ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიკვდილი და ნატოს მისია ავღანეთში


ბინ ლადენის სიკვდილი და ნატოს მისია ავღანეთში

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალები ნატოს ეგიდით, თალიბ მეამბოხეებს ებრძვიან და ალ ყაიდას ტერორისტებს ანადგურებენ. რა ზეგავლენას მოახდენს ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი ავღანეთში ნატოს სამხედრო მისიაზე?

ნატო ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს 2003 წლიდან აწარმოებს. ალიანსის სამხედრო ძალები 130,000 ჯარისკაცს აღემატება. ისინი გაეროს მანდატით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებენ და ოფიციალურად მათ „საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას“ უწოდებენ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნატოს ავღანეთში სამი მთავარი ამოცანის მიღწევა აქვს განზრახული. პირველი გახლავთ ავღანეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა რათა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობამ ქვეყნის აღმშენებლობა და სტაბილიზაცია შესძლოს. მეორე ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია ავღანეთის არმიისა და პოლიციის მომზადება. ხოლო მესამე კი სამხრეთ ავღანეთში მეამბოხეების განადგურებას ისახავს მიზნად.

კოალიციურ ძალებში შეერთებული შტატების სამხედრო წვლილი ყველაზე დიდია. ავღანეთში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვი დაახლოებით 90,000-ს აღწევს. ამას გარდა, ამერიკელ ჯარისკაცებსა და საზღვაო ქვეითებს ავღანეთში სამხედრო ოპერაცია „გამძლე თავისუფლების“ ფარგლებში ალ ყაიდას ტერორისტების განადგურება ევალებათ.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ნატოს საკითხების ექსპერტმა ჩარლზ კუპჩანმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ტერორისტების ძებნასა და განადგურებას ნატოზე უფრო მეტად შეერთებული შტატები ასრულებს. თუმცა ალიანსის შიგნით ზოგიერთი მოკავშირე სახელმწიფო ხანდახან ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.“

მარშალის სახელობის შეერთებული შტატების გერმანული ფონდის მკვლევარი კონსტანც სტელცენმიულერი ამ მოსაზრებას ეთანხმება. მისი თქმით, ნატოს ზოგიერთი ქვედანაყოფი ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.

„გარკვეული პერიოდის მანძილზე სამხრეთ ავღანეთში მოკავშირე ქვეყნების საგანგებო დანიშნულების რაზმები ალ ყაიდას აგენტებს ეძებდნენ. ცნობილია, რომ ამგვარ ოპერაციებში ბრიტანელები იყვნენ ჩართულნი. ნაკლებად ცნობილია ალბათ ის, რომ იქ გერმანიის საგანგებო დანიშნულების ძალებიც იბრძოდნენ,“ აღნიშნა გერმანელმა ექსპერტმა.

თითქმის ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები შეერთებული შტატების თაოსნობით, ალ ყაიდას ლიდერს ოსამა ბინ ლადენს ეძებდნენ. რამდენიმე დღის წინ ეს ძალისხმევა წარმატებულად დასრულდა, როცა შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების სადესანტო რაზმის წევრებმა ოსამა ბინ ლადენი პაკისტანში მდებარე ქალაქ აბოთობადში მოკლეს.

ოჰაიოს უესლეიანის უნივერსიტეტის მკვლევარი შონ კეი აღნიშნავს, რომ ბინ ლადენის სიკვდილი ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს ბადებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ლეგიტიმური დებატები დაიწყება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვართ ჩვენ ავღანეთში როცა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია,“ აღნიშნავს შონ კეი.

როგორც ცნობილია, ივლისში შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს. ხოლო 2014 წლისთვის, იმისდა მიხედვით თუ რამდენად სტაბილური იქნება მდგომარეობა, ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების მთლიანი გაყვანა იგეგმება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო ძალების გარკვეული ნაწილი ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩება.

მიმომხილველების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ეგრეთწოდებული „არაბული გაზაფხულის“ ფონზე, ალ ყაიდას იდეოლოგიის სრული დიკსრედიტაცია მოხდა. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ იმასაც, რომ ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ალ ყაიდამ შესაძლოა ტერორისტული საქმიანობა გააქტიუროს რათა მიმდევრებს არ ეგონოთ, რომ ბინ ლადენის სიკვდილმა ალ ყაიდას ბოლო მოუღო.

XS
SM
MD
LG