ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების გამოსახლების პროცესი გრძელდება


დევნილების გამოსახლების პროცესი გრძელდება

ომიდან სამი წლის შემდეგ დევნილების გამოსახლების პროცესი გრძელდება. სახელმწიფო სტარაგიის თანახმად, რომელიც დევნილებთან მიმართებითაა შემუშავებული, გამოსახლებამდე მათ უნდა ეცნობოთ წერილობით საცხოვრებლის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ, ასევე სახელმწიფომ ისინი უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით.

გალია იესინა ცხინვალიდან დევნილია. იგი გუშინ სასტუმრო „აფხაზეთიდან“ იძულებით გამოასახლეს. „ოცდასამი წლის ვიყავი როდესაც ცხინვალიდან წამოვედით. ახლა 44 წლის ვარ, წუხელის ღამით ვიღაცის ავტოფარეხში გვეძინა მთელს ოჯახს. დღეს ღამით სად დავიძინებთ არ ვიცი,“– ამბობს იგი. გალინა ოჯახთან ერთად ამ დროისთვისაც სასტუმრო „აფხაზეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა, ღია ცის ქვეშ. „მე ეროვნებით ოსი ვარ, მეუღლე რუსია. არც აქ ვჭირდებით ოსები და რუსები და არც ცხინვალში. ახლა პირსახოცი მაქვს შემოხვეული, ვზივარ და ხელში გაზეთი „სიტყვა და საქმე“ მიკავია, იქნებ წავაწყდე განცხადებას 10 ათასად ბინის გაყიდვის შესახებ“,– ამბობს გალინა იესინა.

დევნილებს ხელისუფლებამ 10 ათასი დოლარის ექვივალენტი თანხა შესთავაზა გამოსახლების სანაცვლოდ. არის მეორე ვარიანტიც: საცხოვრებლად გადასვლა თბილისიდან მოშორებით, თუმცა იძულებით გადაადგილებული ადამიანების ნაწილი ამ წინადადების მიღებას არ ჩქაროს. მზია კორსანტია დევნილია გალიდან. იგი ინფექციური საავადმყოფოდან გამოასახლეს. „ამ დრომდე ხან ერთი ნათესავის ოჯახს ვაფარებ თავს და ხან მეორეს. დღეს აქციაზე როდესაც ვიყავი, იქ გავიგე, რომ ვიღაც ქალი, რომლის ვინაობაც ვერ დავადგინეთ ამბობდა, 10 ათასს რომ მოგცემენ, ხუთი უკან უნდა მისცე და ასეთ შემთხვევაში თბილისში დაგტოვენო. მე დევნილთა მოძრაობის წევრი ვარ, ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ ვინაა ეს ქალბატონი,“– ამბობს მზია კორსანტია.

კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დევნილთა გამოსახლებისას ხელისუფლება არღვევს მის მიერვე გაწერილ სტრატეგიას, სადაც მითითებულია, რომ გამოსახლებას არ დაექვემდებარება დევნილთა ის კატეგორია, რომელსაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვს მითითებული. გარდა ამისა, ჯერ არ ჩარიცხულა თანხა მათთვის, ვინც თანხმობა განაცხადა 10 ათასის მიღებაზე. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ თანხის ჩარიცხვას გამოსახლებიდან ხუთი დღის შემდეგ უნდა ელოდნენ დევნილები. ლოდინის ხუთი დღის ქირის ანაზღაურების შესახებ კი არსად არაა მითითებული.

„მართალი გითხრათ არ ვიცით, ამ დროისთვის თანხები ჩაურიცხეს თუ არა დევნილებს, თუმცა თუ ამ მხრივ იქნება გაუგებრობა და არ ჩაერიცხებათ, ეს დიდი პრობლემა იქნება,“– ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ ხელმძღვანელი.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია „„საერთაშორისო ამნისტიამ“
“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დევნილების გამოსახლების პროცესის ნაკლოვანებებზე მიუთითა საქართველოს მთავრობას გასული წლის აგვისტოში და მოუწოდა აღარ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა. ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის შეთავაზებულ საცხოვრებელ ადგილებში არ არსებობს დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც დევნილთა საფუძვლიანი პროტესტისა და უკმაყოფილების საგანს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG