ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატების მაჩვენებელი ADHD-ის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონეთა შორის


კანადელ მეცნიერთა ახალი, 15-წლიანი დაკვირვების მიხედვით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები ადამიანებს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება. მათი დასკვნა ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის ამ დარღვევასთან დაკავშირებულ, ფართოდ გავრცელებულ აღქმასთან, თითქოს სიმპტომები, უმეტესად, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან ერთად, კანადელ მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ზრდასრულ ასაკში ADHD-ის სიმპტომებს გარკვეულ წარუმატებლობასაც უკავშირებენ, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე პირად ცხოვრებაში.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი გავრცელებული ფსიქიატრიული აშლილობაა, რომელიც ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობის და მისი თანმხლები უამრავი არასასურველი შედეგის მიუხედავად, ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა რჩება. ADHD-ის მთავარი დამახასიათებელი სიმპტომებია: უყურადღებობა - რაც, მაგალითად, სკოლის მოსწავლეს ხელს უშლის დავალებების შესრულებაში და თანატოლებთან ურთიერთობაში, ასევე ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა, რაც გამოიხატება მაგალითად, მოუსვენრობაში, მოცდის ნებისყოფის არქონაში.

ADHD-ის პრევალენტობა მცირეწლოვან ასაკში გლობალურად 3%-ს უტოლდება. მართალია, ჰიპერაქტივობის და იმპულსურობის სიმპტომები ასაკთან ერთად იკლებს, მაგრამ ბოლო სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებში უყურადღებობის სიმპტომი სხვებთან შედარებით, წლებთან ერთად, სტაბილურად ნარჩუნდება.

ახალი ნაშრომის მიხედვით, კანადელმა მეცნიერებმა 320 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათზე დაკვირვება კოლეჯში პირველი კურსიდან დაიწყო და მომდევნო 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა. სტუდენტებმა სპეციალურად მათთვის შედგენილი მოცულობითი კითხვარი, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებისთანავე, პირველივე კვირებში შეავსეს. კითხვარი მოიცავდა კონერსის ცნობილ ტესტსაც (CAARS), რომელიც ფართოდ გამოიყენება ADHD-ის დიაგნოსტიკაში, მისი სიმძიმის ხარისხის დასადგენად.

15 წლის შემდეგ, მონაწილეებმა კვლავ შეავსეს კითხვარი, რომელშიც დამატებული იყო კითხვები, მათი პირადი ცხოვრებით და კარიერული წინსვლით კმაყოფილების შესახებ. მეცნიერებს აინტერესებდათ არამარტო ის, აღენიშნებოდათ თუ არა მათ ADHD-ის იგივე სიმპტომები და რა ხარისხით, არამედ ისიც, თუ რამდენად უშლიდა ხელს ან ეხმარებოდა მათ ეს სიმპტომები წარმატების მიღწევაში.

ახალი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ის, რომ სიმპტომები დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანთა ჯგუფში 15 წლის შემდეგაც შენარჩუნდა. ამასთან, სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, დაკვირვების ჯგუფში სტაბილურად შენარჩუნებულია არამარტო უყურადღებობის სიმპტომი, რაც ერთგვარად მოსალოდნელი იყო, არამედ - ჰიპერაქტივობის და იმპულსურობის სიმპტომებიც.

კვლევაში სიმპტომების კორელაცია წარუმატებლობასთან და ცხოვრებით უკმაყოფილებასთან მიუთითებს იმაზე, რომ ADHD-ის სიმპტომები, უფრო მეტად კი უყურადღებობის ქონა, ადამიანებს წარმატების მიღწევაში ცხოვრების შედარებით გვიან ეტაპზეც უშლის ხელს. კანადელი მეცნიერების დასკვნით, ეს კიდევ უფრო მეტად ეხება კაცებს.

პროფესიაში წინსვლას რაც შეეხება, საკუთარი კარიერით კმაყოფილება ნაკლებია იმ ადამიანებში, ვისაც უყურადღებობის სიმპტომის მაღალი მაჩვენებლები აქვს. მეცნიერების ვარაუდით, ეს უკავშირდება იმ გამოწვევებს, რაც სამუშაო ადგილზე ამოცანების ეფექტიანად შესრულების სირთულეებს ახლავს თან. დაკვირვების ჯგუფის წევრებს უჭირდათ დროის სწორად მართვა და პროდუქტიულობის შენარჩუნება, ეს კი კარიერული წინსვლისა და დასაქმებულთა კმაყოფილებისთვის აუცილებელ, კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორებად ითვლება.

კვლევის მონაწილეთა უმეტესი ნაწილი საკუთარი პირადი ცხოვრებითაც უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ კონცენტრაციის ნაკლებობისა და ყოფითი პასუხისმგებლობების ბოლომდე მიყვანის უუნარობის გამო, მათ უჭირთ გრძელვადიან ურთიერთობათა შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა და ამოცანათა მართვის პრობლემები გავლენას არამარტო მათ კარიერაზე, არამედ ADHD-ის მქონეთა პირად ცხოვრებაზეც ახდენს.

კვლევის ლიმიტებს შორის სახელდება დროის მოკლე ინტერვალი და უფრო გრძელვადიანი დაკვირვების ჩატარების აუცილებლობა. ავტორები ასევე საუბრობენ ზეგავლენის სხვა შესაძლო ფაქტორებთან შედარებითი ანალიზის საჭიროებაზე და რამდენიმე სხვა შეზღუდვაზე.

ნაშრომის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია გამოცემა „სეიჯის“ სამეცნიერო ჟურნალის Journal Of Attention Disorders მარტის გამოშვებაში. მისი ავტორები არიან ტრენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები: კოლინ ჰენინგი, ლორა სამერფილდი და ჯეიმს პარკერი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG