ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უმაღლესი გენერალი რუსეთს აფრთხილებს 


რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებასა და წვრთნებს განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები კი ვითარებას ყურადღებით აკვირდება. განცხადება სეულიდან ამერიკაში დაბრუნების დროს, ამერიკის უმაღლესმა სამხედრო გენერალმა მარკ მილიმ გააკეთა.

შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შტატები ვითარებას დეტალურად სწავლობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ის ნაბიჯები, რასაც ამერიკა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გადადგამს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, გენერალმა მილიმ ხაზი გაუსვა უკარინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას ვაშინგტონისათვის და ნატოსთვის.

„აქ არის შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები. თუკი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედება მოხდება უკრაინაში, ამაზე იქნება რეაქცია,“- ამბობს ამერიკის უმაღლესი სამხედრო გენერალი.

ამავდროულად, განცხადება გაკეთდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით რუსეთი მომდევნო თვეში (2022 წლის იანვარში) უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. რეზნიკოვის თქმით უკრაინა მზად არის სათანადო პასუხი გასცეს თავდამსხმელს.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი უკრაინის საზღვრებთან როგორც სამხედროების ასევე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს, კრემლში ამბობენ, რომ თავდასხმას არ გეგმავენ. თუმცა ამბობენ, რომ უკრაინაში ნატოს აქტიურობა პუტინის წითელი ხაზებია.

რიგაში გამართული ნატოს მინისტერიალიდან, რუსეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიმართეს. მათი თქმით, თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ეს კრემლს ძვირი დაუჯდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG