ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის სამიტის შედეგები


„განსაკუთრებულად კოლაბორაციული და პროდუქტიული შეხვედრა“ - ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტი, რომელშიც პრეზიდენტის რანგში პირველად მონაწილეობდა. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ სამიტი რამდენიმე მიმართულებით პროგრესულად განვითარდა - კორონავირუსთან ბრძოლოს გლობალური ძალისხმევის, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის და ჩინეთის გამოწვევების კუთხით.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა 13 ივნისს ხელი მოაწერეს „კარიბის დეკლარაციას“, რომელშიც საუბარია პანდემიის დასრულების შემდეგ, პოსტპანდემიური მომავლისთვის მომზადებასა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით, 12 ტრილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერაზე.

აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ლიდერების დისკუსიას ჯანდაცვის გლობალურ საკითხებზე, ასევე შეუერთდნენ ლიდერები სამხრეთ კორეიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან. დისკუსიაში ონლაინ იყო ჩართული ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი. ჯანდაცვის საკითხზე მსჯელობისას, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

კონფერენციამ დიდი შვიდეულის ლიდერებს, მათი ქვეყნების ხალხს აჩვენა, რომ „ამერიკა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, უახლოეს მეგობრებს შორის, ამერიკის სანდოობის აღდგენაში“ - ამბობს პრეზიდნეტი.

ვაქცინის 1 მილიარდი დოზა

დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთელი მსოფლიოსთვის კოვიდ-19-ის ვაქცინის 1 მილიარდ დოზას გაიღებენ, - ამ რაოდენობიდან ნახევარს აშშ გასცემს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტის შესავსებად 11 მილიარდი დოზაა საჭირო.

დიდი შვიდეულის სამიტამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, $3.5 მილიარდის ღირებულების, 500 მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას შეიძენს.

„ჩვენი მხრიდან ვაქცინების გაცემა არ გულისხმობს მიმღებთაგან რაიმე სარგებლის, ან დათმობის ნახვას. ჩვენ ამას სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებთ, პანდემიის დასრულების მიზნით“ - განმარტა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ამის შემდეგ, ბორის ჯონსონმა, დიდი შვიდეულის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები, დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ვაქცინებს შეიძენს.

დიდი შვიდეული და ჩინეთი

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასულ კვირაში გამართული სამიტისგან განსხვავებით, დიდი შვიდეულის წინა შეხვედრაზე, ჩინეთის შესახებ საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთის ქმედებებზე, უიღურების წინააღმდეგ სასტიკი მოქცევისა და ჰონგ-კონგის დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობაზე.

კომუნიკე მოუწოდებს პეკინს, „პატვის სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.“

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩინეთმა უფრო პასუხისმგებლიანი მოქმედება უნდა დაიწყოს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

საპასუხოდ ჩინეთი აცხადებს, რომ დრო, როცა გლობალური გადაწყვეტილებები „მცირე ჯგუფების“ მიერ იყო ნაკარნახევი, წავიდა.

ბაიდენი და პუტინი

პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ ბაიდენს კითხვები დაუსვეს მიმდინარე კვირაში, ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. რეპორტიორებმა აღნიშნეს, რომ სანქციებმა ვლადიმირ პუტინის ქცევა ვერ შეცვალა.

ბაიდენის თქმით, ის ეთანხმება პუტინის შეფასებას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა.

პრეზიდენტ ბაიდენის ნათვქამის მიხედვით, ერთ-ერთი სფერო, რაშიც რუსეთთან შეთანხმება შესაძლებელი შეიძლება იყოს, კიბერდამნაშავეების უერთიერთექსტრადირებაა. რასაც პუტინი მხარს უჭერს.

პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაამთავრებს. ისინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ იმაზე, გაიმართება თუ არა ერთობლივი პრესკონფერენცია.

პრეზიდენტის ევროპული ტურნეს დაწყებამდე, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესახებ, ეროვნული უშიშროების საკითხებში, თეთრი სახლის მრჩეველმა ისაუბრა.

„ეს ყველაზე ეფექტური გზაა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული განსხვავებების გასაგებად და სამართავად. ეს არ არის ჯილდო პუტინისთვის,“- განაცხადა ჯეკ სალივანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG