ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში ამერიკა-რუსეთს შორის უკრაინის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო


ბოლო დღეებში ორმხრივად გაკეთებული პესიმისტური განცხადებების ფონზე, ამერიკას და რუსეთს შორის ჟენევაში რთული მოლაპარაკებები დაიწყო. ვაშინგტონი არ აპირებს დათმობებზე წასვლას და კრემლის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა იმედი აქვს, რომ ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის ორშაბათს დაწყებული შეხვედრა კიევს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგ შეჭრას ააცილებს თავიდან.

ამერიკის მისიას შვეიცარიაში ვენდი შერმანი უძღვება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. რუსეთის მხრიდან ჟენევაში ჩასულ დელეგაციას კი სერგეი რიაბკოვი ხელმძღვანელობს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

შერმანი და რიაბკოვი ერთმანეთს ჟენევაში სამუშაო სადილზე ერთი დღით ადრე, 9 იანვარსაც შეხვდნენ და მთავარი დისკუსიის მოსამზადებლად, შეთანხმდნენ იმ "საკითხებზე, რომლებზეც ორივე მხარე ისაუბრებს" 10 იანვრის მთავარ მოლაპარაკებაზე. ამის თაობაზე განცხადება კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ვენდი შერმანი და სერგეი რიაბკოვი (მარცხნიდან მარჯვნივ)
ვენდი შერმანი და სერგეი რიაბკოვი (მარცხნიდან მარჯვნივ)

ორ ქვეყანას შორის მსგავსი დაძაბულობა ანალიტიკოსების აზრით, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, ჯერ არ ყოფილა. შეხვედრისას, დელეგაციების მეთაურებმა ერთმანეთს თვალებში მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედეს, ისიც მაშინ, როცა ფოტოგრაფებთან პოზირებდნენ.

"მოლოდინის მიხედვით, მოლაპარაკება იქნება გრძელი და შინაარსიანი" - დაწერა ჟენევაში მყოფმა რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ "ტვიტერზე" და ამ განცხადებას თან დაურთო შერმანის და რიაბკოვის ფოტო, ორი ქვეყნის ეროვნული დროშების ფონზე.

შერმანის თქმით, "შეერთებული შტატები მოისმენს რუსეთის შეშფოთებას და მათ საკუთარს გააცნობს". ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იქვე გაუსვა ხაზი, რომ ევროპის უსაფრთხოების თაობაზე დისკუსია მოკავშირეების დაუსწრებლად არ გაიმართება.

მოლაპარაკების გაგრძელება დასავლეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, ამავე კვირაში იგეგმება ბრიუსელში და ვენაში. 12 იანვარს, ნატო-რუსეთის საბჭო შეიკრიბება. საბჭოს შეხვედრა 2019 წლის შემდეგ აღარ გამართულა. აქაც საუბარი უკრაინაზე წარიმართება, მხარეების მოქმედებათა გამჭვირვალობაზე და რეგიონში რისკების შემცირებაზე.

13-14 იანვარს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საფრანგეთში გამართავენ შეხვედრას. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეებთან ერთად, ისინი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებზე იმსჯელებენ, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციას მიმართავს.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთს კვლავ ათობით ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. რუსეთის პრეზიდენტი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს, თუმცა დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა წამოაყენა და მოითხოვა, რომ ნატო აღმოსავლეთით მეტად აღარ გაფართოვდეს. რუსეთმა ასევე ღიად მოითხოვა, რომ ნატომ უარი უთხრას საქართველოს და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე.

დასავლეთის ქვეყნების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი სამომავლო გზა. "გერმანია და შეერთებული შტატები, რუსეთის ქმედებას აღიქვამენ, როგორც ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობისთვის შექმნილ გადაუდებელ გამოწვევას" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მასპინძლობდა.

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის საზღვრებზე, ისევე როგორც მოსკოვის მზარდ, მკაცრ რიტორიკას" - თქვა პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ვაშინგტონში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, ბერბოკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესია კრემლს "ძვირი დაუჯდება".

ანალოგიური განცხადება გააკეთა ბლინკენმაც. "თუ რუსეთი შემდგომ ესკალაციას მაინც გადაწყვეტს, ჩვენ მყისიერი რეაგირება გვექნება" - განაცხადა მან. ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ ევროპას შეუძლია გამოიყენოს ბერკეტად "ჩრდილოეთის ნაკადი 2", გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს და რომლის ამუშავება ჯერჯერობით შეჩერებულია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG