართ არ ყოფილა დაწყებული არანაირი სამართლებრივი პროცესი, მას არც მოწმის სტატუსი ჰქონდა, უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პოლიციის კონტაქტი გარდაცვლილთან.

EMC ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ პოლიციელების მხრიდან კვირიკაშვილის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას და მის რამდენიმესაათიან დაყოვნებას კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა.

გარდაცვლილის და ნატო კვირიკაშვილი
გარდაცვლილის და ნატო კვირიკაშვილი

ოჯახი ამირან კვირიკაშვილის სიკვდილში, რომელსაც ფიზიკური შრომისა და ჯართის თრევის გამო ხერხემალზე ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ცალსახად პოლიციას ადანაშაულებს. გარდაცვლილის და ნატო კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიცია დაკითხვის დროს ამირანზე ზეწოლას ახდენდა და თანამშრომლობას აიძულებდა:

ან ითანამშრომლე ჩვენთან ან დაგიჭერთო, ეს იყო პოლიციელთა მუქარა, რომელიც ამირანმა ვერ აიტანა. პირადად მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა ან მაგენი უნდა მოვკლაო. ჩემი ძმა ისეთი იყო, იმათ ვერაფერს დაუშავებდა და ისევ მის თავს დაუშავა“
ნატო კვირიკაშვილი, გარდაცვლილის და

„ან ითანამშრომლე ჩვენთან ან დაგიჭერთო, ეს იყო პოლიციელთა მუქარა, რომელიც ამირანმა ვერ აიტანა. პირადად მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა ან მაგენი უნდა მოვკლაო. ჩემი ძმა ისეთი იყო, იმათ ვერაფერს დაუშავებდა და ისევ მის თავს დაუშავა.“

კვირიკაშვილის გარდაცვალებაზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, 4-9 ნოემბრის ჩათვლით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა საქმე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას.

EMC-ის აზრით, პრობლემურია ის, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში დაინტერესებული სამართალდამცავი ორგანო აწარმოებდა, „რაც საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების რისკებზე მიუთითებს“. მით უმეტეს, რომ ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გარდაცვლილ კვირიკაშვილთან შეხვედრასა და სავარაუდო ზეწოლაში მონაწილეობდნენ, სამსახურებრივ მოვალეობას დღემდე ასრულებენ.

"ჩემი ხარაგაულის" ფოტო
"ჩემი ხარაგაულის" ფოტო

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოითხოვს, რომ გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, კვირიკაშვილის დაკითხვაში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ, ხოლო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიციელები მხრიდან "უფლებამოსილების გადამეტების" კვალიფიკაციაც დაემატოს. EMC-ის ადამიანის უფლებების იურისტი სოფო ვერძეული ამბობს:

როგორც ამირან კვირიკაშვილის, ისე დემურ სტურუას საქმეში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა არის სახეზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძალადობის, მუქარის, შანტაჟის შემთხვევები არის ერთგვარი პრაქტიკა თუ მეთოდი, რომელსაც პოლიცია იყენებს"
სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი

„პოლიციის საქმიანობაში ნათლად იკვეთება სისტემური პრობლემები არა მარტო ამ საქმიდან გამომდინარე. ჩვენ კარგად გვახსოვს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე. ორივე საქმეში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა არის სახეზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძალადობის, მუქარის, შანტაჟის შემთხვევები არის ერთგვარი პრაქტიკა თუ მეთოდი, რომელსაც პოლიცია იყენებს. ჩვენ მოვუწოდებთ, შსს-ს, პარლამენტს და მთავრობას, რომ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადება პოლიციაში სისტემური რეფორმების აუცილებლობის თაობაზე.“

EMC-ის აზრით, როგორც ამირან კვირიკაშვილის, ისე დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემთხვევები, ნათლად აჩვენებს „საპოლიციო რეპრესიის სისტემის მუშაობას პერიფერიებში ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ, რომელთა მინიმალური საარსებო პირობების უქონლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, განათლების უფლებაზე ხელმიუწვდომლობას სამართალდამცავი სისტემა ბოროტად იყენებს“.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მკვიდრმა, 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს მოიკლა თავი. წერილში, რომელიც გარდაცვლილმა დატოვა იგი სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა. წერილის თანახმად, პოლიციელი სტურუას თანამშრომლობას აიძულებდა და მოითხოვდა მიეცა ინფორმაცია იმაზე, თუ ვის ჰქონდა დათელისი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში.

პროტესტი სამტრედიაში, 21.08.2016
პროტესტი სამტრედიაში, 21.08.2016

პოლიციელმა თევზაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 აგვისტოს დატოვა, თუმცა იგი არ დაუკავებიათ. ბრალი თევზაძეს პროკურატურამ მხოლოდ 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ რაც წერილის ავთენტურობა დადასტურდა. ამ დროს თევზაძე უკვე მიმალვაში იყო. 30 აგვისტოს, ქუთაისის სასამართლომ უკვე ყოფილ პოლიციელს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 13 სექტემბერს კი თევზაძე პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

2017 წლის ივნისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ქუთაისის სასამართლოში წააგო, მოსამართლემ გოდერძი თევზაძე სრულად გაამართლა. შესაბამისად, რატომ ან ვისი ზეწოლით მოიკლა თავი 22 წლის ახალგაზრდამ ამ დრომდე დაუდგენელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG