ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენ-პუტინის ორსაათიანი ვიდეო-ზარი დასრულდა


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიდეო-ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორ საათს გაგრძელდა. საუბრის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს კოლეგასთან საუბარში უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების ესკალაციასთან დაკავშირებით, ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა.

შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ მოკლე ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ამ განცხადების თანახმად, ბაიდენმა ასევე ნათლად თქვა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კრემლს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რუს კოლეგას კი დეესკალაციისკენ და დიპლომატიის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ბაიდენ-პუტინის ონლაინ შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:24 0:00

ვაშინგტონისა და მოსკოვის მხრიდან მთავრობის წარმომადგენლები ამ შეხვედრის შემდეგაც ისაუბრებენ და საკითხების განხილვას დაუბრუნდებიან. ამერიკა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით მიიღებს.

თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკა-რუსეთის დიალოგის თაობაზე სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოების შესახებ და რეგიონული მნიშვნელობის ისეთ საკითხებზეც, როგორიც მაგალითად, ირანის თემაა.

კრემლი განაგრძობს იმის უარყოფას, რომ თავდასხმა ან აგრესია იგეგმება. ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ადანაშაულებს, ამბობს, რომ ნატო და ამერიკა უკრაინას უბიძგებენ აგრესიისკენ და ის ოფიციალურ გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არა თუ არ გაფართოვდეს, არამედ ფართო წარმომადგენლობაც არ ჰყავდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს კი თავის მხრივ გამორიცხავს ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხს.

თეთრი სახლი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურს პრობლემების დიპლომატიური გზებით მოგვარება, თუმცა ამერიკა მზადაა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციებისთვის და სხვა მექანიზმებისთვის, რომლებსაც კრიტიკული გავლენა ექნება რუსულ ეკონომიკაზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ანალიტიკოსების აზრით, მთავარი ახლა ერთიანი ტრანსატლანტიკური პოზიციის ჩვენებაა. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვლადიმირ პუტინთან საუბრის წინ, ბაიდენის მიერ ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციები იყო.

ბაიდენი ევროპელ მოკავშირეებს ტელეფონით ესაუბრა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ისინი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. თეთრი სახლი ამბობს, რომ ლიდერები მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამერიკას სხვა ევროპელ და ნატოს წევრ პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა ექნება.

ბაიდენ-პუტინის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთი ზარი განხორციელდა. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით ამერიკის სრული მხარდაჭერა. ბაიდენი უახლოეს დღეებში თავადაც დაელაპარაკება ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან კონსულტაციებს გამართავს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ზარზე და ამერიკის პოლიტიკაზე უახლოეს დღეებში დამოკიდებულია ის, თუ რა გზავნილს მიიღებს ვლადიმირ პუტინი. მიხვდება ის, რომ უკრაინაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება, თუ ომის მუქარით სასურველ შედეგებს მიიღებს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ამერიკას ახლა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ძლიერი, ურყევი, თანმიმდევრული და შეთანხმებული პოზიცია უნდა ჰქონდეს და ომის საფრთხის გამო არასასურველ დათმობებზე არ წავიდეს. ​

ამერიკა რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნების მიმართ პოზიციის შეცვლას არ აპირებს, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაც ისაუბრა. ნედ პრაისი ამბობს, შეერთებული შტატები ერთგული რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის და არცერთ ქვეყანას არ ექნება უფლება, ვეტო დაადოს სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, თუ რამდენად მტკიცედ შეძლებს ის რუსეთის მეზობელი, რუსული აგრესიის სამიზნე და ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე პარტნიორის, ისევე როგორც, ზოგადად, დასავლეთის ქვეყნების ინტერესების დაცვას.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG