ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკი ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა


ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდერ ვოლფოვიჩი ამბობს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს გარდა იმისა, რომ მინსკს ქვეყანაში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი განეთავსებინა. ვოლფოვიჩის თქმით, ლოგიკური იყო ის, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, იარაღი ქვეყანაში აღარ იყო, რადგან ამერიკა მინსკს უსაფრთხოების გარანტიებს და იმას ჰპირდებოდა, რომ სანქციებს არ გამოიყენებდა.

"დღეს ყველაფერი განადგურებულია. ყველა პირობა სამუდამოდ დაკარგულია", - წერს სააგენტო "ბელტა" ვოლფოვიჩის მიერ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარზე დაყრდნობით.

ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა და მისი ტერიტორია 2022 წლის თებერვლის შემდეგ აქტიურად გამოიყენება უკრაინაზე რუსეთის ძალების თავდასხმებისთვის. კრემლის განცხადებითაც, უკრაინაში მის მიერ დაწყებული ომის, როგორც ის უწოდებს - "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" - მიზნები სწორედ "კოლექტიური დასავლეთის" მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების აღკვეთა იყო.

"ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება არის ერთ-ერთი ნაბიჯი სტრატეგიული შეკავებისთვის. თუკი დასავლელი პოლიტიკოსების თავებში კვლავ რჩება გონიერება, რა თქმა უნდა, ისინი არ გადაკვეთეენ ამ წითელ ხაზს", - ამბობს ვოლფოვიჩი.

მისი თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს. გასულ კვირას ლუკაშენკო ამბობდა, რომ იარაღის განლაგება უკვე დაწყებული იყო, თუმცა მას დისლოკაციის კონკრეტული ადგილები არ დაუსახელებია.

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების ფაქტს გმობს, თუმცა ამბობს, რომ იარაღის გამოყენების შესახებ მისი პოზიცია არ შეცვლილა.

XS
SM
MD
LG