ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და ნატოს ევროპელი ლიდერები მოსკოვს აფრთხილებენ


უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მობილიზაციაის გამო ნატო კრემლს აფრთხილებს. ალიანსის წევრები მოსკოვს მოუწოდებენ თავი შეიკავოს ნებისმიერი ახალი სამხედრო აგრესიისგან, რადგან ამის გამო "მძიმე საფასურის" გადახდა მოუწევს. კრემლი კი თავად დასავლეთს ადანაშაულებს მისი "წითელი საზღვრების" გადაკვეთაში.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა მასობრივი სამხედრო წვრთნები მის საზღვრებთან ამ წლის გაზაფხულზეც ჩაატარა და ახლანდელი სამხედრო შეჯგუფება შესაძლო შეჭრის საფრთხეზე მიანიშნებს. რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა. აღმოსავლეთ უკრაინაში კი დღემდე უჭერს მხარს სეპარატისტებს. ამ კონფლიქტს ამ დრომდე 14 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და დასავლეთს კრემლის წინააღმდეგ შეთქმულებაში და "ისტერიაში" სდებს ბრალს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ნებისმიერ განახლებულ აგრესიას "სერიოზული შედეგები"მოჰყვება. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ იმ გადაადგილებით, რასაც უკრაინის საზღვართან ვხედავთ, ჩვენ ვიცით, რომ ხშირად რუსეთი სამხედრო ძალასთან ერთად ქვეყნის შიგნითაც იყენებს ძალისხმევას ამ ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. ეს მათი თამაშის წესების ნაწილია და ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.

ლატვიის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. განსახილველ თემებს შორისაა ნატოს ძალების გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე და უკრაინის სამხედრო დახმარება. მოკავშირეები ცდილობენ კრემლს აჩვენონ, რომ უკრაინის მიმართ მუქარა კრემლს ძვირად დაუჯდება.

კრემლი კი გამუდმებით დასავლეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნატო უკრაინას დასავლური იარაღით ავსებს, რაც თავად უკრაინას უბიძგებს პროვოკაციებისკენ. უკრაინაში ამა თუ იმ თავდასხმითი შეიარაღების განლაგებას კი მოსკოვი საფრთხედ და მუქარად აღიქვამს. კრემლს ნატოს სამხედრო წვრთნებიც აშფოთებს, განსაკუთრებით კი შავ ზღვაში ჩატარებული ოპერაციები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ თემაზე მოსკოვში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ ყველა მხარეს "საღი აზრი გაიმარჯვებს". მაგრამ ის ნატოს აფრთხილებს, რომ რუსეთს თავად აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები უკრაინის მიმართ და დაავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო გაძლიერების თაობაზე.

მისი თქმით, ზოგიერთი სამხედრო საჰაერო საიერიშო სისტემისთვის მოსკოვამდე მიღწევა მხოლოდ 7-10 წუთის საქმე იქნება, ზებგერით იარაღს კი ამ მანძილის გადალახვა 5 წუთში შეეძლება. "რას გავაკეთებთ ასეთი სცენარის შემთხვევაში? ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც მსგავსი იმისთვის, რომ ვუპასუხოთ მათ, ვინც ჩვენ ასე გვემუქრება. და ჩვენ ახლა ამის გაკეთება შეგვიძლია", - თქვა პუტინმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატოს მინისტერიალის შეუცდომელი გზავნილი ერთია: ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი ურყევია და არ განიხილება. ბრიტანეთის პირველი დიპლომატი კი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს მიმართ არსებული ბრალდებები ე.წ. პროვოკაციის თაობაზე უბრალოდ სიცრუეა და კრემლის ნებისმიერი ქმედება ნატოს მოკავშირის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, სტრატეგიული შეცდომა იქნება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რიგაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს ქვეყნის საზღვრებთან, ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 115 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. "რუსეთის შესაკავებლად სჯობს ახლა ვიმოქმედოთ, ვიდრე -გვიან. ის, რასაც ვხედავთ, ძალიან სერიოზულია", - ამბობს კულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG