ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი ტერორის წინააღმდეგ ბინ ლადენის შემდეგ


ომი ტერორის წინააღმდეგ ბინ ლადენის შემდეგ
ომი ტერორის წინააღმდეგ ბინ ლადენის შემდეგ

ამერიკული პრესის მიმოხილვა

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციას უკვე მოყვა ამერიკული პრესის გამოხმაურება. გუშინდელმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ამ ფაქტს ერთდროულად რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ერთერთ მათგანში, სათაურით „ოსამა ბინ ლადენის შემდეგ“ ვკითხულობთ:

„და მაინც რას ნიშნავს ეს ამბავი? პირველ რიგში ეს კარგია შეერთებული შტატების რეპუტაციისთვის, მისი ძალაუფლებისა გავლენისათვის, რომ როგორც იქნა ბინ ლადენი მოვიხელთეთ. ის რომ ბინ ლადენს შესაძლებლობა ქონდა დამალვოდა შეერთებულ შტატებს, ისლამისტების თვალში ამერიკას „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენდა და ეს კი ექსტრემისტებს მხნეობას მატებდა. თავად ბინ ლადენმა ერთხელ განაცხადა, რომ ხალხი ფსონს ძლიერ ცხენზე დებს, ცხენზე რომელიც გაიმარჯვებს. მისი მკვლელობა კი ადასტურებს, რომ სწორედ შეერთებული შტატებია ის ცხენი, რომელზეც ფსონის გაკეთება ღირს. გარდა ამისა, ეს არის სიგნალი იმისა, რომ შეერთებულ შტატებზე ტერორისტული აქტი უპასუხოდ არ დარჩება,“ - წერს „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი ნიკოლას კრისტოლი.

სტატიის თანახმად, ბინ ლადენის მკვლელობა „ალ-ყაიდას“ დასასრულს არ ნიშნავს. ამის დასტურია ორგანიზაციაში ნომერ მეორე პირის აიმან ალ-ზავაჰირის არსებობა, რომელიც უკვე დიდი ხანია „ალ-ყაიდაში“ გადამწყვეტ როლს ასრულებს. გარდა ამისა, „ალ-ყაიდა“ უფრო ქსელია, ვიდრე მჭიდროდ შეკრული და სტრუქტურიზებული ორგანიზაცია. ეს რომ ასეა, ბოლო წლებმაც დაადასტურა.

ასევე სტატიის ავტორი სვამს კითხვას, დაიწყება თუ არა ბინ ლადენის ლიკვიდაციით ის სადაზვერვო ოპერაცია, რომლის მიზანიც ზავაჰირის და ალ-ყაიდას მაღალი დონის ლიდერები ნეიტრალიზება იქნება. ასევე ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა რეაქცია ექნება თავად „ალ-ყაიდას“ მისი ლიდერის მკვლელობაზე. ყველაზე მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რამდენად შედეგიანი იქნება ეს ოპერაცია, რათა შეერთებულმა შტატებმა შეძლოს „ალ-ყაიდას“ როლის და გავლენის შესუსტება ავღანეთსა და პაკისტანში.

დაახლოებით ანალოგიური კითხვებია წამოჭრილი „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ მეორე სტატიაში სათაურით „ობამას განცხადებით ბინ ლადენი მკვდარია“.

„ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ბინ ლადენის სიკვდილი ალ-ყაიდაზე. წლების მანძილზე როდესაც მისი პოვნა მარცხით სრულდებოდა, ამერიკელი ლიდერები ამბობდნენ, რომ მას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ქონდა, ვიდრე ოპერატიული, რადგანაც ის დევნილი და ხელმძღვანელის ფუნქციას ჩამოშორებული ადამიანი იყო. თუმცა, აქამდე ბინ ლადენი მთელ მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე პოტენციური სახე იყო და ისინიც კი, ვინც მისი როლის დაკნინებას ცდილობდა, ბინ ლადენის ლიკვიდაციას არანაკლებ ზეიმობენ,“ - ნათქვამია პიტერ ბეიკერის, ჰელენ კუპერის და მარკ მაზეტის ერთობლივ სტატიაში.

ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის ბრძოლა 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ბინ ლადენთან ერთად კიდევ სამი მამაკაცი და ორი ქალია მკვდარი.

„ზღვაში საიდუმლო დასაფლავება ბინ ლადენის ცხოვრებას კიდევ უფრო ასაიდუმლოებს,“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ვაშინგტონ პოსტმა.“

ავტორები კრეგ უიტლოკი, უილიამ უენი და გრეგ მილერი ლიკვიდაციის შემდეგ დეტალებს ფენენ ნათელს. მათი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ ბინ ლადენის ცხედარი ავღანეთში გადაასვენეს დნმ-ის ანალიზისთვის, ხოლო შემდეგ კი გასაიდუმლოებულ ადგილზე წაიღეს და არაბეთის ზღვაში ჩაუშვეს. ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზღვაში ჩაძირვამდე, ბინ ლადენის ცხედარი მუსულმანური ტრადიცისამებრ განბანეს და თეთრ სუდარაში შეახვიეს.

მუსულმანური რიტუალის მიხედვით, ცხედარი 24 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ეს წესიც დაიცვეს. ავტორები იხსენებენ ბინ ლადენის განცხადებას, რომ ის წამებულის სიკვდილით გარდაიცვლებოდა. ასევე ბინ ლადენმა მის უახლოეს გარემოცვას დაუბარა, რომ ერჩივნა მათვე ესროლათ ტყვია, ვიდრე მტერს ჩავარდნოდა ხელში. თუმცა, როგორც პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ, ბინ ლადენი ამერიკულმა ტყვიამ იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG