ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მე-16 თავდასხმა კიევზე მაისის თვეში და ხანძარი ოდესის პორტში


უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის საჰაერო იერიშების სამიზნეა. 29 მაისის თავდასხმა მხოლოდ ამ თვეში განხორციელეებული მე-16 საჰაერო იერიში იყო კიევზე. რაკეტებისა და დრონების თავდასხმების გამო ქალაქში საათების განმავლობაში ისმოდა განგაშის სიგნალები და აფეთქებები. მათი ნაწილიც კი, ვინც საჰაერო განგაშის სირენების ხმას უკვე მიჩვეულია და ცდილობდა მშვიდად განეგრძო დილის საქმიანობა, მოგვიანებით თავშესაფრებისკენ გაიქცა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა ცენტრალური უბნიდან ერთ-ერთ ადამიანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ აფეთქებები ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ისმოდა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან თავდასხმები დღის განმავლობაშიც გაგრძელდა.

ორშაბათს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევმა 11 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, რომლის სამიზნეც კიევი იყო.

კიევზე თავდასხმებამდე 6 საათით ადრე, მძიმე საჰაერო იერიშების სამიზნე ქვეყნის დასავლეთით მდებარე ობიექტებიც გახდა. რუსეთმა უკრაინის 5 საჰაერო ხომალდის დაზიანება მოახერხა. ოდესის პორტში კი ხანძარი გაჩნდა.

"ესაა სერიოზული გააქტიურება. იერიშების რეგულარობა გაიზარდა", - ამბობს საჰაერო ძალების პრეს-სპიკერი იური იჰნატი. მისი თქმით, რუსეთის უმთავრესი სამიზნე როგორც წესი, დასავლური იარაღის საწყობებია, ასევე - ენერგეტიკული ობიექტები და სამთავრობო დაწესებულებები. თუმცა, კიევის თავზე ჩამოგდებული რაკეტების კონკრეტული სამიზნეები უცნობია.

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დასავლეთში ზიანი "სამხედრო სამიზნეს" მიადგა. კიევს არ დაუსახელებია კონკრეტული ობიექტი, რომელიც ხმელნიცკის რეგიონში რუსული იერიშის სამიზნე გახდა, მაგრამ თქვა, რომ ასაფრენი ბილიკისა და ხუთი ავიახომალდის შეკეთება უკვე დაიწყო. ამ რეგიონში ომამდე დიდი სამხედრო საჰაერო ბაზა ფუნქციონირებდა. "ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობისთვის საჭირო სამუშაოები საწვავის და იარაღის საწყობებში", - განაცხადა ხმელნიცკის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციამ.

რაც შეეხება ოდესის პორტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია და ინფრასტრუქტურა დააზიანა, მაგრამ კონკრეტული ზიანის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. არც იმის შესახებ არსებობს ინფორმაცია, შეაფერხებს თუ არა ეს მარცვლეულის ექსპორტის პროცესს.

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრიერიშისთვის ემზადება, რუსეთმა კი ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში უკრაინაზე საჰაერო იერიშები გაააქტიურა.

XS
SM
MD
LG