ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ დაიღუპა სინამდვილეში სოლომონ ქიმერიძე?


ხაშურის პოლიციის შენობა, სადაც ქიმერიძე დაიღუპა
ხაშურის პოლიციის შენობა, სადაც ქიმერიძე დაიღუპა

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური თემა, სრულიად მოულოდნელად მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის სიკვდილი გახდა. თავისი რეზონანსულობით სოფელ ქვიშხეთის მკვიდრის უცნაური გარდაცვალების ფაქტმა პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენებაც კი გადაფარა.

28 თებერვალს, 47 წლის ქიმერიძე სოფელ ქვიშხეთში საკუთარი სახლიდან პოლიციელებმა გასასაუბრელად ხაშურის პოლიციის გამჭირვალე შენობაში წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ოჯახს უკან ქიმერიძის ცხედარი მიუსვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ქიმერიძე ბინის ქურდობაში ბრალდებულის სტატუსით დაკითხეს, თუმცა დაკითხვას ადვოკატი არ დასწრებია.

ტრაგიკულ შემთხვევას მხოლოდ პოლიციელები შეესწრნენ. რაც ყველაზე უცნაურია, ქიმერიძის გადმოვარდნის ფაქტი ვერ დააფიქსირა ხაშურის პოლიციაში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა. პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერა არ მუშაობდა.

ოფიციალური ვერსია რომ ქიმერიძე პოლიციაში ბრალდებულის სტატუსით დაიკითხა კატეგორიულად უარყო სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა.

„იგი საერთოდ, როგორც დაკავებული პირი არცერთ ჟურნალში გატაებული არ არის. ჩვენს მიერ შემოწმებული იქნა ყველა სარეგისტრაციო ჟურნალი. როგორც თავად პოლიცია აცხადებს, როდესაც ქიმერიძეს მესამე სართულზე გაესაუბრნენ და ამის შემდეგ გამოყავდათ იგი, რომ ჩაეყვანათ მეორე სართულზე.

პოლიციელებისვე ჩვენებით, მისი მძიმე წონის გამო, იგი გადაძალა წონამ და გადმოვარდა პოლიციის მესამე სართულიდან. პოლიცია ასახელებს, რომ ქიმერიძე 150-160 კილოგრამი წონის ადამიანი ოყოო.

საერთაშორისო სტანდარტებით, როდესაც პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება, იმისდა მიუხედავად არის თუა რა ბრალდებული, ან რა სტატუსით არის პოლიციის შენობაში, ასეთ შემთვევებში პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას.“

საზოგადოების ნაწილმა პოლიციის ვერსია თავიდანვე არასარწმუნოდ მიიჩნია და მიუკერძოებული გამოძიების მოთხოვნით, როგორც თბილისში, ისე ხაშურში საპროტესტო აქციები გაიმართა.

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლურად პოლიციის სათამაშო მანქანაც კი დაწვეს. ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის აზრით, ქიმერიძის სიკვდილის რეალური მიზეზების დასადგენად გამოძიება საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ უნდა წარიმართოს. თუმცა, ასე არ ფიქრობს მმართველი პარტია და შინაგან საქმეთა მინისტრი.

დღეს ვანო მერაბიშვილმა ხაშურის პოლიციაში მომხდარს აღმაშფოთებელი ფაქტი კი უწოდა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

„ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, თუმცა ეს ჩემი აზრით მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი.

ამიტომ მე გადავწყვეტე, რომ შემოვიღო ახალი წესები, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცედურებს, რომელიც ეხება პოლიციის შემობაში მოსული ნებისმიერი სტუმრისა და ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილებისა და უსაფრთხოების დაცვის ნორმებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილზე დავაყენოთ ვიდეოკამერები.“

ქიმერიძის ოჯახის წევრები თავდაპირველად თავად უკავშირდებოდნენ ჟურნალისტებს და დახმარებას სთხოვდნენ. მათივე მოთხოვნით, ცხედარი დამოუკიდებელმა ექსპერტმაც დაათვალიერა. ამის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ქიმერიძის სახლთან მორიგეობა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივის წევრებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს, უცნობი ადამიანები იმაზე ზრუნავდნენ რომ პანაშვიდზე ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის ჟურნალისტებს არასასურველი შეკითხვები არ დაესვათ.

სერიოზული ინციდენტი მოხდა შაბათს. სოლომონ ქიმერიძის დაკრძალვის დღეს უცნობთა ჯგუფი ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „თრიალეთის“ ჟურნალისტებს დაესხა თავს. ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქიმერიძეს სააკაშვილის ძალადობრივი ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი უწოდა

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აშკარად პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ერთი კვირა გავიდა ამ შემთხვევიდან და არათუ დაკავებულია რომელიმე პოლიციელი ან ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსი, სამსახურიდანაც კი არაა განთავისუფლებული არცერთი ადამიანი.

სახელმწიფოს, რომელსაც ელემენტარული კანონიერების დაცვაზე აქვს პრეტენზია, ყველაზე ცოტა გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან უნდა გაეშვა.

ეს ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა და კიდევ ერთხელ მიგვანიშნა რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი.“

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ აღნიშნა, რომ ცხედარზე სხვა დაზიანებებიც აღმოაჩინა, რომელიც თავისუფალი ვარდნით გამოწვეული ვერ იქნებოდა.

როგორი იქნება ამ სკანდალური საქმის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, გაუძლებენ თუ არა სახელმწიფოს მხრიდან დაუფარავ ზეწოლას ქიმერიძის ოჯახის წევრები და რამდენად აქტიური იქნება საზოგადოება.

XS
SM
MD
LG