ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთო ძალისხმევა კრიზისის დასაძლევად


რაც მეტი კაპიტალია ევროპულ ბანკებში უკეთესია ევროპის, ამერიკის და გლობალური ეკონომიკისთვის - ჯეკ ლიუ, აშშ ხაზინის მდივანი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:24 0:00
ბმული

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ პიერ მოსკოვიცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯეკ ლიუმ აღნიშნა ევროპის ქვეყნების მიერ მიღწეული დიდი ძვრები, რასაც მათ მიაღწიეს დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის საქმეში. იმ კრიზისისა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი ევროზონა მოიცვა. თუმცა ლიუმ ევროპელებს მოუწოდა მეტი გააკეთონ ე.წ. „სათადარიგო დამცავი ზღუდეების“ შესაქმნელად.

„ვფიქრობ, რომ როცა ამ მექანიზმების გამოცდა ხდება, მათ ზრდის პოტენციალი აქვთ. ჩვენი შეხედულება კი კვლავ იგივე რჩება: რაც უფრო მეტი კაპიტალია ევროპულ ბანკებში და რაც უფრო ძლიერი სათადარიგო დამცავი ზღუდეები არსებობენ, ეს უფრო კარგია ევროპის ეკონომიკისთვის, ამერიკის ეკონომიკისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის.“

გასულ თვეს ევროკავშირი დათანხმდა იმ გეგმის მიღებას, რომლის მიხედვითაც არასიცოცხლისუნარიანი ბანკები დაიხურება და ამის ხარჯებს არა გადასახადის გადამხდელები, არამედ სხვა ბანკები გაიღებენ. კრიტიკოსების აზრით, ეს გეგმა არ ითვალისწინებს იმ აუცილებელ ზომებს, რომლითაც მომავალში ასეთი ძირეული კრიზისის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ხაზინის მდივანმა ლიუმ ევროპის ეკომომიკურად განვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკის ზრდისთვის ასევე დაჟინებით ურჩია სამომხმარებლო მოთხოვნის გაზრდა.

„აშკარაა, რომ ზოგიერთ ქვეყანას მოთხოვნის ზრდის სტიმულირებისთვის, სხვებზე მეტი შესაძლებლობა აქვს. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ თუ გლობალურ ეკონომიკას შევხედავთ: ევროპას და აზიას მეტი ზრდა სჭირდება და ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წავახალისოთ ზრდა შეერთებულ შტატებში.“

ხაზინის მდივანს კონკრეტულად არ უხსენებია ეკონომიკის ლოკომოტივი - გერმანია, სადაც ის აპირებს გამგზავრებას. მაგრამ გერმანიას ადრეც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ საკმარისად არ მოქმედებდა საშინაო მოთხოვნის გასაზრდელად და მთლიანად ევროპული ეკონომიკის მხარდასაჭერად.

ამ დროს კი შეერთებული შტატების სენატმა გადალახა საკანონმდებლო წინაღობა, რომელიც ხელს უშლიდა უმუშევრობის გამო დახმარების გაცემის გაგრძელებას იმ 1.3 მილიონ უმუშევარზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია სახლში არიან, მათთვის დახმარების გაცემა კი გასული თვის მიწურულს დასრულდა.

სენატში წინასწარი კენჭისყრა 60-ით 37-ის წინააღმდეგ დასრულდა, როცა რამდენიმე რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა დემოკრატების უმრავლესობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო კენჭისყრა შეიძლება უკვე ამ კვირის ბოლოსთვის შედგეს. ეს დახმარება, შემდეგი სამი თვის განმავლობაში 6.5 მილიარდი დოლარი დაჯდება. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კანონად დამტკიცებამდე, შეეცდებიან ამ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას, რათა მისი ღირებულება შეამცირონ.

სენატში შემდგარი კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში უმუშევრებს შეხვდა და უშუალოდ მოისმინა, თუ მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამსახურის ძიების პერიოდში უმუშევრობის დახმარების მიღება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმუშევრების დასახმარებლად მთავრობის რესურსების გამოყენებას, ეკონომიკური გამართლება აქვს.

„დამოუკიდებელმა ეკონომისტებმა გვაჩვენეს, რომ უმუშევრობის დაზღვევის გაგრძელება, სინამდვილეში ეკონომიკას ეხმარება, სინამდვილეში სამუშაო ადგილებს ქმნის... ამიტომაც წარსულში ორივე პარტია ისევ და ისევ ივიწყებდა ხოლმე კერძო პარტიულ ინტერესებს და იდეოლოგიას, რათა სამუშაოს მძებნელთათვის, წინაპირობების გარეშე, გარკვეული დაცვა აღმოეჩინათ.“

პოლიტიკურად დაყოფილ ვაშინგტონში, უმუშევრობისთვის დახმარების გაგრძელების საკითხი უახლესი კამათის საგანია ფედერალური მთავრობის ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში.
XS
SM
MD
LG