ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამ სანქციების სრულად აღსრულება, არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას" - სახელმწიფო დეპარტამენტი


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას.

ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში და თანამშრომლობს თუ არა თბილისი ვაშინგტონთან იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლოს - ეს არის კითხვები, რომლებიც „ამერიკის ხმამ“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაუსვა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ - აცხადებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია.

„შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომი დასრულდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს. ამ ომის დასრულება შედის არა მხოლოს შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ მთელი მსოფლიოს, მათ შორის და განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლზე გასულ კვირაში, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ობრაიენს ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა. პასუხად ობრაინემა თქვა, „ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებითი პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში. ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. ჩვენ გვყავს გუნდები, რომლებიც მიდიან თურქეთში და სხვა ადგილებში“.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ გზად, შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან აქტიურ ჩართულობას ხედავს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შედეგები უკვე სახეზეა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები და თქვა - ჩვენ არ დავუშვებთ ამ [პროდუქციის] რეექსპორტს. ყაზახეთმა პროცედურების სრულიად ახალი ნაკრები შემოიღო. არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზადაა იმოქმედოს, როდესაც ის კონკრეტული ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდება და რიგი სხვა ქვეყნები იწყებს პროცესების დანერგვას“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

საუბარია იმ ელექტრონიკის ექსპორტსა და რეექსპორტზე, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს და რომელთა გამოყენება რუსეთს სამხედრო მიზნებისთვის შეუძლია. ამის შესახებ ობრაიენმა ECFR-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დეტალურად ისაუბრა.

ობრაიენის განცხადებების შესახებ, სტატია მოამზადა ამერიკულმა გამოცემამ „პოლიტიკომ“. 8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა წერს, - „სანქციების გვერდის ავლა რჩება "არსებით პრობლემად", თქვა ობრაიენმა და დასძინა, რომ აშშ-მა გამოავლინა პრობლემები განსაკუთრებით ხუთ ქვეყანასთან მიმართებაში: თურქეთთან, ყაზახეთთან, საქართველოსთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სომხეთთან.“

გამოცემის სტატიას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. უწყება აცხადებს, რომ გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადების ინტერპრეტირება მოახდინა.

„დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია", - ვკითხულობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG