ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილობა არაოფიციალურად


დევნილობა არაოფიციალურად

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს.

ადამიანები, რომელთა შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დევნილებად იქცნენ. ამ დრომდე მათთვის შეუძლებელია საკუთარ სახლებში დაბრუნება და გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ. თუმცა ისინი სხვა დევნილებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან დევნილები არაოფიციალურად არიან. საქართველოს ხელისუფლება მათ დევნილებს არ უწოდებს და ამავდროულად უფლებას აძლევს, ისარგებლონ დროებითი თავშესაფრით საბავშვო ბაღებში.

დავით თაზიაშვილს ხუთი შვილი და მეუღლე ჰყავს. სამი წლის მანძილზე ისინი გორის მეთორმეტე საბავშვო ბაღში ცხოვრობენ. ომის შემდეგ თბილისში იმყოფებოდნენ, 2008 წლის ოქტომბერში კი ისინი უშიშროების სამსახურმა ღამით აიძულა თბილისიდან წამოსულიყვნენ და ზარდიაანთკარში დაბრუნებულიყვნენ. სადაც მთელი ოჯახი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.:

„დევნილის სტატუსს არ გვაძლევენ, რადგან სოფელი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით გორის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ჩვენ ზარდიაანთკარიდან ვართ, მაგრამ იქ შესვლას ვერ ვახერხებთ. ქართული პოლიცია დგას სოფლიდან ერთ კილომეტრში და ვისაც შესვლა უნდა, აფრთხილებს, დაგიჭერთ ან ჯარიმას დაგაკისრებთ თუ შეხვალთო. ორი წელია არანაირი დახმარება საკვებით ან სხვა მხრივ არ მიგვიღია, ვერც სამსახურს ვშოულობ. წელს სამი ბავშვის სკოლიდან გამოყვანას ვაპირებ, რადგან არ ვიცი რა ჩავაცვა ან წიგნები რით ვუყიდო,“– გვეუბნება დავით თაზიაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაც არა მხოლოდ ზარდიაანთკარიდან დევნილების მიმართ, არამედ, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირისთვისაც მოუგვარებელი აღმოჩნდა, სურსათის ვაუჩერის მიუღებლობას ეხება. ასეთი, 30 ლარის ექვივალეტის ვაუჩერი საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის გამოიყო ბიუჯეტიდან. ამ დრომდე მისი აღება ბევრმა დევნილმა ოჯახმა ვერ შეძლო.

ზვიად თაზიაშვილის მოხუცი მშობლები სოფელ ატენის საბავშვო ბაღში ცხოვრობენ. ისინიც ზარდიაანთკარიდან დევნილები არიან. ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ასე არა მხოლოდ ზარდიაანთკარის მცხოვრებლები არიან. არამედ კოშკის და გუგუტიანთკარის, ანალოგიურ მდგომარეობაშია ზოგიერთი ოჯახიც ერგნეთიდან და ხურვალეთიდან. მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელსაც დევნილის სტატუსის მინიჭება მოსთხოვეს. თუმცა მიღებულ პასუხში წერია, რომ ისინი დევნილის სტატუსს ვერ მიიღებენ, რადგან მათი საცხოვრებელი ოფიციალურად, არაოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რითაც მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პასუხი გაასაჩივრეს ზარდიაანთკარელების მიმართ.

ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და სამინისტორს დაავალა მიანიჭოს სტატუსი ფაქტობრივ დევნილებს:

„არ ვიცით, გაასაჩივრებს თუ არა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას. თუ გასაჩივრების ვადა ამოიწურება, ზარდიაანთკარელები დევნილის სტატუსს მიიღებენ,“– ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს და სწორედ ამ დროისთვის გაირკვევა, გახდებიან თუ არა ფაქტობრივი დევნილები დევნილები ოფიციალურად.

XS
SM
MD
LG