ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს დამოუკიდებლობიდან ოთხი წლის შემდეგ


კოსოვოს დამოუკიდებლობიდან ოთხი წლის შემდეგ
კოსოვოს დამოუკიდებლობიდან ოთხი წლის შემდეგ

სერბებით დასახლებული ჩრდილოეთის რაიონის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სერბეთის პროვინცია - კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სხვადასხვა მიღწევების გარდა, კოსოვო კვლავაც ბევრი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა შორის უმთავრესი უსაფრთხოების საკითხია. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კეიდა კოსტრეცი იუწყება, სერბეთი, რომელსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა, ბევრი შიშობდა, რომ ეს რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. თუმცა, ეს შიშები ჯერ არ გამართლებულა.ყოფილი დიპლომატი მორტონ აბრამოვიჩი ამბობს, რომ კოსოვოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. თუმცა, მისი თქმით, კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებით დასახლებული რაიონის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია და თანაც დიდი ხნის პერსპექტივით.„ჩრდილოეთის პრობლემა მოკლე დროში არ გადაწყდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირია ჩართული. ამერიკა განზე დგას. კოსოვო ამ პრობლემის მოგვარებისთვის უცხოელებზეა დამოკიდებული, სერბეტი კი ვერ ელევა კოსოვოს დაკარგვას,“ - ამბობს აბრამოვიჩი.

ივლისის შემდეგ სერბეთის და კოსოვოს საზღვარი ბლოკებითაა ჩახერგილი, მას შემდეგ, რაც კოსოვოს ალბანურმა მთავრობა,მ სასაზღვრო რეგიონზე კონტროლის დამყარება და იქ დეფაქტო სერბული მმართველობის გაუქმება სცადა.

ამ მოვლენებმა სტატუსის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას დაუდო საფუძველი. თუმცა ამან უარყოფითად იმოქმედა სერბეთის და ბრიუსელის მოლაპარაკებებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სერბეთში გაზაფხულზე არჩევნები ჩატარდება, რაც ართულებს სერბეთის ხელისუფლების ამოცანას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რადგან ქვეყანაში უამრავი ამომრჩეველია, ვინც კოსოვოს კვლავ სერბეთის ტერიტორიად განიხილავს.

კოსოვოს დამოუკიდებლობა 67-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.

სერბეთს კი მხარი რუსეთმა დაუჭირა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს. გარდა ამისა, ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა.

ეფექტური მმართველობის საბჭოს წევრი ალექს გრიგორიევი ამბობს, რომ კოსოვომ ამ ქვეყნებთან დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე უნდა იმუშაოს.

„ეს აუცილებელია, რადგან, მე ვერ ვხედავ კოსოვოს მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე."

სერბეთთან მოუწესრიგებელი ურთიერთობის გარდა კოსოვოში სხვა პრობლემებიც არსებობს - უმუშევრობა 45 პროცენტს შეადგენს და ქვეყანაში კორუფციის მასშტაბები საკმაოდ მაღალია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ რეგიონში მშვიდობა შენარჩუნებულია და ქვეყანას პირველი ქალი პრეზიდენტი ყავს.

XS
SM
MD
LG