ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტრონომებმა შემთხვევით ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს სამეზობლოშია - რუბრიკა “გალილეო”


გალაქტიკა ბედინ-1. ფოტო: NASA, ESA, L. Bedin

კოსმოსური ტელესკოპის “ჰაბლის” მეშვეობით, მეცნიერებმა ახალი ჯუჯა გალაქტიკა ბედინ-1 აღმოაჩინეს. ის კოსმოსური მასშტაბებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ირმის ნახტომის გალაქტიკის ახლო სამეზობლოში მდებარეობს. კვლევა ახალი გალაქტიკის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალში 31 იანვარს გამოქვეყნდა.

ის რომ ასტრონომები ამ შედარებით ახლოს მდებარე გალაქტიკას აქამდე ვერ ხედავდნენ, ძალიან მარტივი მიზეზით აიხსნება. კაცობრიობა ჯერჯერობით კოსმოსს უმეტესად ერთი წერტილიდან, დედამიწიდან ხედავს, აღიქვამს და შეისწავლის. როცა ობიექტს მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ, ბუნებრივია, რომ ის სხვა, უფრო მცირე ზომის ობიექტებს შეიძლება ეფარებოდეს და ჩვენ მათ ვერ ვხედავდეთ.

სწორედ ამიტომ ვერ დაინახეს აქამდე ბედინ-1. კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი”, რომლის საშუალებითაც ახალი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინეს, მხოლოდ და მხოლოდ დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს და კოსმოსს 29 წელია სწავლობს.

ასტრონომები ამჯერად ვარსკვლავთა სფეროსებრ ჯგუფს NGC 6752 აკვირდებოდნენ. ვარსკვლავების ეს კონცენტრაცია, მეცნიერების აზრით, 10 მილიარდი წლისაა და ცაზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა გროვას წარმოადგენს. NGC 6752 დაახლოებით 13 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასტრონომებმა სურათების გადაღების დროს, შემთხვევით, მის უკან იპოვეს ახალი გალაქტიკა, რომელსაც მოგვიანებით ბედინ-1 დაარქვეს.

ჯუჯა გალაქტიკის კლასიფიკაციაში ბედინ-1 იმიტომ მოხვდა, რომ მისი სფეროს დიამეტრი დაახლოებით 3 000 სინათლის წლით განისაზღვრება. ეს ჩვენი, ირმის ნახტომის გალაქტიკის დიამეტრის დაახლოებით 1/30-ია.

ამასთან, ბედინ-1 არამარტო ზომითაა პატარა გალაქტიკა, არამედ ძალიან მკრთალი გამოსხივებაც აქვს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის არ ჩანდა NGC 6752-ის განსაკუთრებით კაშკაშა გამოსხივების უკან. რაკი ბეინ-1-ს ირმის ნახტომის გალაქტიკას ვადარებთ, უნდა ითქვას, რომ ის განათების მხრივ, დაახლოებით 1 000-ჯერ უფრო ფერმრკთალია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკა.

ჯუჯა გალაქტიკის კლასიფიკაციას ასევე განაპირობებს ვარსკვლავების და ვარსკვლავური მტვრის სიმცირე. გალაქტიკების ადგილობრივ ჯგუფში 36 ასეთი გალაქტიკა შედის. მათგან 22 ირმის ნახტომის გალაქტიკის სატელიტია.

ბედინ-1 მხოლოდ დედამიწის ბინადრებისთვისაა სიახლე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი გალაქტიკა თითქმის სამყაროს ასაკისაა, დაახლოებით 13 მილიარდი წლის. სამყარო, ასტრონომების აზრით, 13.8 მილიარდ წელს ითვლის. შედარებისთვის, ჩვენი პლანეტა, დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლისაა.

ასაკის გამო, მეცნიერებისთვის ეს გალაქტიკა ძალიან საინტერესო აღმოჩენაა. ყველაფერთან ერთად, ბედინ-1 სხვა გალაქტიკებისგან საკმაოდ იზოლირებულია და მათთან შეხება არ აქვს. უახლოესი გალაქტიკა NGC 6744 მისგან სულ ცოტა, 2 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მეცნიერების აზრით, ეს პირველი ჯუჯა გალაქტიკაა, რომელიც სხვებთან მსგავს იზოლაციაშია.

ვარაუდობენ, რომ ბედინ-1-ის ჩამოყალიბებაზე სხვა გალაქტიკების მიზიდულობის ძალას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ასტრონომებისთვის ეს ფაქტორი დაახლოებით იგივე მნიშვნელობისაა, რაც ანთროპოლოგებისთვის და არქეოლოგებისთვის იქნებოდა დედამიწაზე მცხოვრები ერთ-ერთი პირველი ადამიანის აღმოჩენა (თანაც ცოცხლად).

კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი” ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს (ნასა) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ესა) ერთობლივი პროექტია. აღნიშნული აღმოჩენის უკან დგას ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, გერმანიის, კანადის და დიდი ბრიტანეთის 15 მეცნიერი. ნაშრომის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG