ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 იანვარს ევრო 20 წლის გახდება


ევროსკეპტიკოსების პროგნოზების მიუხედავად, პირველ იანვარს ევრო - ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული - 20 წლის ხდება. საიუბილეოდ, ის დღეს მსოფლიოს ნომერ მე-2 ვალუტაა და სულ ცოტა, 340 მილიონი ევროპელის ცხოვრებაზე ახდენს უშუალო გავლენას. მსოფლიოს ბაზრებზე მთავარ დომინანტად კი ისევ ამერიკული დოლარი რჩება.

ორი დეკადის მანძილზე, ევრომ რამდენიმე სერიოზული კრიზისი წარმატებით დაძლია. მათ შორის ანალიტიკოსები სამ ურთულეს ეტაპს გამოყოფენ, ერთი იყო ევროს შემოღების დროს, მეორე - 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ და ბოლოს - ევროზონის ქვეყნების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როცა ევროპის კავშირს რამდენიმე ქვეყნის ფინანსური სტიმულირება ერთდროულად მოუხდა.

ევროს მიერ გამოვლილმა რამდენიმე კრიზისმა 19 სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირის ერთობის სიმტკიცეც გამოსცადა. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გარდატეხებმა ევრო კიდევ უფრო განამტკიცა. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ევროს ბედი მაინც გაურკვეველი რჩება და ის კრიზისების მიმართ მდგრადობას ვერ შეინარჩუნებს, თუ ევროზონაში ინტეგრაციის პროცესი არ გაფართოვდა.

ცოტა რამ ისტორიიდან

ევრო 1999 წლის 1 იანვარს დაიბადა. თავიდან ის ფაქტობრივად ვირტუალურ ვალუტას წარმოადგენდა და მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციების დროს გამოიყენებოდა. ევროპელების საფულეში ევრო მხოლოდ 3 წლის დაგვიანებით გამოჩნდა, როცა ევროკავშირის მეთაურებმა მსოფლიოს პირველი ქაღალდის კუპიურები და მეტალის ხურდა წარუდგინეს.

პირველ წელს ევროს მხოლოდ 11 წევრი ქვეყანა იყენებდა. იმისთვის, რომ ევრო საკუთარ ვალუტად შემოეღო, ევროპის კავშირის სახელმწიფოს სპეციალური მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. მოთხოვნები ეხებოდა ვალის ლიმიტს, თუ დეფიციტის და ინფლაციის ხარისხს. გაერთიანებულმა სამეფომ და ჰოლანდიამ ევროს შემოღება თავიდანვე არ ისურვეს.

პირველ დღეებში ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებაში $1.1747 ღირდა, მაგრამ სულ ორ წელში 30%-ით გაუფასურდა და $0.8240-ზე ჩამოვიდა. საქმეში ევროპის ცენტრალური ბანკი ჩაერთო და ევროს ვარდნა წარმატებით შეაჩერა.

დღეს ევროს ევროკავშირის 19 ქვეყანა იყენებს. ესენია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ირლანდია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ჰოლანდია. ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებიც მოვალენი არიან ევროზონას შეუერთდნენ, როგორც კი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

პოპულარობა

დღეს ევრო მთელი თავისი არსებობის მანძილზე, პოპულარობის პიკზეა. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ ევროპის მასშტაბით, პოპულისტთა მზარდი მოძრაობა შეინიშნება. პოპულისტები კი ევროპის კავშირის მიმართ სკეპტიკური მიდგომით გამოირჩევიან.

ევროზონაში ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ევროპელთა 64 პროცენტი ამბობს, რომ ევრო მათი ქვეყნისთვის კარგია. გამოკითხულთა თითქმის 3/4-ის აზრით, ევრო კარგია მთელი ევროპისთვის. მარტო ორი ქვეყანაა, ლიეტუვა და კვიპროსი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევრო მათი ქვეყნისთვის კარგი არ არის.

ეს 2010 წელთან შედარებით დიდი კონტრასტია. მაშინ გამოკითხულთა მხოლოდ 51 პროცენტი თვლიდა, რომ ევრო მათი ქვეყნისთვის კარგი რამაა. ამ წელს საბერძნეთმა და ირლანდიამ საერთაშორისო ფინანსური სტიმულირების დიდი პაკეტები მიიღეს.

მომავალი

ევროს გადარჩენას 2012 წელს, ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს, მარიო დრაგის მიაწერენ. მაშინ მან განაცხადა, რომ ვალუტის შენარჩუნებისთვის "ყველა ღონეს იხმარდა".

ანალიტიკოსების ნაწილი ბანკს საკმაოდ მოქნილად თვლის და ფიქრობს, რომ სწორედ ეს ეხმარება მას კრიზისებთან გამკლავებაში, რაც ევროს, როგორც ვალუტას, სამომავლოდ კარგ პერსპექტივას უსახავს. თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროზონის 19 ქვეყანა ევროზონის გადასარჩენად არასაკმარისს აკეთებს.

კრიტიკოსები მიუთითებენ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებზე, რათა ქვეყნებმა მომავალ კრიზისებთან გასამკლავებლად, ერთობლივი ფინანსური პოლიტიკის შემუშავება შეძლონ. რეკომენდაციებს შორის, საუბარია მეტ კოორდინაციაზეც, რაც ევროზონის საბანკო კავშირს და ევროზონის ბიუჯეტსაც ეხება. ორივე ჯერჯერობით დაგეგმვის ფაზაშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG