ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადების შემდეგ, კომენტარს მარ-ა-ლაგოდან გააკეთებს


უსაფრთხოების მიზნით, ნიუ-იორკის პოლიციას გადაკეტილი აქვს მოძრაობა სასამართლოს შენობასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გამოცხადდეს. 3 აპრილი, 2023 წ.
უსაფრთხოების მიზნით, ნიუ-იორკის პოლიციას გადაკეტილი აქვს მოძრაობა სასამართლოს შენობასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გამოცხადდეს. 3 აპრილი, 2023 წ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს სამშაბათს საღამოს პირადად გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში 4 აპრილს, დილიდან გამოცხადდება.

დონალდ ტრამპი დანაშაულს უარყოფს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესს პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს და მას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კვლავ გეგმავს და საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.

მას შემდეგ, რაც 30 მარტს, ტრამპს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წაუყენა, ის ვალდებულია მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. ასეთ დროს, ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს უღებენ თითის ანაბეჭდებს, ფოტოებს და შემდეგ მას მოსამართლე ბრალს წაუყენებს. ვარაუდობენ, რომ ტრამპს არ დააკავებენ, არამედ მისი პირადი პასუხისმგებლობით, ყოფილ პრეზიდენტს შინ დაბრუნების უფლება მიეცემა.

ნიუ-იორკიდან ტრამპი იმ დღესვე ფლორიდის შტატში დაბრუნებას გეგმავს, სადაც მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან იქ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს. მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ადვოკატების ნაწილი ტრამპს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ ურჩევს. საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელები კი აცხადებენ, რომ ბრალის წაყენებამ მისი მომხრეები კიდევ უფრო გააძლიერა.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფისის თქმით, 30 მარტის შემდეგ, მათ ფონდში $5 მილიონი გადაირიცხა და მოხალისედ 16 000 ადამიანი ჩაეწერა. კამპანიის პრესსპიკერის სტივენ ჩანგის განცხადებით, ამერიკელები დაიღალნენ "ტრამპის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის ბრძოლის იარაღად გამოყენებით".

ტრამპის ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ თქვა, რომ არაფერი, რაც სამშაბათს უნდა მოხდეს, ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, "გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიტყვით: თავს დამნაშავედ არ ვცნობთ". განცხადება ტაკოპინამ კვირას, 2 აპრილს, "ეი-ბი-სისთან" სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.

"რასაკვირველია, ეს განსხვავებული სიტუაციაა. ეს ჯერ არასდროს მომხდარა... იმედია, ეს ვითარებისთვის შესაფერისად, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და მაღალ დონეზე მოხდება" - თქვა მან. ადვოკატი გულისხმობს იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომელსაც აშშ-ის საიდუმლო სამსახური იცავს, ბრალის წაყენება ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება.

საიდუმლო სამსახური ნიუ-იორკის პოლიციასთან ერთად, სასამართლო შენობაში პარასკევს მივიდა. მათ მოიარეს შენობა და უსაფრთხოების ზომები მიიღეს. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სამშაბათს, ტრამპის სასამართლოში გამოცხადების დღეს, ქუჩის მეორე მხარეს "მშვიდობიან საპროტესტო აქციას" გეგმავენ.

პრეზიდენტების რეიტინგები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG