ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს უკრაინული ხორბალი სირიაში გააქვს


ხორბლით დატვირთული რუსული გემის "მატროსი პოჟინიკი" სატელიტური ფოტოები ყირიმში (უკრაინა) და ლატაკიაში (სირია). ფოტო: "მაქსარი".
ხორბლით დატვირთული რუსული გემის "მატროსი პოჟინიკი" სატელიტური ფოტოები ყირიმში (უკრაინა) და ლატაკიაში (სირია). ფოტო: "მაქსარი".

რუსეთის დროშებიანმა გემებმა უკრაინაში მოყვანილი ხორბალი სირიაში გადაიტანეს. ინფორმაციას ამერიკული სატელიტური კომპანია "მაქსარი" ავრცელებს.

"მაქსარის" მიერ ხუთშაბათს გასაჯაროებულ ფოტოებზე ჩანს ორი რუსული სატვირთო გემი, რომლებიც მაისში და ივნისის დასაწყისში რუსების მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის პორტ სევასტოპოლში იდგნენ. მას შემდეგ, რაც გემებზე უკრაინაში მოყვანილი ხორბალი აზიდეს, იგივე გემები, დღეების შემდეგ სირიის პორტ ლატაკიაში ჩამოტვირთეს.

უკრაინა აქამდეც ადანაშაულებდა რუსეთს იმაში, რომ ის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიიდან ხორბალს იპარავდა. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა კავშირი აცხადებს, რომ რუსეთმა 600 000 ტონაზე მეტი უკრაინული ხორბალი მიითვისა.

რუსეთის მიერ ყოველგვარი პროვოცირების გარეშე დაწყებულმა ომმა მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტს შეუწყო ხელი. უკრაინაზე ხორბლეულის მსოფლიო ექსპორტის 29% მოდის. ის სხვა მარცვლეული კულტურების და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს გლობალური შიმშილის რისკების შექმნაში ადანაშაულებენ, რადგან ის შავი ზღვიდან უკრაინულ ექსპორტს ბლოკავს.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც მეზობელი სახელმწიფოს განიარაღება და "დენაციფიკაციაა", ანუ მოსკოვის განმარტებით, ნაციონალური მთავრობისგან გათავისუფლება. დასავლეთი ამ განაცხადს სუვერენული სახელმწიფოს მიმართ არაპროვოცირებული მსხვილმასშტაბიანი აგრესიის გამართლების მცდელობად აფასებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG