ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობრაიენი: რუსეთზე დაწესებული სანქციები მუშაობს და ისინი "კატასტროფულად ვერ ახერხებენ ომში გამარჯვებას"


ჯიმ ობრაიენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი
ჯიმ ობრაიენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი

აშშ-ის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი ამბობს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები მუშაობს და ეს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ ბრძოლის ველზეც აისახება. მისი თქმით, რუსეთს ომის დაწყებამდე, დაახლოებით, 850 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ჰქონდა. ერთ წელში ეს ოდენობა, დაახლოებით, 220-მდეა შემცირებული.

ობრაიენი ასევე ამბობს, რომ რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში „კატასტროფულად ვერ იმარჯვებს“ და სანქციების შედეგად, თანამედროვე ომს ვერ წარმართავს, როგორსაც მისი თქმით, უკრაინა აწარმოებს. ჯიმ ობრაიენს სახელმწიფო დეპარტამენტში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. [საქართველოს შესახებ ინტერვიუს ნაწილი ნახეთ აქ.]

ბატონო ჯიმ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. მოდით, დავიწყოთ ზოგადი კითხვით - რა არის შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მიზანი?

რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი სანქციების პროგრამით ვცდილობთ სამი რამ გავაკეთოთ - შევუზღუდოთ რუსეთს ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსები - და სიამოვნებით გეტყვით, თუ როგორ მუშაობს ეს. ვამცირებთ ჩვენი პარტნიორების რუსეთზე დამოკიდებულებას და ამის შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ არ იყიდოს რუსული ნავთობი. ეს ამცირებს რუსეთის გავლენის ბერკეტებს. და ბოლოს, ვცდილობთ შევინარჩუნოთ რუსულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - გლობალურ სამხრეთში. ამაში შედის რუსული სურსათი, სასუქი, ნავთობი და სხვა პროდუქცია, რომელიც ფასების დაწესებული ზღვრის ქვემოთ იყიდება. ამ საქონლის გაყიდვა გვინდა, რომ გაგრძელდეს. ასე რომ, ეს არის ბალანსი. სამფეხა სკამი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც ყველაზე სტაბილური ავეჯი - რაღაც მსგავსის შექმნას ვცდილობთ. აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით.

და გაქვთ თუ არა მკაფიო სურათი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ისინი? ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, ასევე მკაცრი სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს ცვლიდნენ.

უნდა ვაღიაროთ, რომ თითოეული სიტუაცია უნიკალურია და ეს კონკრეტული შემთხვევა უკავშირდება ომის შეჩერებას, ამ გაუმართლებელი შეჭრის დამთავრებას. ამ კონტექსტში, ჩვენს წარმატებას ორი ფაქტორით ვზომავ - ერთი არის ის, ვხედავთ თუ არა რაიმე შედეგს ბრძოლის ველზე და მეორე, ვუმცირებთ თუ არა რუსეთს ფულს, რომელიც ბრძოლის ველზე ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ასევე, ვფიქრობთ, რომ სანქციები მნიშვნელოვანი გზაა ყურადღების გასამახვილებლად იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ადამიანებს, რომლებიც უკრაინული ოჯახებიდან ბავშვების გატაცებაზე არიან პასუხისმგებელი. ასევე მათ, ვინც ტერიტორიების ე.წ. ანექსიაში მონაწილეობენ, ხალხს აწამებენ ან მათ უფლებებს ლახავენ. ვცდილობთ, გამოვყოთ რუსეთის მოქმედების თითოეული ელემენტი და შევუზღუდოთ მას იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს, არის ნორმალური ან ლეგიტიმური.

ვხედავთ სანქციების ეფექტს ბრძოლის ველზე? დიახ. რუსეთს არ შეუძლია თანამედროვე ომის წარმოება და ეს, დიდწილად, იმის გამო, რომ მას აკლია თანამედროვე საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ელექტრონიკა, პოზიციონირებისთვის საჭირო აღჭურვილობა... ანუ, ყველაფერი, რაც სწრაფი, მოძრავი, ზუსტი ომის საწარმოებლად არის საჭირო, როგორ ომსაც მაგალითად უკრაინა აწარმოებს. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ რუსეთი გლობალურ ვაჭრობაზეა დამოკიდებული თანამედროვე ომის ძირითადი კომპონენტისთვის. ის ამ კომპონენტებს ისე ეფექტურად ვეღარ იღებს, როგორც ადრე. ეს მათთვის რეალური პრობლემაა.

აქვს რუსეთს ნაკლები ფული? უდავოდ! ამის დემონსტრირების ერთ-ერთი გზა ნაღდი ფულის კაპიტალი, სახარჯო ფულის არსებობაა. ეს რამდენიმენაირად შეიძლება განვმარტო, მაგრამ ამ მაგალითს გამოვიყენებ. როდესაც ომი დაიწყო, ვიღაც შეიძლება მისულიყო პრეზიდენტ პუტინთან და ეთქვა, რომ 2022 წელს შეგიძლიათ გქონდეთ მოლოდინი, რომ დასახარჯად 850 მილიარდი დოლარი გექნებათ. მან ამ თანხის დიდი ნაწილი დახარჯა. წელს იგივე ადამიანი შეიძლება მისულიყო მასთან და ეთქვა, რომ წელს ვფიქრობთ სახარჯო ფული დაახლოებით 220 მილიარდი გვაქვსო... რა მოხდა?

ერთი, ისინი ხარჯავენ უზარმაზარ თანხას საკუთარი ეკონომიკის ფუნქციონირების გასაგრძელებლად. მოგეხსენებათ, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი იმაზე ნაკლებით შემცირდა, ვიდრე ბევრი მოელოდა. მაგრამ ეს იმიტომ, რომ თავდაცვის წარმოებას სახელმწიფო აფინანსებს და სახელმწიფო უხდის ფულს სამხედრო მსახურებს. ეს ყველაფერი მშპ-ს ზრდის. გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს არ არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ რუსეთი ამას აკეთებს. ამავდროულად, ისინი ცდილობენ ფული ჩადონ სამოქალაქო ეკონომიკის ფუნქციონირებაშიც. ვიცით, მაგალითად, რომ გაზარდეს პენსიები, ასევე აქვთ სხვა ხარჯებიც. ამ ყველაფრის გამო, მათი ძირითადი რეზერვები შარშან წლის ბოლომდე, 60 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა.

ეს მართლაც გასაოცარია, რადგან მათ ასევე რეკორდულად მაღალი შემოსავალი მიიღეს მათი მთავარი საექსპორტო პროდუქციის - ნავთობისა და სურსათის - ფასების დრამატულად გაზრდის გამო. ასე რომ, მათ მიიღეს გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დანაზოგი $60 მილიარდით შეუმცირდათ. ამ ყველაფრის შემდეგ მათ დარჩათ სავარაუდოდ, 580 მილიარდი სახარჯი ფული. ახლა რა ხდება აქ... ამ თანხიდან 300 მილიარდის მობილიზება შეუძლებელია, რადგან ეს თანხა რუსეთის ფარგლებს გარეთაა. ანუ უცებ 280 მილიარდზე ჩამოვიდნენ. ამის დაახლოებით ერთი მესამედი ჩინურ ვალუტაშია. ამით მათ შეუძლიათ ვაჭრობა ჩინეთთან, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ძალიან გამოსადეგი გლობალურად. დარჩენილი მესამედი კი ოქროშია. ძალიან კარგი, მაგრამ ოქროს ვერ ხარჯავენ. შედეგად, მათ დარჩათ დაახლოებით მესამედი, რაც 100 მილიარდია. ბოდიშს ვიხდი მათემატიკის გაკვეთილისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ამ არითმეტიკის გაგება მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. გასულ წელთან შედარებით, წელს რუსეთი საკუთარი ექსპორტიდან მხოლოდ ნახევარს მიიღებს. ეს უკვე ჩანს ნავთობის ფასებზე. თვიდან-თვემდე რომ შევხედოთ, შარშანდელთან შედარებით, ნავთობის ექსპორტით ისინი 47%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. ეს თანხა - რაც დაახლოებით 100-120 მილიარდია - რომ დავამატოთ იმ დარჩენილ 100 მილიარდიან რეზერვს, დაახლოებით 220 მილიარდი გამოდის. მათ შარშან წელი 850-ით დაიწყეს და ახლა საქმე ასეა.

ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ დრო რუსეთის მხარეს არ არის. მინდა ვიყო რეალისტურიც. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ჯარის მობილიზება, ჯერ ისევ შეუძლია თვეში რაკეტების გარკვეული რაოდენობას გამოშვება, რომლებსაც უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებენ. დიახ, ეს ასეა, მაგრამ რუსეთი გაცილებით ნაკლებად ქმედუნარიანია, როგორც სამხედრო ძალა, ვიდრე შეეძლო რომ ყოფილიყო კოალიციის მიერ გადადგმული ამ ეკონომიკური ნაბიჯების გარეშე.

კარგია, თუ ამბობთ, რომ სანქციები რუსეთის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენას ახდენს. მაგრამ რა იქნება ამის შემდეგ? ამით სანქციები შეწყდება თუ გაქვთ დამატებითი ნაბიჯების მოლოდინი? აპირებთ თუ არა გააფართოვოთ სანქციები, მაგალითად ზოგიერთ ამ საქონელზე?

დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ და რუსეთისთვის სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ ვაპირებ კონკრეტული ქმედებების წინასწარ განხილვას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ყველა პარტნიორი, და კიდევ ოცდაათამდე ქვეყანა - მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ბლოკი - ყველა ერთად ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს და ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკური ხრახნების მოჭერას მანამ, სანამ ეს არ მოხდება.

თქვენს კითხვაზე პასუხისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მიზანი რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირება იყო. ევროპის ბევრი ქვეყანა აღარ ყიდულობს გაზს რუსეთიდან. ნავთობის შესყიდვები შემცირდა. ჩვენ და დიდი ბრიტანეთი აღარ ვყიდულობთ ნავთობს. მოულოდნელად ჩვენზე რუსეთის ბერკეტი ჩამოიშალა. და თუ ვიფიქრებთ სტრატეგიაზე, ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია. ამის გამო ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს, რომ სხვა ზომებიც მივიღოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ვიცი, რომ ეკონომისტი არ ხართ და არ გააკეთებთ პროგნოზებს რუსეთის ეკონომიკაზე. მაგრამ თქვენ თავად თქვით, ერთი ის, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და მეორე, ის რომ რუსეთისთვის სიტუაცია არ უმჯობესდება და არ გაუმჯობესდება. ამაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაში იქნება რუსეთის ეკონომიკა 2-5 წელიწადში?

ეკონომისტი ვარ თუ არა, ამის მიუხედავად პროგნოზს არ გავაკეთებ. თუმცა, ვფიქრობ შეგვიძლია რუსეთს ძალიან გავურთულოთ ყველაფრის გაკეთება, რაც მას სურს. პრეზიდენტ პუტინს სურს თავის ხალხს უთხრას, რომ მათთვის ცხოვრება არ შეიცვლება, რომ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ. ისინი კატასტროფულად ვერ ახერხებენ ომში გამარჯვებას.

ამის მეორე ნაწილი მომავლის სამყაროს უკავშირდება. მე ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, შევდივართ პერიოდში, როდესაც ახალი ტექნოლოგიების კრებული გლობალურ ეკონომიკას შეცვლის. ამაში შედის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, მწვანე რევოლუცია, ციფრული რევოლუცია, მიღწევები ბიოინჟინერიაში. ვფიქრობ, ეს იქნება ეკონომიკური ზრდის შემდეგი დიდი ტალღის საფუძველი, ისევე როგორც ორთქლი იყო 250 წლის წინ. რუსეთი ამ სექტორებში მოთამაშე არ არის. მისი უნიჭიერესი ხალხი ქვეყნიდან მიდის, ბევრი მათგანი, მაგალითად, საქართველოში თუ სხვაგან. ხუთი, ათი წლის შემდეგ რუსეთს რომ შევხედოთ, ვფიქრობ, რუსეთისთვის შედეგი ძალიან სავალალო იქნება. ჩვენი გათვლებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ათწლეულის ბოლომდე 20%-ით ნაკლები იქნება ვიდრე ის სანქციების გარეშე იქნებოდა. ვფიქრობ, ეს ის რეალური სიგნალია, რომელსაც იმედია რუსი პოლიტიკოსები ყურადღებას მიაქცევენ. ახლა არ ჩანს, რომ ისინი ამას აკეთებენ.

გერმანიაში ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, თქვენ თქვით, რომ სანქციების რეჟიმი ფაქტობრივად, არის დიალოგი სანქციების დამწესებელსა და სანქცირებულ ქვეყნებს თუ ადამიანებს შორის. ეს რუსეთსაც ეხება? და თუ მიმდინარეობს ეს დიალოგი, რაზეა საუბარი? რას ამბობენ რუსები და რას ეუბნებით თქვენ მათ ამ დიალოგში?

ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს დიალოგი ყრუ მხარეებს შორის. ეს უფრო მოქმედებებს ეხება - ჩვენ ვმოქმედებთ და ისინი ამას პასუხობენ. ერთ-ერთი სფერო, რომელზეც ბოლო დროს ვისაუბრეთ, არის სანქციების გვერდის ავლის პრობლემა. შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში რუსული ელექტრონიკის იმპორტი დრამატულად შემცირდა და შემდეგ ნელ-ნელა ისევ აღდგა. ეს არის, მაგალითად, ჩიპები, რომლებიც თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას ან ტელევიზორს ამუშავებს, ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნების ინტეგრირებული სისტემები და ნახევარგამტარები. რუსები იღებენ ამას და მათ ბრძოლის ველზე იყენებენ. გასული წლის ბოლოს მესამე ქვეყნებიდან რუსეთში ამ ნივთების იმპორტმა მოიმატა და შემდეგ მათი ნაწილი ბრძოლის ველზე რუსული ტექნიკის ნამსხვრევებში აღმოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ, მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები შევთანხმდით, რომ არ დავუშვებთ ამ პროდუქციის ექსპორტს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო მიმღები რუსული კომპანიებია. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან იმისთვის, რომ ეს პროდუქცია რუსეთში არ შევიდეს. დიალოგში ამას ვგულისხმობ.

XS
SM
MD
LG