ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ღიად ითხოვს, ნატომ უარი უთხრას საქართველოს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზების შემდეგ, რის გამოც ამერიკამ და ნატოში მისმა მოკავშირეებმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს, მოსკოვი ღიად ითხოვს, რომ ნატომ უკან წაიღოს საქართველოს და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად თქვას უარი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ "უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან“ - აცხადებს მოსკოვი.

ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გაავრცელა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ნატომ უნდა დადოს პირობა, არ განალაგოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება.

კრემლის მოთხოვნები ნაწილია უსაფრთხოების უფრო ფართო გარანტიების, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისგან ითხოვს. მოსკოვი დასავლეთის ძალებს სთავაზობს თავდაცვის სფეროში რეგულარული დიალოგის გამართვას, რათა მოხდეს სამხედრო თვითმფრინავების და საბრძოლო ხომალდების ახლო დაპირისპირებისთვის თავის არიდება, მათ შორის - ბალტიის და შავ ზღვებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტრო დეესკალაციის მიზნით ასევე გამოდის წინადადებით, დაწესდეს სამხედრო წვრთნების ლიმიტები რუსეთის და ნატოს საზღვრებთან.

რუსეთის წინადადებების გამოქვეყნებამდე ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ორსაათიანი ვიდეოზარი გაიმართა. ამ კვირის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. სამშაბათს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, ბაიდენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატები გადადგამს, თუკი მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. რუსეთი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში ინტერვენციას არ გეგმავს.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ამას ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. შესაძლოა უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი თავდაცვითი საშუალებები მივაწოდოთ, რასაც უკვე ვაწვდით და ასეთი ესკალაციის საპასუხოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ნატოელი მოკავშირეები გავაძლიეროთ" - თქვა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

ამავე ტიპის განცხადება გააკეთა პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება, მან თქვა, რომ "ყოველი ქვეყნის უფლება და ფუნდამენტური პრინციპია, აირჩიოს საკუთარი კურსი... მათ შორის ის, თუ უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს რომ გახდეს" - განუცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, "ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან გადაწყდება ნატოს 30 მოკავშირის და უკრაინის მიერ, სხვა არავის მხრიდან".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG