ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის შეხვედრის წინ ბლინკენს დიდი მოლოდინი არ ჰქონდა, მან ინტერვიუში საქართველოც ახსენა


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

9 იანვარს, რუსეთთან ჟენევაში დაწყებულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუ რამდენიმე ამერიკულ მაუწყებელს მისცა. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებიდან რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ ელის. მან უკრაინის საზღვართან შექმნილ პრობლემაზე საუბრისას, რეგიონულ კონტექსტში, საქართველოც ახსენა.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში, მან ჟურნალისტ ჯეიკ ტაპერს უთხრა, რომ შვეიცარიაში ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა მნიშვნელოვანია. მაგრამ, ის რაიმე სერიოზულ შედეგს არ ელის, რადგან ეს ყოველივე მიმდინარეობს „მზარდი ესკალაციის ატმოსფეროში, უკრაინისთვის თავზე მიდებული იარაღის ფონზე. თუ რაიმე პროგრესი გვინდა, უნდა მოხდეს დეესკალაცია, რუსეთის იმ საფრთხისგან უკან დახევით, რომელსაც ის უკრაინას უქმნის“.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში ვაშინგტონი არ განიხილავს დათმობებს იმ ორი მიმართულებით, რაც „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტის კითხვაში იყო: ამერიკული ჯარის ნაწილების გაყვანა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ნატოს გაფართოების შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე. ბლინკენმა ხაზი გაუსვა რეგიონულ კონტექსტს, თუ „რატომ მოვედით აქამდე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, „რუსეთმა თავისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება რამდენჯერმე განახორციელა. ეს იყო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა 2014 წელს და ახლა განახლებული საფრთხე უკრაინაში“.

რაც შეეხება მომავალს, ახლა ბლინკენის თქმით, „ჩვენს წინაშე ორი გზაა. დიალოგის და დიპლომატიის გზა, მცდელობა, რომ გადაიჭრას ზოგიერთი პრობლემა და თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია. მეორე გზა კი სწორედ კონფრონტაციაა და უკრაინაში განახლებული აგრესიის შემთხვევაში დამდგარი, მასშტაბური შედეგები რუსეთისთვის“.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ევროპის საკითხები არ გადაწყდება ევროპის ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არ მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა ჟენევაში, რადგან წინ არის რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკება ნატოში და ეუთოში. შვეიცარიაში „ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს და მათ უნდა მოისმინონ ჩვენი შეშფოთებები“ - აცხადებს ბლინკენი. მისი თქმით, ის შეშფოთებები, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოხატავს, ძირითადად რუსეთის ქმედებებით არის გამოწვეული. „2014 წელს, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელთა 25 პროცენტი უჭერდა მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ახლა მათი რაოდენობა 60 პროცენტია“.

ბლინკენის განმარტებით, იგივე მოხდა ნატოს შემთხვევაშიც. ნატომაც 2014 წელს, სწორედ რუსეთის აგრესიის შემდეგ გააფართოვა თავისი წარმომადგენლობა როგორც შეიარაღებით, ისე ცოცხალი ძალით, აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე. „ასე რომ, სწორედ პრეზიდენტ პუტინის ქმედებებითაა განპირობებული ის, რაც მისი თქმით, მას არ უნდა რომ მოხდეს“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენი ეთანხმება ყოფილ სახელმწიფო მდივან ლეონ პანეტას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ პუტინს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს. „დიახ, ვფიქრობ, ეს სწორია. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია. მას სურს განაახლოს გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ. და როგორც ჩვენ ვთქვით, ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავბრუნდებით სამყაროში, სადაც გავლენის სფეროები იყო. ეს არასტაბილურობის რეცეპტი იყო, რეცეპტი კონფლიქტის, რეცეპტი, რომელსაც მსოფლიო ომები მოჰქონდა“.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველო იმავე დღეს ეთერში გასულ კიდევ ერთ ინტერვიუში ახსენა, რომელიც მან ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ მისცა. ჟურნალისტ ჯორჯ სტეფანოპულუსსთან საუბარში მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონულ კონტექსტს და თქვა, რომ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, პრობლემა „უფრო დიდია, ვიდრე თავად უკრაინა“.

ბლინკენის განმარტებით, „საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი, ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სწორედ ეს ყოველივე დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG