ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

RSF: “ხელისუფლების ჩარევა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს ძირს უთხრის”


2023 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსით" საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 77 ადგილს იკავებს, ჩრდილოეთ კვიპროსსა და გვინეა ბისაუს შორის
2023 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსით" საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 77 ადგილს იკავებს, ჩრდილოეთ კვიპროსსა და გვინეა ბისაუს შორის

საქართველოს მედიაში 2023 წელსაც მთავარ პრობლემებს შორის რჩება: ჟურნალისტებზე თავდასხმები, კრიტიკული მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციის მცდელობა, პოლიტიკური ფული და არათავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, უკიდურესი პოლარიზაცია, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში მიზანმიმართული ხელის შეშლა.

ყველაზე მეტად რაც გაუარესდა მედიაში არის ინფორმაციის მოძიების პროცესი, სრულიად ტანჯვად გადაიქცა, კვლავ გასაიდუმლოებულია მთავრობის განკარგულებები, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს
ნინო ზურიაშვილი, სტუდია "მონიტორის" რედაქტორი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, მთავრობის განკარგულებებს აღარ ასაჯაროებს. ის, რომ განკარგულებები, მედიისთვის და საზოგადოებისთვის მესამე წელია გასაიდუმლოებულია, მთავრობის რეგლამენტის უხეში დაარღვევაა.

ანალოგიურად, მედიისთვის იმალება საჯარო ინფორმაციაც. საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი, 2022 წელს, კიდევ 24%-ით შემცირდა და 58% გახდა, რაც 2010 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი შედეგია. კრიტიკულ მედიასთან საჯარო სამსახურების პრეს-სამსახურები, თითქმის აღარ თანამშრომლობენ.

“ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყველაზე მეტად რაც გაუარესდა მედიაში, არის ინფორმაციის მოძიების პროცესი, სრულიად ტანჯვად გადაიქცა განსაკუთრებით, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ რედაქტორმა ნინო ზურიაშვილმა.

მისი თქმით, „მაგალითად კულტურის სამინისტროს მივწერეთ 12 წერილი და საერთოდ, პასუხიც კი არ მოუწერიათ. ასეა სხვა სამინისტროებშიც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ გასაიდუმლოებულია მთავრობის განკარგულებები, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.

ჩვენ ამ წელიწადში ემოციურადაც და ისეც, მართლა გადავიტანეთ, ეს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი. ამ ხელისუფლებას უნდოდა რომ საერთოდ სამშობლოს მოღალატეებად შევერაცხეთ ყველა ის მედია საშუალება, რომელსაც ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს“ - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

რუსეთიდან გადმოღებული „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა, კრიტიკულად არის შეფასებული 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ საქართველოს ნაწილის მიმოხილვაშიც.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიერ, კონტროლირებული სატელევიზიო არხების სარედაქციო პოლიტიკა, მთლიანად მეპატრონეების ინტერესებზეა მორგებული. ეს კი საზოგადოების მკვეთრი პოლარიზაციის მთავარი მასაზრდოებელია.

„ყველაზე მეტად ეს პოლარიზება, რაც მედიაშია გამოხატული, არის დამაზიანებელი მოსახლეობისთვის. ადამიანებისთვის საჭირო თემებს იმდენად არ ეხება მედია და აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის ზუსტად იმის გამო, რომ მედიაში არის პოლიტიკური ფული ორივე მხრიდან. ამ პროცესში ყველაზე მეტად ზარალდებიან მოქალაქეები, მათ რეალურ გასაჭირზე არავინ საუბრობს, დიდი პრობლემაა, რომ მედია ხალხს დაშორდა
ნანა ბიგანიშვილი

„საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას, მაგრამ დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ მფლობელთა ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ახლო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან.

იგივე ეხება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მედიას, რომელიც ხდება მთავრობის მხრიდან ჩარევის ობიექტი. ამასთან ერთად, მთავრობა ხშირად უარს ამბობს, გასცეს პასუხი იმ მედიის კითხვებს, რომელიც მათ აკრიტიკებს, ხოლო ხანდახან მიმართავენ ცენზურას, რეიდებს, ცილისმწამებლურ კამპანიებს და დაშინებას..

მედიის მეპატრონეები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო კონტენტს, როგორც ეს ჩანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაგალითზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ტელევიზია ყოფილ მფლობელს გადასცეს“ - ვკითხულობთ „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიმოხილვაში.

ასეთი პოლარიზაციის გამო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელემედიას არ ენდობა. ამას აჩვენებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევაც. 2023 წლის მარტში გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად არცერთ ტელეკომპანიას არ ენდობა.

„ყველაზე მეტად ეს პოლარიზება, რაც მედიაშია გამოხატული, არის დამაზიანებელი მოსახლეობისთვის“ - მიაჩნია ნანა ბიგანიშვილს, სტუდია „მონიტორის“ რედაქტორს. „საკმაოდ აცდენილია, მოსახლეობისთვის საჭირო თემებს იმდენად არ ეხება მედია და აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის ზუსტად იმის გამო, რომ მედიაში არის პოლიტიკური ფული ორივე მხრიდან.

შესაბამისად, ამ პროცესში, ყველაზე მეტად ზარალდებიან მოქალაქეები, მათ რეალურ გასაჭირზე არავინ საუბრობს და პასუხსაც არ სთხოვს ხელისუფლებას. სულ რაღაცა ისეთი თემებია, რომელიც არ ჩამოდის დღის წესრიგიდან. დიდი პრობლემაა, რომ მედია დაშორდა რეალურად ხალხს“ - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.

იმის ნაცვლად, რომ ვზეიმობდეთ, მოვედით, აქ რათა პრეზიდენტს ვთხოვოთ ნიკა გვარამიას შეწყალება. ძაან მძიმე მდგომარეობაშია ცხადია მედია
ნესტან ცეცხლაძე, "ნეტგაზეთის" რედაქტორი

„მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ 2023 წლის მიმოხილვაში, კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაჩქარებულად შეტანილი ცვლილებები, რომელმაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, როგორც მედია პროდუქტის შინაარსის გაკონტროლების, ისე მედიის დასჯის ბერკეტები მისცა.

ჟურნალისტებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებთან ერთად, ასევე, მთავარ პრობლემად არის შეფასებული - ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნა. „პრესის თავისუფლების დღეს" თბილისში, ორბელიანების სასახლესთან, ჟურნალისტებმა სწორედ გვარამიას გათავისუფლება მოითხოვეს.

„იმის ნაცვლად, რომ ვზეიმობდეთ, მოვედით აქ, რათა პრეზიდენტს ვთხოვოთ, ნიკა გვარამიას შეწყალება. ძაან მძიმე მდგომარეობაშია ცხადია მედია“ - აღნიშნა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ.

„ის მიზეზი, რის გამოც აქ მოვედით, ნათლად აჩვენებს რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში მედია და მედია გარემო“ - ამბობს „პუბლიკის“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი. მისი თქმით, „ყველამ კარგად იცის, რომ გვარამია ზის ციხეში, არა იმ ბრალდების გამო, რაც წარდგენილი აქვს, არამედ იმის გამო, რომ მისი საქმიანობა ძალიან არ მოსწონდა საქართველოს ხელისუფლებას და ერთ კონკრეტულ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს“ - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

2 მარტის აქციაზე, რომელიც ე.წ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლიციამ სრულიად უმიზეზოდ, სწორედ ზურაბ ვარდიაშვილი დააკავა და შემდეგ სასამართლომ, მას „ხულიგნობისთვის“ და „დაუმორჩილებლობისთვის“ 2200 ლარის გადახდა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იგივე თანხით, კიდევ ერთი დაკავებული, „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც დააჯარიმა. ასეთი და მსგავსი ფაქტების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ქვეყანაში მედია გარემო სისტემურად უარესდება.

საქართველოს ხელისუფლება მედია გარემოს გაუარესებას კატეგორიულად უარყოფს. „დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას“ - ასეთი ტექსით მიულოცა „პრესის თავისუფლების დღე" ქართულ მედიას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის „პრესის თავისუფლების ინდექსით“ სინამდვილეში, საქართველო “პრობლემური“ ქვეყნების რიგში რჩება. 2022 წელს, ინდექსში, რომელსაც „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ (RSF) ადგენს, ქვეყანას ვარდნა ჰქონდა 60-დან 89 ადგილამდე. ახალ ანგარიშში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 77-ე ადგილი უჭირავს, ჩრდილოეთ კვიპროსსა და გვინეა ბისაუს შორის.

რეგიონის ლიდერი, მედია გარემოს თავისუფლების მხრივ კი, არა საქართველო, არამედ სომხეთია, რომელიც „პრესის თავისუფლების ინდექსში“ 49 ადგილს იკავებს. „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ შეფასებით, ხელისუფლების ჩარევა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს ძირს უთხრის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG