ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს ქალაქებში მერიებს ნატოს მშვიდობისმყოფელები იცავენ


ორშაბათს, ნატოს მშვიდობისმყოფელმა ჯარისკაცებმა კოსოვოს ქალაქების მერიების გარშემო უსაფრთხოების კორდონები მოაწყვეს, რათა სერბებს არ გაეპროტესტებინათ მეტწილად სერბებით დასახლებულ ადგილებში, ეთნიკური ალბანელების მიერ მერის თანამდებობის დაკავება. კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ერთ-ერთ ქალაქში, კოსოვოს სახელმწიფო პოლიციამ, რომელიც გასულ წელს ყველა სერბის მიერ სამსახურის დატოვების შემდეგ მთლიანად ეთნიკური ალბანელებით არის დაკომპლექტებული, თვითმხილველის ცნობით, წიწაკის აირი შეასხურა სერბების ჯგუფებს, რომლებიც ბარიკადების გადალახვას და მუნიციპალურ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

სერბეთის საზღვართან მდებარე კიდევ ერთ ქალაქში, არეულობებთან საბრძოლველი აღჭურვილობის მქონე ამერიკელმა მშვიდობისმყოფელმა ჯარისკაცებმა, მუნიციპალურ შენობას ეკლიანი მავთულხლართი შემოავლეს, რათა დაეცვათ ის ასობით განრისხებული სერბისგან, რომლებიც მის სიახლოვეს იკრიბებოდნენ.

სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. 2008 წელს კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება მათ არასდროს უღიარებიათ და ორი ათეული წლის შემდეგაც კი ბელგრადს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე სერბეთმაც უარი განაცხადა.

ეთნიკური ალბანელების რაოდენობა მთელ კოსოვოში 90 პროცენტზე მეტია, მაგრამ ჩრდილოელი სერბები მოითხოვენ ათწლეულის წინ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დანერგვას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნას ითვალისწინებს.

სერბი მოსახლეობის უმრავლესობის მქონე ტერიტორიებზე აპრილში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც ალბანელმა კანდიდატებმა ქალაქის მერების თანამდებობები მოიგეს, ამომრჩეველთა 3.5 პროცენტი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG