ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ყველა ქვეყნის დემარში საქართველოს


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად, დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში მან განაცხადა, რომ თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩის თანხმობით ლევან დავითაშვილს გადასცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული გზავნილი, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

"გადავეცით სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დათანხმებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს. გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან, არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ვიქონიოთ მასზე წნეხი თავისი ქცევის შესაცვლელად, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი განაგრძობს უკრაინაში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მართალია, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება, "მაგრამ ის ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან". სწორედ ამიტომ დაევალა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შეთანხმებული გზავნილის გადაცემა. "ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ვიცე-პრემიერისგან პასუხად მიიღო "მანამდე უკვე მოსმენილი არგუმენტები, რომ უზრუნველყოფენ, რომ არც სანქცირებული ავიაკომპანია და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი არ იქნება გამოყენებული, თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია გამოტოვებული".

"მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველა სახის ფრენა რუსეთიდან და რუსეთისკენ, ყველა ტიპის რუსული თვითმფრინავით ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს 27-ვე წევრი სახელმწიფოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთზე ზეწოლისთვის, უკრაინასთან მიმართებით მისი ქცევის შესაცვლელად“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი სიტყვებით, საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე საუბარი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე.

„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე საუბრის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას შეეხება“, - უთხრა ჟურნალისტებს პაველ ჰერჩინსკიმ.

მან აღნიშნა რომ გაუჭირდება იმის თქმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების აღდგენაზე იქონიებს თუ არა გავლენას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, "ერთი ნათელია, რომ ამგვარი განვითარება ჩვენი თვალთახედვით დადებითი რამ არ არის, მაგრამ ამას განსჯის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, როგორ და თუ ექნება ამას ეფექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველო და ნატოს ვილნიუსის სამიტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, ევროკავშირის ქვეყნებისგან რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ გადაცემული დემარშის შემდეგ ამბობს, რომ ელჩები მას მოსაზრების გამოსახატად შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს სიტუაცია განხილული არ უნდა იქნეს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყენები - საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების კონტექსტისგან... ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს გასაგები და ლოგიკურია...

შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ უნდა გაიგივდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან..." - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს არ ელოდება სანქციების დაწესება.

დემარშის ვიცე-პრემიერისთვის გადაცემა ევროკავშირის ქვეყნების სახელით დღეს, 29 მაისს მოხდა.

ეს არ არის ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დემარშის გამოცხადების პირველი შემთხვევა. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG