ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარჯიშის ზემოქმედება შფოთვით აშლილობაზე - უახლესი კვლევა რუბრიკაში "გალილეო"


გოტენბურგის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით კიდევ ერთხელ დასტურდება რეგულარული ვარჯიშის დადებითი გავლენა შფოთვით აშლილობაზე. შვედი მეცნიერების უახლესი ნაშრომის მიხედვით, რომლის ონლაინ ვერსია 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, როგორც საშუალო დატვირთვის, ისე ძლიერი ვარჯიში, ორივე ამსუბუქებს შფოთვის სიმპტომებს. ამასთან, დადებითი შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აშლილობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

მეცნიერების დასკვნით, ექსპერიმენტში მონაწილეთა ფიზიკური დატვირთვის ზრდასთან ერთად, შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გაუმჯობესების ხარისხიც იზრდებოდა. „რაც უფრო ინტენსიურად ვარჯიშობდნენ ისინი, მით უფრო იცვლებოდა უკეთესობისკენ მათი შფოთვის სიმპტომები“, ამბობს მალინ ჰენრიკსონი, ზოგადი მედიცინის სპეციალისტი და კვლევის უფროსი ავტორი.

რეგულარული ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენა დეპრესიაზე და შფოთვით აშლილობაზე აქამდეც ცნობილი იყო. თუმცა, გარკვევით არ ჩანდა ამ პროცესის მექანიზმი. ახალ კვლევაში აქტივობები მუდმივად იზომებოდა ბორგის შკალის გამოყენებით და პაციენტების გულისცემის სისტემატური მონიტორინგი ხორციელდებოდა.

საშუალო და ძლიერი დატვირთვის ორივე ჯგუფში, პაციენტებს კვირაში სამჯერ, თითო-თითო საათით ავარჯიშებდნენ. ექსპერიმენტში მონაწილეებზე დაკვირვება 3 თვის მანძილზე გრძელდებოდა. თითოეული სესიის განმავლობაში ვარჯიში მოიცავდა როგორც კარდიო დატვირთვას, ისე ძალოვან ვარჯიშებს. სესია იწყებოდა გახურებით, შემდეგ 45 წუთის მანძილზე გრძელდებოდა სხვადასხვა ტიპის 12-მდე ტრენაჟორზე, ბოლოს კი სრულდებოდა გაგრილებით და გაწელვებით.

ექსპერიმენტში შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე 286 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ნახევარს აშლილობა სულ ცოტა, ბოლო 10 წლის მანძილზე აღენიშნებოდა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 39 წელი იყო და უმეტესობა, 70% - ქალი.

სიმპტომებში გაუმჯობესება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, განსაკუთრებით გამოკვეთილად ფიქსირდებოდა მათში, ვისაც ქრონიკული აშლილობის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. 12-კვირიანი ექსპერიმენტის დასასრულს, მონაწილეთა უმეტეს ნაწილში, საშუალო და მაღალი დონის შფოთვითი აშლილობა დაბალ დონეზე ჩამოვიდა.

მათ შორის, ვინც საშუალო დატვირთვით ვარჯიშობდა, 3.62 კოეფიციენტით გაუმჯობესება აღინიშნა. მაღალი ინტენსივობით მოვარჯიშეთა შორის კი იგივე მაჩვენებელმა 4.88 შეადგინა.

მონაწილეებმა არაფერი იცოდნენ იმაზე, თუ რომელი ჯგუფი რა დატვირთვით ვარჯიშობდა, რა მონაცემებს აკვირდებოდნენ მეცნიერები და როგორ იზომებოდა მიღებული შედეგები. ისინი რეგულარულად მხოლოდ საკუთარ თანაჯგუფელებს ხვდებოდნენ.

ნაშრომის ავტორების აზრით, აუცილებელია, რომ შფოთვითი აშლილობის მკურნალობის მეთოდები გაფართოვდეს. ისინი თვლიან, რომ მკურნალობა აუცილებლად უნდა მოიცავდეს 12-კვირიან ფიზიკურ წვრთნას, ვინაიდან „ინტენსივობის მიუხედავად, ვარჯიში ეფექტური მკურნალობის გზაა, რომელიც უფრო ხშირად უნდა იყოს ხელმისაწვდომი“ - ამბობს მარია აბერგი, კვლევის თანაავტორი.

დღეს შფოთვითი აშლილობის სტანდარტული მკურნალობა ძირითადად მოიცავს კოგნიტურ ქცევით თერაპიას და ფსიქოტროპულ საშუალებებს. კოგნიტური ქცევითი თერაპიისთვის სერიოზული გამოწვევაა დროის ხანგრძლივობის ფაქტორი. მედიკამენტებს რაც შეეხება, მათ, როგორც წესი, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები აქვს. ამას გარდა, ზოგჯერ ეს პრეპარატები არაეფექტურია და პაციენტებს შვებას არ გვრის.

შვედი მეცნიერების ნაშრომის ონლაინ ვერსიის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის Journal of Affective Disorders საშუალებით. მისი ბეჭდური ვარიანტი 2022 წლის 15 იანვარს გამოიცემა.

ძალიან მოკლედ: რა არის შფოთვითი აშლილობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

შფოთვა ორგანიზმის ბიოლოგიური რეაქციაა, რომლითაც ის გვატყობინებს, რომ რაღაც ხდება, რაღაც კარგად არ არის. თუ შფოთვის ხარისხი მატულობს და მეორდება, ან ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას აფერხებს, ეს შეიძლება შფოთვითი აშლილობა იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის ყოველ მე-13 ზრდასრულ ადამიანს აქვს. ახალგაზრდებში და ბავშებში - 8 პროცენტს. შფოთვითი აშლილობა სხვადასხვა სახისაა და მასში ერთიანდება: პანიკური შფოთვა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვა, გენერალიზებული შფოთვა, სპეციფიკური ფობიები და სხვა.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი შფოთვით აშლილობებზე, რომელსაც ამერიკის შფოთვითი აშლილობის და დეპრესიის ასოციაცია აქვეყნებს:

  • შფოთვითი აშლილობის მქონეებს 6-ჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ მოხდეს მათი ჰოსპიტალიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით.
  • თითქმის ნახევარს უსვამენ დეპრესიის დიაგნოზსაც. ამას გარდა, შფოთვით აშლილობასთან ზოგჯერ აკავშირებენ სხვა ფიზიკურ თუ ფსიქიკურ დაავადებას.
  • გამომწვევი რისკფაქტორები კომპლექსურია და მოიცავს გენეტიკას, თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს, პიროვნულ თვისებებს, ცხოვრებისეულ მოვლენებს და სხვა.
  • შფოთვითი აშლილობები ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა შეერთებულ შტატებში, რომელიც 40 მილიონ ზრდასრულ ამერიკელს აწუხებს, მოსახლეობის 18.1%-ს.
  • აშლილობის მქონეთაგან მხოლოდ 36.9% მიმართავს რეგულარულ მკურნალობას.

სიმპტომების არასრული ნუსხა: ტკივილი თავის, კუნთების, ან გულ-მკერდის არეში; სხეულის დაძაბულობა/დაჭიმულობა; აჩქარებული გულისცემა; სუნთქვის შეკვრა/ჰაერის უკმარისობა/ხრჩობის შეგრძნება; ოფლიანობა; სიცხის ან სიცივის მძაფრი შეგრძნება; კანკალი/ცახცახი; ძილის დარღვევა; ხმაური ყურებში; კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები; გულისრევა; კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ა.შ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG