ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ომის დანაშაულებში თავს დამნაშავედ არ ცნობს


კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი სასამართლო პროცესზე.
კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი სასამართლო პროცესზე.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ჰააგის სპეციალურ სასამართლოში, ჰაშიმ ტაჩის პროცესი მისი მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაიწყო.

ტაჩისა და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ სამ ადამიანს, 1998-1999 წლების ამბოხის დროს, ადამიანების დევნის, მკვლელობის, წამებისა და იძულებით გაუჩინარების საქმეებზე, 10 სხვადასხვა ბრალდებით გასამართლება ემუქრება. 1998-1999 წლის მოვლენებიდან მალევე, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ტაჩი კი როგორც მრავალი თანამემამულისთვის, ასევე კოსოვოს ფარგლებს გარეთაც, ერთგვარ გმირად იქცა.

პროკურორ ალექს უაიტინგის განცხადებით, სასამართლოს წინაშე წარდგენილმი ოთხივე ბრალდებულის სამინზე პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები - ეთინუკური სერბები და ბოშები. პროკურორის მტკიცებით, მათ მთელს კოსოვოში ასობით ადამიანი დააპატიმრეს და მკაცრ პირობებში ამყოფეს, 102 მათგანი კი მოკლეს. ბრალდების ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა ეთნიკური ალბანელი იყო.

„არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ადამიანების თვითნებურად დაკავებას, მათ შეურაცხყოფას, წამებას და მკვლელობას. ამიტომაც, კანონის უზენაესობისა და იმ პრინციპის დასაცავად, რომ თუნდაც ომის დროს არავინ დგას კანონზე მაღლა, პროკურატურამ საქმე აღძრა,“ - განაცხადა უაიტინგმა.

ოთხივე ბრალდებული ყოფილი პარტიზანული კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ლიდერი იყო. არც ერთი მათგანი, წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

„მე მესმის საბრალდებო დასკვნა და სრულიად არ ვარ დამნაშავე“ - თქვა 54 წლის ტაჩიმ სასამართლო პროცესზე. ტაჩი ორი წელია ჰააგაში პატიმრობაში იმყოფება.

მიიჩნევა, რომ აჯანყების დროს, როცა კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო, პრეზიდენტი კი სლობოდან მილოშევიჩი, 13 000 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის უმეტესობა კოსოვოელი ალბანელი იყო.

ათასობით კოსოვოელმა, სასამართლო პროცესი კვირას, პრიშტინაში გააპროტესტა. ასობით მათგანმა კი საკუთარი პროტესტი დღეს, ჰააგაში, სასამართლოს შენობასთან გამოხატა. დემონსტრანტებმა, ტაჩისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ჰააგის სასამართლოში, პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG