ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის გავლენა ფასებზე - ისტორიული მაქსიმუმი  


ბოლო თვეებია მსოფლიო საზოგადოება სასურსათო კრიზისზე საუბრობს, რომელიც უკრაინაში რუსულმა ომმა გამოიწვია. ციფრები, ცხადყოფს, რომ ომის გავლენა სასურსათო ფასებზე დიდია და შეიძლება ითქვას, ისტორიულიც.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), რომელიც ყოველწლიურად აჯამებს სურსათის ფასების ინდექსებს, ამბობს, რომ წლების განმავლობაში ასეთი მაღალი ფასები არ დაფიქსირებულა. ორგანიზაციის ჩანაწერები სათავეს 1990 წლიდან იღებს.

„მიმდინარე წლის მარტში, ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს გადააჭარბა,“- წერს FAO საკუთარ ანგარიშში. ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ფასები იკლებს, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გლობალურად, სურსათზე ფასების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს 46 ქვეყანაზე. განსაკუთრებით აფრიკის 33, აზიის 10, ლათინური ამერიკის 2 და ევროპის ერთ ქვეყანაზე. სპეციალისტების შეფასებით, ეს ქვეყნები გარე დახმარებას საჭიროებენ. ორგანიზაციის თქმით, ამ სიაში შედის უკრაინაც.

ფასები აშშ-ში საშუალოდ 14.4%-ით გაიზარდა, გერმანიაში 12.4%-ით, დიდ ბრიტანეთში 20%-ით. განსაკუთრებით რთული ვითარებაა პაკისტანსა და ეგვიპტეში, სადაც სურსათზე ფასები საშუალოდ 30 – 40 პროცენტითაა გაზრდილი.

ოფიციალური მონაცემებით, შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს კონგოზე, ავღანეთზე, ნიგერიაზე, იემენზე, ეთიოპიაზე, სამხრეთ სუდანზე, პაკისტანსა და ჰაიტიზე.

შავი ზღვის მომავალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00

ყველაზე მეტად გლობალური ფასების ზრდამ უკვე იმოქმედა ლიბანზე. სადაც ფასები 3291.9 პროცენტით არის გაზრდილი.

საკვებ პროდუქტებზე ფასების გლობალურად ზრდამ, ყველაზე დიდი გავლენა დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე მოახდინა.

შიმშილი

Სპეციალისტები ამბობენ, რომ მომატებული ფასები კიდევ უფრო გაზრდის მსოფლიოში იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც შიმშილობენ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასეთი ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 828 მილიონს შეადგენს. 2020-21 წლების მონაცემებთან შედარებით, მსოფლიოში საკვებს გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 46 მილიონით, 2019-2021 წლების მონაცემებთან შედარებით კი 150 მილიონითაა გაზრდილი. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რიცხვი 2022 წელს უფრო გაიზრდება.

ცვალებადი ფასები - ახალი მონაცემები

2022 წლის გაზაფხულიდან, ზაფხულის პირველ თვეებში, ოფიციალაური მონაცემებით ფასები გარკვეულ პროდუქტებზე შემცირდა, რაც ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებამ და ახალმა ბაზრებმა განაპირობა. თუმცა, პროდუქტების ნაწილზე, მათ შორის რძესა და ხორცზე, ფასები გაზრდილია.

ფასები, ბოლო სამ თვეში, შემცირდა:

მარცვლეული - მსოფლიოში მარცვლეულის ფასმა, მაისთან შედარებით, 4.1 პროცენტით იკლო. თუმცა, 2021 წლის ივნისთან შედარებით, ზრდამ 27.6 პროცენტი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ხორბალზე მსოფლიოში ფასები ერთ თვეში დეცა, გასულ წელთან შედარებით, 48.5 პროცენტით არის გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსული ომია. ორივე ქვეყანა ამ მიმართულებით მსოფლიოში უმსხვილესი მოთამაშეა.

*უკრაინიდან მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: ჩინეთი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, ირანი და გერმანია. თუმცა, ყველაზე მეტად უკრაინულ ხორბალზე ჩინეთია დამოკიდებული, შემდეგ ეგვიპტე.
* რუსულ მარცვლეულზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქეთი, ჩინეთი და ნიდერლანდები.

ოფიციალური მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში სიმინდის ფასმაც იკლო და 3.5 პროცენტით შემცირდა. სპეციალისტების თქმით, სიმინდზე ფასების კლება ამერიკულმა ბაზარმა განაპირობა. სპეციალისტების შეფასებით, გასულ წელთან შედარებით, სიმინდზე ფასების ზრდა უკრაინაში რუსეთის ომმა განაპირობა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ომის გამო შემცირებულია უკრაინიდან ქერის ექსპორტიც.

გასულ წელთან შედარებით, ფასი რეკორდულად არის გაზრდილი მცენარეულ ზეთზეც. თუმცა, 2022 წლის ივნისსა და მაისის თვეებს შორის, მცენარეული ზეთის ფასმა 7.6 პროცენტით იკლო.

ამავე პერიოდში შემცირდა მზესუმზირისა და სოიოს ზეთების ფასებიც, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, გლობალურად ამ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა.

*უკრაინულ მზესუმზირის ზეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და იტალია. რუსულ მზესუმზირის ზეთზე კი ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, ეგვიპტე და ირანი. უზბეკეთში კი, მზესუმზირის ზეთის იმპორტის თითქმის 90 პროცენტი რუსეთზე მოდის.

„ფაქტორები, რომლებმაც პირველ რიგში გლობალური ფასები გაზარდა, ჯერ კიდევ მოქმედებს,“- ამბობს მასიმო ტორერო კულენი, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტია.

მიზეზებს შორის არის რუსეთის ომი უკრაინაში, კლიმატური ცვლილებები და პანდემია, რომლის დროსაც მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები წარმოიშვა.

ბოლო სამ თვეში, ფასები გაიზარდა:

ხორცი - სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წლის ზაფხულში, გაზაფხულთან შედარებით ფასები გარკვეულ პროდუქტებზე გაიზარდა.

ორგანიზაციის ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წელის ივლისში, მარცვლეულის გლობალური წარმოება 7 მილიონი ტონით გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ გასული წლის მაჩვენებლებს ეს მონაცემები 0.6 მეათედი პროცენტით ჩამორჩება.

ყველაზე მეტად, შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზარდა ხორცზე, რომლის ინდექსიც საშუალოდ 124.7-ია. მაისსთან შედარებით, ხორცის ფასი 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

გასულ წელთან შედარებით, ხორცის ფასი 12.7 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდა ეხება ყველა სახის ხორცს. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია ფრინველის ხორცზე, რომელიც ანალიტიკოსების შეფასებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ორგანიზაციის შეფასებით, ფრინველის ხორცზე ფასების ზრდა უკრაინაში რუსეთის ომმა და ფრინველის გრიპმა განაპირობა.

რძე და რძის პროდუქტები - სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმზეა ფასები რძის პროდუქტებზეც, რომლის ინდექსმა ივნისში 149.8 მეათედი შეადგინა. მაისთან შედარებით, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასები 4.1 პროცენტით არის გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ფასები 24.9-მეათედი პროცენტით გაიზარდა.

რძის პროდუქტებზე ფასების ზრდა, ანალიტიკოსების შეფასებით, პანდემიას და მიწოდების ჯაჭვში პრობლემებს უკავშირდება.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სავაჭრო ხარჯების შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას. აქვე, სპეციალისტები განმარტავენ, რომ კარგად ინტეგრირებული გლობალური აგროსასურსათო სისტემა შეიძლება დაეხმაროს ყველა ქვეყანას, გაუძლოს უპრეცედენტო გამოწვევებს, - იქნება ეს ომი, პანდემია თუ პრობლემები მიწოდების ჯაჭვში.

გაერო, სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რუსეთთან, რათა მოხდეს სხვადასხვა მარშრუტების შემუშავება, რომლითაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა მოხდება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეწყვეტილია. ამასთან, უკრაინელი ფერმერები ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მათ მარცვლეულს იპარავენ და რუსეთში გააქვთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG