ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეპოქის დასასრული - მერკელის 16-წლიანი ლიდერობა დამთავრდა


ანგელა მერკელი გერმანიის პირველი ქალი კანცლერი 2005 წლის 22 ნოემბერს გახდა. მის 16-წლიან მმართველობას უკავშირებენ მსოფლიო არენაზე გერმანიის როლის გაზრდას, ევროპის კავშირის ერთიანობის შენარჩუნებას, ბევრი კრიზისის მართვას და ქალებისთვის სანიმუშო მაგალითის მიცემას.

67 წლის ასაკში ანგელა მერკელი დღეს გერმანიის კანცლერის პოსტს ტოვებს. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. გერმანიის ლიდერის პოსტზე მერკელს ოლაფ შოლცი ანაცვლებს.

ის პროფესიით მეცნიერი იყო. მერკელი ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა, კომუნისტურ გარემოში და პოლიტიკაში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენდა. მერკელზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჰელმუტ კოლმა, ორად გაყოფილი გერმანიის გამაერთიანებელმა, რომელიც ქვეყანას 1982-1998 წლებში მართავდა.

მერკელს ამერიკის 4 პრეზიდენტთან მოუწია მუშაობა, საფრანგეთის - 4, ბრიტანეთის - 5 და იტალიის 8 ლიდერთან. ისტორიაში ის შევიდა, როგორც კრიზისების კარგი მმართველი. მათ შორის მერკელის ბიოგრაფები უმეტესად ოთხ გამოწვევას გამოყოფენ: გლობალურ ფინანსურ კრიზისს, ევროკავშირის საკრედიტო კრიზისს, ევროპაში 2015-16 წლებში იმიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობით მოზღვავებას და კორონავირუსის პანდემიას.

მას არ მოსწონდა, როცა ამერიკის წინა ადმინისტრაციის მმართველობის დროს, "თავისუფალი სამყაროს ლიდერს" უწოდებდნენ. მერკელი თვლიდა, რომ ლიდერობა არასროს ეკუთვნის ერთ ადამიანს, ან ერთ სახელმწიფოს. ამის მიუხედავად, მას ნამდვილად განიხილავდნენ, როგორც ევროპის კავშირის ლიდერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოლაპარაკებებს და ხელშეკრულებებს ეხებოდა. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიერ ბეტელის თქმით, როცა მოლაპარაკება ჩიხში შედიოდა, ის "უმეტესად პოულობდა იმას, რაც გვაერთიანებდა და წინ წაგვიყვანდა".

გამოცემა "ფორბსი" მერკელს ბოლო 10 წლის მანძილზე გამუდმებით ასახელებდა "მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად". თუმცა, გერმანიის კანცლერს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

კრიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ მერკელი, მეცნიერებაში გათვითცნობიერების მიუხედავად, ძალიან ნელი აღმოჩნდა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საქმეში. ის ტოვებს გერმანიას უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლებით და გაცილებით ჯანსაღი ფინანსური სიტუაციით, თუმცა - არასაკმარისი ინვესტიციებით ენერგიის განახლებად წყაროებში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ციფრული სიახლეების დანერგვაში.

გერმანელები მერკელს უმეტესად ემადლიერებიან. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში მისი პოპულარობის მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის. პოსტის საკუთარი ნებით დატოვებაც გამოარჩევს მერკელს მისი 7 წინამორბედისგან, რომლებიც არჩევნებზე დამარცხდნენ.

"ანგელა მერკელმა კლასი და ღირსება მოუტანა ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას და რამდენიმე ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო... რაც პრინციპების დაცვას ეფუძნებოდა" უთხრა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა "დოიჩე ველეს" ივლისში. მისი თქმით, "ის თანაგრძნობით სავსე ლიდერია, ქალი, რომელსაც გაძღოლის არ ეშინია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG