ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ


დაესხმება, თუ არა რუსეთი თავს უკრაინას კიდევ ერთხელ და როგორ უნდა შეაკავოს კრემლი დასავლეთმა? ამ კითხვას ახლა ყველაზე ხშირად სვამენ უკრაინაშიც და ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებშიც. 7 დეკემბერს ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ვიდეო-ზარით უნდა ესაუბრონ. უკრაინა განხილვის უმთავრესი თემა იქნება. კრემლი გარანტიებს ითხოვს, დასავლეთი კი ცდილობს მოსკოვი დაარწმუნოს, რომ მას მეზობლების მისწრაფებების შეცვლისა და დაბლოკვის უფლება არ აქვს.

უკრაინული დაზვერვა იუწყება, რომ ქვეყნის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკაა მობილიზებული. ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანული და ამერიკული დაზვერვის სამსახურებიც. მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სადაზვერვო დოკუმენტის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყნის ირგვლივ 50 ტაქტიკური ბატალიონი, ტანკები და არტილერიაა მობილიზებული. 2022 წლის დასაწყისში კი რუსეთი მეზობელს თავს შესაძლოა 175 ათასამდე მებრძოლითაც კი დაესხას.

განცხადებები, კრიტიკა, დეესკალაციისკენ მოწოდება და მუქარა, რომ შემდგომი აგრესია მოსკოვს ძვირად დაუჯდება - შეფასებები ამერიკის და ნატოს სხვა მოკავშირეების უმაღლესი ტრიბუნებიდან უკვე რამდენიმე კვირაა ისმის. თუმცა, კრემლი არც უკან იხევს და არც არალეგიტიმური მოთხოვნების ხმამაღლა გაცხადებას ერიდება: რუსეთი ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

"რუსეთის მთავრობის წევრები აღარ საუბრობენ მხოლოდ უკრაინის შესახებ. ისინი ფსონებს ზრდიან, ახლა საუბარია ნატოს გაფართოების და საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის შესახებ. ეს აღარ ეხება მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს. ყოველ ჯერზე, ჩვენ ვხვდებით, რომ მათ კიდევ უფრო მეტი სურთ",
- ჰანა შელესტი

მოსკოვი აცხადებს, რომ მისი სამხედრო მობილიზება ნატოსა და უკრაინის აგრესიულ ქცევაზე პასუხია, მათ შორის შავ ზღვაში ამერიკის საბრძოლო მანევრებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადაადგილებაზე რეაქცია. კრემლი მოითხოვს სამართლებრივ გარანტიებს იმისა, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, ეს კი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს წევრობას გამორიცხავს. ამერიკის ადმინისტრაცია ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ვეტოს დადების უფლება არც რუსეთს აქვს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი უბრალო „კუნთების თამაშზე“ შორს მიდის და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს წინ. ჰანა შელესტი, უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების კვლევების დირექტორი ამბობს, ახლა საუბარია არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს წარმომადგენლობასაც კი ეხება.

„განცხადებები, რომლებიც ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში კეთდებოდა, ადასტურებს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ერთი ნაბიჯით წინ წასვლა. ისინი აღარ საუბრობენ მხოლოდ უკრაინის შესახებ. ისინი ფსონებს ზრდიან, ახლა საუბარია უკვე ნატოზე, ნატოს გაფართოების შესახებ და საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის შესახებ. ეს აღარ ეხება მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს. ყოველ ჯერზე, ჩვენ ვხვდებით, რომ მათ კიდევ უფრო მეტი სურთ, იმის მიხედვით, რა უნდათ იმ კონკრეტულ მომენტში. ახლა კრიზისის სწორედ ამ ეტაპზე ვართ“, - ამბობს შელესტი.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადმინისტრაციაში განსხვავებული ხედვები არსებობს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის დეპარტამენტში სწორად ესმით, რომ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ძლიერი საპასუხო ნაბიჯებია საჭირო.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც და თავდაცვის დეპარტამენტშიც კარგად ესმით, რომ პუტინს რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა აქვს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება და გამოწვევაა ამერიკის ინტერესებისთვის. ჩვენ ამას ძლიერად უნდა ვუპასუხოთ“, - ამბობს ჰერბსტი.

დენიელ ფრიდი
დენიელ ფრიდი

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ამის მაგალითად 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომი მოჰყავს.

„არ მინდა საფრთხე დავაკნინო ან უგულებელვყო. მე მახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი“, - ამბობს ფრიდი და დასძენს, რომ დასავლეთმა კრემლს ურყევი პოზიცია უნდა აჩვენოს:

თუკი ჩვენ გავცდებით ამ ცხად, გასაგებ შეშფოთებას ომის შესახებ, თუკი ამას ჩვენი შეშინების ან ჩვენი პარალიზების უფლებას არ მივცემთ, თუკი არასასურველ დათმობაზე არ წავალთ, მივხვდებით, რომ უკრაინასთან ერთად მუშაობას ბევრი სიკეთე მოაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობარს,
- დენ ფრიდი

„ამერიკის პოლიტიკა ახლა სამი მიმართულებითაა ყველაზე მნიშვნელოვანი: პირველი, უკრაინის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობაა, არანაირი განსხვავებული გზავნილები. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუკი ამ მძიმე ძალას გამოიყენებს, ის დაკარგავს ევროპას. მეორე, სერიოზული სანქციებია, რომელთა ესკალაციაც შესაძ;ებელია. ამაში ახალი არაფერია, ამაზე აპრილშიც იყო საუბარი. მაგრამ რაც ახლა მესმის, არის ის, რომ სანქციების ესკალაციასთან დაკავშირებით ახლა ევროპელებთან მეტი თანხმობაა მიღწეული, მეტი პროგრესია. მესამე მიმართულება კი უკრიანის სამხედრო დახმარებაა, მე ვგულისხმობ არა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში, არამედ -უკრაინელებისთვის იმ შესაძლებლობების მიცემას, რომლითაც ისინი თავს დაიცავენ. ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს, თუკი შეხვალ უკრაინაში, შენ ევროპის მიწაზე ნამდვილ სახმელეთო ომს იბრძოლებ, რომელიც სულაც არ იქნება დიდად პოპულარული რუსეთში, რადგან უკრაინელები იბრძოლებენ", - განმარტავს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ ახლა გამოყენებული ენა, ლექსიკა არ არის სრულად დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამის მიღმა ადმინისტრაციის მხრიდან იყო კიდეც მოქმედება, კონკრეტულად კი სანქციების მიმართულებით.

ყოფილი დიპლომატის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ დასავლეთი ომის შიშით რუსეთთან გაუმართლებელ დათმობაზე არ წავიდეს. მაგრამ მისი აზრით, ამის ნიშნები არ ჩანს:

„თუკი ჩვენ გავცდებით ამ ცხად, გასაგებ შეშფოთებას ომის შესახებ, თუკი ამას ჩვენი შეშინების ან ჩვენი პარალიზების უფლებას არ მივცემთ, თუკი არასასურველ დათმობაზე არ წავალთ, მივხვდებით, რომ უკრაინასთან ერთად მუშაობას ბევრი სიკეთე მოაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობარს და ვფიქრობ, ნატოს მინისტერიალზეც იენს სტოლტენბერგმაც და ენტონი ბლინკენმაც ამის შესახებ კარგად ისაუბრეს. პუტინი იმედოვნებს, რომ ევროპაში დაპირისპირებას და უთანხმოებას გამოიყენებს, მაგრამ ჩანს, რომ ეს მის საკეთილდღეოდ არ მუშაობს“, - ამბობს ფრიდი.

ანალიტიკოსთა ნაწილი დასავლელ ლიდერებს შეახსენებს, რომ ვლადიმირ პუტინი საკუთარ პოზიციებს ისეთი პერსპექტივიდან არ უყურებს, როგორც ის გარედან ჩანს. მისთვის ეს „კარგი წელი“ იყო და შემდგომი აგრესიისთვისაც შესაძლოა სავსებით ხელსაყრელ დროდ ჩანდეს: ბაიდენი მას ივნისში პირისპირ შეხვდა, ამერიკის მთავრობის ყურადღების უდიდესი ნაწილი პანდემიას და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს ეთმობა, შეერთებული შტატების იმიჯი ავღანეთის დატოვების შემდეგ ზოგისთვის შელახულია, ევროპას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს და უკრაინის დასახმარებლად არც ნატოს ჯარი იბრძოლებს. თუ ახლა არა, მაშ როდის იქნება კარგი დრო მეზობელ ქვეყანაში შესაჭრელად?

უკრაინა კვლავ კრემლის აგრესიის რადარზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

დენიელ ფრიდი ამბობს, რომ საკითხი ისე კი არ უნდა დაისვას, მზადაა თუ არა დასავლეთი ებრძოლოს რუსეთს უკრაინის მიწაზე, არამედ მზადაა თუ არა ის, დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვასა და ბრძოლაში. ამაზე პასუხი კი, მისი აზრით ნათელი და დადებითია. ყოფილი დიპლომატის თქმით, პუტინი სუსტ წერტილებს ეძებს, რადგან 2014 წელს მან სულაც ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს, უკრაინელები დღემდე არ დანებებულან და თუკი ისინი განაგრძობენ ეროვნული ერთობით დემოკრატიის გაძლიერებას, რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას, ეს პუტინისთვის ძალიან ცუდი იქნება და მან ეს იცის. ფრიდი განმარტავს, რომ პუტინმა ზოგიერთი პრო-რუსულად განწყობილი უკრაინელის მხარდაჭერაც დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ ის ხარბი და მჩაგვრელია, იმიტომ რომ ის უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასა და ერს არც კი აღიარებს.

ვაშინგტონში ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ უკრაინის საზღვრებთან „კუნთების თამაში“ სწორედ კრემლის წარუმატებლობის შედეგი უფროა, ვიდრე - წარმატების. პუტინმა ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს 2014 წელს, საბოლოოდ ვერ შეცვალა უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსი და ახლა პოლიტიკურთან ერთად, სამხედრო წნეხსაც სწორედ ამიტომ იყენებს. თუმცა მეორე მხრივ, უკრაინაში ღიად სამხედრო ძალით შეჭრა კრემლის ინტერესებს სულაც არ შეესაბამება. რადგან მოსკოვი გამუდმებით ცდილობს, რომ კონფლიქტი არმოსავლეთ უკრაინაში შიდა, ეთნიკურ და სამოქალაქო კონფლიქტად წარმოაჩინოს და არა ორი ქვეყნის ძალებს შორის დაპირისპირებად და ომად. ამასთან, დასავლეთმა ცხადი გახადა, რომ ამგვარი შეჭრა რუსეთს ძვირი დაუჯდება.

"ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი ლეონ არონი ამბობს, რომ პუტინისთვის საგარეო ფრონტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის თანასწორ სუპერძალად წარმოჩენა, ამერიკის პრეზიდენტთან თანასწორ პოზიციებზე ყოფნა და მსოფლიოს ბედის ვაშინგტონი-მოსკოვის დისკუსიის ფორმატში გადაწყვეტაა. ამასთან, მისი ნაბიჯების საბოლოო აუდიტორია მაინც ქვეყნის მოსახლეობაა, რადგან პუტინი სწორედ მათ უმტკიცებს, რომ მოსკოვს დასავლეთი გამუდმებით თავს ესხმის, და თუკი სანქციების ან სხვა სასჯელის გამო მოსახლეობა შეწუხდება, გაღარიბდება ან შევიწროვდება. ესეც ეროვნული ინტერესებითაა გამართლებული.

Leon ლეონ არონი
Leon ლეონ არონი

„პუტინს სჭირდება ქვეყნის შიგნით, რომ მოსახლეობა სულ ფეხის წვერებზე იდგეს, აჩვენოს, რომ ის დასავლეთთან გამუდმებით დაპირისპირებულია, თუკი რუსულ მედიას გაეცნობით, ან ლავროვს ან პუტინს მოუსმენთ, ის სამშობლოს იცავს, ამერიკა და ნატო კი უკრანას იარაღს აძლევენ და რუსეთზე თავდასხმისკენ აქეზებენ. ეს გასული საუკუნის, ცნობილი, ტრადიციული სტრატეგიაა, - ამბობს ლეონ არონი და განმარტავს, რომ მისი აზრით, თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. რადგან კრემლი განაგრძობს იმის უარყოფას, რომ თავდასხმას ან აგრესიას აპირებს, ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადააადგილდება და სავარაუდოდ, ასეთივე იქნება ბაიდენთან საუბრის მთავარი არსიც:

„მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე პუტინი უკრაინასთან ომს დაიწყებს. პუტინის რეჟიმს ტაქტიკურად და სტრატეგიულადაც არ შეუძლია შეეგუოს დასავლეთისკენ ორიენტირებულ, სტაბილურ და წარმატებულ უკრაინას. მას უკვე ჰყავს „ტროას ცხენი“ დონბასში და თუკი შეატყობს, რომ უკრაინას დადებითი ცვლილებები აქვს, ამ ცხენს, არეულობას მაშინვე გაააქტიურებს და ამას სულ აკეთებს. ახლა კი, მას ეს აგრესია უკრაინაში არასტაბილურობის შენარჩუნებაზე მეტად, ომის ფონის შექმნისთვის სჭირდება. ვფიქრობ, ამას განგრძობითად ვნახავთ მომავალშიც, განსაკუთრებით 2024 წლის მარტამდე. რადგან ქვეყნის შიგნით, თუკი ოპოზიციონერთა ნაწილი მაინც დარჩა, ვინც არც მოკლულია, არც გადასახლებული და არც დადუმებული, მათ საერთოდ ვერ მიიღონ მხარდაჭერა, რადგან „ჩვენ ომის რეჟიმში ვართ“. კრემლი კი დაუფარავად ამბობს: ეს ომია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG