ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოსთან მუქარის ენით საუბარზე გადავიდა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გაფრთხილებას უგზავნის. მოსკოვი ნატოს "სამხედრო" პასუხის გაცემით ემუქრება და ამბობს, რომ თუ ალიანსი არ შეწყვეტს აღმოსავლეთით გაფართოებას, კრემლი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განალაგებს.

რუსეთი დასავლეთის ძალებთან კონფრონტაციის ხარისხს ზრდის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის მუქარას რამდენიმე დღით წინ უძღოდა ჯერ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოზარი, შემდეგ კი ორშაბათს გამართული მსგავსი საუბარი ბრიტანეთის პრემიერთან. ამერიკის და ბრიტანეთის ლიდერები მოსკოვს უკრაინის საზღვართან დაწყებული ძალების მობილიზაციის შეწყვეტისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

უმაღლესი ლიდერების ამ ორ სატელეფონო საუბარს შორის კი, პარასკევს, მოსკოვმა ღიად მოითხოვა, რომ ნატომ უკან წაიღოს საქართველოს და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად თქვას უარი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ "უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან“ - განაცხადა გასული კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო უწყებამ.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს შორის შემდგარი საუბრიდან მეორე დღესვე, რუსეთმა მუქარის კონკრეტული განცხადება გაავრცელა. "პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით პროგრესის არქონა ნიშნავს, რომ ჩვენი პასუხი იქნება სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური", თუკი ნატო გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას - ამბობს რიაბკოვი.

შედეგად, "იქნება კონფრონტაცია", აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, რუსეთი განალაგებს ბირთვულ იარაღს, რომელიც 1987 წელს ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე აიკრძალა. შეთანხმებას ვადა 2019 წელს გაუვიდა, თუმცა მხარეებს ის აქამდე არ დაურღვევიათ.

სამშაბათს, უკრაინაში მყოფმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. კარენ დონფრიდი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, კიდევ ერთხელ უდასტურებს კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული ხელშეუხებლობის ერთგული რჩება. დონფრიდი ახლა კიევშია და რიაბკოვს მოსკოვში ამ კვირის განმავლობაში შეხვდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG