ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნას "ლეგიტიმურად" მიიჩნევს


რუსეთი მსოფლიოში შექმნილ სურსათის კრიზისში და ფასების ზრდაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს. უკრაინიდან ექსპორტის გზის გახსნის ერთ-ერთ წინაპირობად კი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნას მოითხოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ექსპორტის თემაზე თურქ კოლეგას ანკარაში შეხვდა. თურქეთის პირველი დიპლომატი მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ რუსეთის მოთხოვნები ლეგიტიმურია. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის დასაბრუნებლად, რუსეთიდან ექსპორტის სანქციების მოხსნის მოთხოვნა სამართლიანი პირობაა.

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინულ ხომალდებს უსაფრთხო კორიდორების გარანტია მისცეს და თურქეთთან თანამშრომლობით მარცვლეული დანარჩენი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მისი თქმით, სურსათის პრობლემის გადაწყვეტა უკრაინაზეა დამოკიდებული, რომელმაც პორტები უნდა განაღმოს. ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, რომ რუსულ მხარეს ნაბიჯის გადადგმა არ სჭირდება, რადგან მან უკვე აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უდიდესი მიმწოდებელია. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს გლობალური შიმშილის გამოწვევაში ადანაშუალებენ. ამის უმთავრესი მიზეზი კი შავი ზღვის პორტების დაბლოკვაა. მოსკოვი კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყობს და ამაში პირიქით, დასავლურ სანქციებს ადანაშაულებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს უსაფრთხო კორიდორის შექმნაზე შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. გეგმა, რომელსაც ორივე მხარე უნდა დათანხმდეს, შესაძლოა გულისხმობდეს ოდესის და სხვა უკრაინული პორტებიდან უკრაინული გემების გასვლას თურქული ტანკერების ესკორტით და სრუტეების გავლით მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდებას.

უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს ითხოვს, როგორც გემების, ისე პორტებისთვის. ლავროვი პირობას დებს, რომ მოსკოვი მარცვლეულთან დაკავშირებულ შეთანხმებას ე.წ. სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის არ გამოიყენებს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პორტების განაღმვაზე არ თანხმდება.

XS
SM
MD
LG