ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია-რუსეთის ურთიერთობების მომავალი - შოლცი მერკელის ნაცვლად


დეკემბერში გერმანიას ახალი მთავრობა ეყოლება, ეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში, სამი პარტია კოალიციის შექმნაზე შეთანხმდა. ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკის ადრეული გამოცდის წინაშე დგას იმ ფონზე, როცა რუსეთს დამატებით ათობით ათასი ჯარისკაცი, ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე ჰყავს განლაგებული.

სოციალ-დემოკრატიული პარტია, კოალიციის შექმნაზე, მწვანეთა პარტიასთან და თავისუფალ დემოკრატებთან შეთანხმდა. გერმანიის მომავალი კანცლერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გერმანიის არსებულ ალიანსებს გააძლიერებს.

„ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან, ჩვენი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისადმი ერთგულება, ეს არის საყრდენი, რასაც ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება“ - აცხადებს შოლცი.

თუმცა, მაშინ, როცა სამხედრო ტექნიკასთან ერთად, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და დონბასის რეგიონში სეპარატისტი მეამბოხეების მხარდაჭერას აგრძელებს, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებზე მშვიდობა სულ უფრო მყიფე ჩანს.

გუშინ, ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია, [რუსეთს] ძვირად დაუჯდება. ეს სრულიად ნათელია“ - განაცხადა გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის მხარდაჭერა ბელარუსს

რუსეთი, ასევე მხარს უჭერს ბელარუსს, რომელსაც ევროპა საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის შექმნაში სდებს ბრალს.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაუმკლავდება გერმანიის ახალი მთავრობა, ამ მყისიერ გამოწვევებს.

შოლცი არ განმარტავს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. 177-გვერდიანი კოალიციური შეთანხმება, კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ნატოს მიმართ, როგორც ევროპის უსაფრთხოების საუფუძველს - ამბობს ლიანა ფიქსი, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი.

„ზოგადად, არსებობს უწყვეტობა, მაგრამ საინტერესო ასევე ისაა, რომ არის საკმაოდ ძლიერი რიტორიკა, როდესაც საუბარია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭრაზე. ასევე, საკმაოდ ძლიერია რიტორიკა, როდესაც საქმე ეხება რუსეთიდან მომდინარე ავტოკრატიულ გამოწვევებს. მაშინ ნამდვილად შეიძლება კოალიციაში შემავალი მწვანეთა პარტიის კვალის დანახვა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან საუბრისას, ლიანა ფიქსი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სწორედ მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, ანნალენა ბაერბოკი იქნება. მისი პირველი მთავარი გადაწყვეტილება, გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გახსნის დადასტურება იქნება, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით, რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ გაზსადენს კრემლი რუსეთის შანტაჟისთვის გამოიყენებს. ცოტა ხნის წინ, გაზსადენზე მომუშავე რუსულ კომპანიებს სანქციები გაუმკაცრდა.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს - ანგელა მერკელი, კომუნიზმის დროს, აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა და თავისუფლად ფლობს რუსულ ენას. „ამან მას რუსეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებული წვდომა მისცა. ოლაფ შოლცს მსგავსი წარსული არ აქვს, მაგრამ ის კარგად იცნობს ვითარებას“ - აცხადებს ფიქსი „ამერიკის ხმასთან“.

„მსოფლიო შეიცვლება“

კოალიციური შეთანხმების მიღწევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა თქვა, რომ გერმანია ახალი მსოფლიო წესრიგისთვის მზად უნდა იყოს.

„მსოფლიო შეიცვლება. ის გახდება მულტიპოლარული, რაც ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ბევრი ძლიერი ქვეყანა და ძალაუფლება იქნება. ეს გავლენას მოახდენს მომავალზე“ - განაცხადა შოლცმა.

პანდემია პრიორიტეტად დარჩება

მანამდე კი, ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარება იქნება. მიმდინარე კვირაში, გერმანიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 100 000-ს გადასცდა. ქვეყანა, რომელიც პანდემიის მართვის მხრივ ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლებოდა, ახლა ევროპის რიგით მეხუთე ქვეყანაა, რომელიც 100 000-იან ნიშნულს გაცდა, რუსეთის, ბრიტანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ.

ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია: 75 961 ერთ დღეში. ეს გასული ზამთრის პიკურ მონაცემებსაც კი აჭარბებს.

საავადმყოფოები სწრაფად ივსება და ბევრი სარეანიმაციო განყოფილება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ მალე პაციენტებისთვის ადგილი არ დარჩებათ. ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ზოგიერთი საავადმყოფო პაციენტებს უკვე უკან აბრუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG