ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ–აფხაზური შეხვედრები მოდერატორის გარეშე


ქართულ–აფხაზური შეხვედრები მოდერატორის გარეშე

აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის შეხვედრა მოდერატორების გარეშე შედგა და ეს პირველი შემთხვევაა კონფლიქტის არსებობის მანძილზე. დიალოგი შუამავლების გარეშე სტამბულში მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში. მისი ორგანიზება ერთის მხრივ აფხაზური და მეორეს მხრივ ქართული ორგანიზაციების მეშვეობით და ინტერნეტის დახმარებით შესაძლებელად იქცა. საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შეხვედრის მონაწილეები ქართული მხრიდან გორს ეწვივნენ და ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში, რომელიც ქართულ–ოსური ურთიერთობების საკითხებზე მუშაობს, შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ქართველი ორგანიზატორები ამბობენ, რომ უჯობთ არ დაასახელონ ის ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზური მხარიდან იღებდნენ მონაწილეობას, რადგან შიშობენ, რომ ამგვარმა გახმაურებამ შესაძლოა მომავალი შეხვედრები ეჭვქვეშ დააყენოს. გორში სტუმრად მყოფი შეხვედრის მონაწილეები ერთხმად ადასტურებდნენ, რომ სტამბულში მათ საუკეთესო მეგობრები შეიძინეს აფხაზი ახალგაზრდების სახით. „ყველაზე დიდი ბარიერი, რაც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისას ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, ესაა ინფორმაციის ნაკლებობა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. არც ჩვენ ვიცით რა ხდება რეალურად „იქით“, რა პრობლემებია, რა რეალობაა და არც მათ იციან ჩვენი ცხოვრების შესახებ არაფერი. თუ მოხერხდა ამ ვაკუუმის შევსება ობიექტური ინფორმაციით, ურთიერთობების მეტ აუცილებლობას და გარდაუვალობას ყველა შეიგრძნობს“,–აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.

ლაშა ზარგინავა, ჟურნალისტი, რომელიც სტამბულის შეხვედრებს ესწრებოდა, ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რაც აფხაზებს სურთ დღეს, ეს სიმშვიდეა. „არჩევნებმა, რაც აფხაზეთში გაიმართა, პრინციპში დაადასტურა, რომ აფხაზური საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა მყარი მშვიდობაა. არჩევნებშიც სწორედ იმ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, ვინც მშვიდობის ყველაზე დიდი და სერიოზული გარანტია დაანახვა იქაურ საზოგადიებას. მათთვის დღემდე დიდი ტრაგედიაა ომი, რაც გამოიარეს, ეს თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. ამიტომაც განვითარებისთვის ერთადერთ საშუალებად სიმშვიდის შენარჩუნებას მიიჩნევენ,“– ამბობს ლაშა ზარგინავა.

„კავკასიური სახლი– საქართველო“ ქართულ–აფხაზური შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორია. მისი ხელმძღვანელი ლალი დევიძე ამბობს, რომ „სამხრეთ კავკასიის საზაფხულო სკოლის“ იდეა თებერვალაში დაიბადა ქართველ, აფხაზ და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების შეხვედრაზე.

გიორგი ჯიქია და დიტო ხუნდაძეც სტამბულში შეხვდნენ აფხაზ ახალგაზრდებს. „აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ შეიძლება გვქონდეს საერთო, თუნდაც ინტერესის სფეროები. ასე ურთიერთობა გაცილებით ადვილია. როდესაც მე რაღაც მჭირდება, მაგალითად ინტერნეტ ტექნოლოგიების საკითხზე, მათ ვწერ და ისინიც გვპასუხობენ. ჩვენთვის ძალიან საიმედო მეგობრები არიან,“– ამბობენ ისინი.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც სტამბულის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, განათლების ხელმისაწვდომობაა. აფხაზ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ საშუალება ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის. ლალი დოლიძეს მიჩნია, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რესურსია მოსაძიებელი.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ აფხაზ მეგობრებთან, რომლების სტამბულში გაიცნეს ურთიერთობას აქტიურად აგრძელებენ.

XS
SM
MD
LG