ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": ბოლო წლებია, მედია გარემო უარესდებოდა და ქვეყანა ჟურნალისტებისთვის უფრო საშიში ხდება


"საქართველოში მედია გარემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში უარესდებოდა", - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და უახლეს კვლევაში სხვა, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებსაც ასახავს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა უახლესი კვლევა - „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“.

კვლევაში საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობასა და ამ საქმეების არასათანადო გამოძიებების ფაქტებზე, ნახსენებია “მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე, ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე და ა.შ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშით, ქვეყანაში მედია გარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო საშიში ხდება.

„საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა", - ამბობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში". ამავე კვლავაში მითითებულია ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩის“ 2023 წლის ანგარიშიც, რომელშიც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეგრესი იკვეთება.

“ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ნაჩვენებია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები”, - წერია კვლევაში.

"საქართველოში სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება", - აცხადებენ ორგანიზაციაში

კვლევა მოუწოდებს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გათავისუფლდეს "მთავარი არხის" დირექტორი და ასევე, დაისაჯონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირები.

XS
SM
MD
LG