ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქი უარყოფს ბრალდებებს


ჰოსნი მუბარაქი უარყოფს ბრალდებებს

ეგვიპტის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალები სასამართლოში წარადგინა. მუბარაქი 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს.

ეგვიპტელები მუბარაქის და ქვეყნის ამჟამინდელი მმართველების პოლიტიკაში ბევრ საერთოს პოულობენ, განსაკუთრებით ხალხის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის საქმეში, რომლებიც მუბარაქის დამხობის წლისთავს დაემთხვა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოზე მთავარმა პროკურორმა მუბარაქს ტირანი უწოდა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას თავისი უმცროსი ვაჟის, გამალისთვის აპირებდა. ის ეგვიპტეს თავისი მეგობრების და ნათესავების საშუალებით მართავდა, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები.

სახელმწიფო მბრალდებელმა მუსტაფა სულეიმანმა 83 წლის მუბარაქზე იერიშის მიტანის შემდეგ ეგვიპის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაბიბ ელ-ადლის დანაშაულებზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყანას რეპრესიების და ძალადობის საშუალებით მართავდა. ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს ამ პირების პოლიტიკის წყალობით 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჰოსნი მუბარაქი და მისი შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფენ ამ ბრალდებებს.

სახალხო გამოსვლების შედეგად მუბარაქი და მისი მთავრობა დაემხო, მაგრამ საპროტესტო დემონსტრაციები ქვეყანაში დღემდე არ შემწყდარა. ამჟამად ხალხის რისხვა ეგვიპტის დროებითი მმართველების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სამხედროები არიან.

მიუხედავად ამისა ეგვიპტელი პოლიტიკური ანალიტიკოსი და გაზეთის რედაქტორი რანია ელ მალკი მიიჩნევს, რომ სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რათა არ მოხდეს მათი გაიგივება მუბარაქის რეჟიმთან.

მისი თქმით: “ ჩემის აზრით ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო აგრძელებს ტირანულ მმართველობას, მაგრამ მათ არავინ განიხილავს მუბარაქის მემკვიდრეებად. სამაგიეროდ სამხედროებმა მოახერხეს ეგვიპტის მას მედიაზე იმგვარი კონტროლის დაწესება, რომ ხალხი დაარწმუნეს იმაში თითქოს მათი პოლიტიკა უცხო სახელმწიფოების შეთქმულებისგან ეგვიპტის დაცვას ისახავდეს მიზნად.“

საგარეო მტრის ხატის შექმნას ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა ეგვიპტეში. ამ საბაბით ქვეყნის დროებითმა მმართველებმა შეძლეს ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.

ეგვიპტელები ამჟამად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხელისუფლების მიერ საპროტესტო დემონსტრაციების დარბევას და ძირითადად საპარლამეტო არჩევნების მესამე ტურზე ფიქრობენ.

ამავე დროს ახალი პარლამენტის არჩევიდან ორ დღეში, 25 იანვარს მუბარაქის რეჟიმის დამხობის წლისთავის აღნიშვნას აპირებენ, ასევე მოსალოდნელია ეგვიპტელი სამხედროების ლიდერის მარშალ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის სასამართლოზე გამოძახება, რათა მან ჩვენება მისცეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

როგორც ეგვიპტელი ანალიტიკოსი ელ მალკი აცხადებს ტანტავის გამოძახება არაფერს შეცვლის. მისი თქმით:“ არა მგონია მან რაიმე განსხვავებული თქვას. ალბათ გაიმეორებს ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ მუბარაქს არასოდეს გაუცია დემონსტრანტების დახვრეტის ბრძანება.“

ბატონი ტანტავი საკუთარი მთავრობის შესახებაც იმავეს ამბობს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლების დროს.

XS
SM
MD
LG