ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშრალი ინტერვალური შიმშილის გავლენა იმუნურ უჯრედებზე


აისიდან დაისამდე სულ ერთთვიანი მშრალი შიმშილიც კი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ უჯრედებზე - აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა დაკვირვებით, დღე-ღამის განმავლობაში ამ ტიპის სულ ცოტა, 14-საათიან მშრალ ინტერვალურ შიმშილს, რაც გულისხმობს აღნიშნულ შუალედში ნებისმერი სახის სითხის და საკვების მიღების შეწყვეტას, შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში სასიკეთო როლი ითამაშოს. 1953 წელს ტეხასის შტატში დაფუძნებული სკოლა ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღეს 600-ზე მეტი ფაკულტეტის წევრი მუშაობს.

ახალ კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში Metabolism Open სულ რამდენიმე დღის წინ, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მონაწილეთა იმუნური უჯრედების ცილებში, გათენებიდან დაღამებამდე ინტერვალურმა შიმშილმა გაზარდა ანთების საწინააღმდეგო, ანტიონკოგენური და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი. საუბარია პერიფერიული სისხლის მონობირთვულ (მონონუკლეარულ) უჯრედებზე, რომელთა ლათინური აბრევიატურაა PBMC.

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინტერვალური შიმშილის გავლენის შესწავლა იმუნური უჯრედის დონეზე მოხდა. მსგავსი კვლევა, რომელშიც ანალოგიური შედეგი მიიღეს, აქამდე მხოლოდ სისხლის შრატზე იყო ჩატარებული.

ახალი კვლევის შედეგები „მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შევძელით აისიდან დაისამდე მშრალი შიმშილის სასურველი ეფექტის უჯრედულ დონეზე დადასტურება... ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ტიპის დაკვირვება იმუნური უჯრედების პროტეომებზე განხორციელდა მეტაბოლური სინდრომის მქონე სუბიექტებში“ - აღნიშნავენ კვლევის წამყვანი ავტორები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აის ლეილა მინდიკოღლუ და ექიმი მაიკლ დებაკლი, ბეილორის კოლეჯის ქირურგიის დეპარტამენტის ტრნსპლანტაციის განყოფილებიდან. ამას გარდა, აისიდან დაისამდე ინტერვალური შიმშილის შედეგად, კვლევაში მონაწილე პაციენტებმა „წონაში დაიკლეს, გაუმჯობესდა მათი სისხლის წნევა და ინსულინის მიმართ რეზისტენტობა“.

ადამიანების საშუალო ასაკი, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, 59 წელია. 14 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში იყვნენ მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები ჰქონდათ, მათ შორის: ჭარბი წონა, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და სხვა. ეს ფაქტორები ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს განვითარების რისკის ქვეშ აყენებს.

დაკვირვების ჯგუფს ანალიზები კვლევის დაწყების და მისი დასრულების შემდეგ აუღეს. მათ რამადანის მარხვის მსგავსად, 29 დღის განმავლობაში, გათენებიდან დაღამებამდე, მინიმუმ 14 საათის მანძილზე, არანაირი სითხე ან საკვები არ უნდა მიეღოთ. ამის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებს აღარაფერი ეზღუდებოდათ - შეეძლოთ სურვილისამებრ ეკვებათ, ესვათ, გაეტარებინათ დრო და მათ არც ვარჯიშს, ან რაიმე სხვა სახის აქტივობას ავალდებულებდნენ. ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა მათი ახალი ნაშრომისთვის ადრეული კვლევის შედეგები გამოიყენეს, რომელიც 2 წლის წინ გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“.

ექსპერიმენტის დასასრულს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური უჯრედის ის ცილები, რომლებიც ასოცირდება ათეროსკლეროზთან, გულის დაავადებებთან და კიბოს განვითარებასთან, შემცირებული იყო. პარალელურად კი გაიზარდა იმ ცილების რაოდენობა, რომლებიც კიბოს და ანთებითი პროცესების შეზღუდვას იწვევს.

კვლევის ლიმიტებს შორის ექსპერიმენტში მონაწილეთა მცირე რიცხვი და დაკვირვების მოკლე ინტერვალი სახელდება. ამასთან, აღნიშნული კვლევა არ არის რანდომიზებული და კონტროლირებადი. ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი ამ ლიმიტების დაძლევას მომდევნო კვლევაში შეძლებენ და აისიდან დაისამდე მოშიმშილეთა ჯგუფში მიღწეულ შედეგებს შეადარებენ მეტაბოლური სინდრომის მქონე მეორე ჯგუფს, რომელიც ნორმალურად იკვებება.

პროფესორ მინდიკოღლუს და ქირურგ დებაკლთან ერთად, ნაშრომის ავტორებს შორის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის კიდევ 7 თანამშრომელი სახელდება. კვლევის დაფინანსება რამდენიმე გრანტს და ჯილდოს ეფუძნება, რომელთა შორისაა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის გრანტი და როდერიკ მაკდონალდის სახელობის ჯილდო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG