ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასუხგაუცემელი კითხვები


პასუხგაუცემელი კითხვები

ანალიტიკოსები ბინ ლადენის ლიკვიდაციის დეტალებზე მსჯელობენ

პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ოსამა ბინ ლადენის აღმოჩენამ მრავალი კითხვა წარმოშვა. როგორც “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი გარი ტომასი ამბობს, ერთერთი მთავარი კითხვაა, ბინ ლადენი იმალებოდა, თუ მას პაკისტანის სამხედრო ან სადაზვერვო უწყებები მალავდნენ. დემოკრატი სენატორი მისურიდან მაკქესკილი ამბობს, რომ ეს კითხვა ისევ ღიად რჩება.

„ისინი ან არაკომპეტენტურები არიან, ან ეს ყველაფერი გაცნობიერებული ქონდათ. და ჯერ არ ვიცით ამ ორიდან რომელია მართალი,“ - ამბობს მაკქესკილი.

შონ გრეგორი ბრედფორდის ბრიტანულ უნივერსიტეტში პაკისტანის უსაფრთხოებას იკვლევს. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ პაკისტანის დაზვერვას არ სცოდნოდა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი.

„მართლა გჯერათ რომ, ეს ყველასათვის ცნობილი, თითქმის ორმეტრიანი ადამიანი თავისუფლად მოძრაობდა და ხელიდან უსხლტებოდა შეერთებულ შტატებს და პაკისტანის დაზვერვას? და ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ისინი მათზე ნადირობდნენ? მე ვფიქრობ, პასუხი უარყოფითია,“ - ამბობს შონ გრეგორი.

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურს ხშირად სდებდნენ ბრალს სამხედრო დაჯგუფებთან თანამშრომლობაში. მათ შორის მოხსენიებულია, როგორც ავღანური თალიბანი, ასევე ქაშმირის სეპარატისტული დაჯგუფება - ლაშქარითაიბა. პაკისტანი თავის მხრივ ამ ბრალდებას უარყოფს.

ავსტრალიის არმიის გადამდგარი ოფიცერი ბრაიან კლოგლი ისლამაბადში სამხედრო ატაშედ მსახურობდა. ის აცხადებს, რომ პაკისტანის დაზვერვის კავშირი ამ ჯგუფებთან სადაზვერვო მიზნებს ემსახურება. ამ განცხადებას კი ის, გენერალ ასფაქ კაიანის სიტყვებზე დაყრდნობით აკეთებს.

„როდესაც კაიანი დაზვერვის გენერალური დირექტორი იყო, მან პირადად განმიცხადა, რომ დაზვერვა „ცუდ ბიჭებს“ ელაპარაკება. თუმცა, ეს არ არის ისეთი სისულელე, როგორც გეჩვენებათ. როგორც კაინმა მითხრა, ისინი ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ცოდნოდათ მათი საქმიანობის შესახებ. თუკი მე მათ არ დაველაპარაკები, ისინი იატაქვეშეთში გადავლენ და მათ შესახებ ვერაფერს გავიგებთ,“ -იხსენებს ავსტრალიელი ოფიცერი პაკისტანის დაზვერვის ყოფილი შეფის სიტყვებს.

თუმცა, პაკისტანური დაზვერვა ასეთ ჯგუფებს რომც ეხმარებდეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას დაეფარა ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორც ბინ ლადენი იყო. ამასთანავე, შონ გრეგორი ამბობს, რომ ბინ ლადენს, რომელიც საუდის არაბეთიდან იყო, თავის სამშობლოში ძლიერი კავშირები გააჩნდა. მისი თქმით, არ ღირს იმ კავშირების იგნორირება, რაც მდიდარ საუდელებს და მდიდარ პაკისტალებს შორის არსებობს, გავლენიანი სამხედროების ჩათვლით. შონ გრეგორი აცხადებს, რომ ეს უზარმაზარი საიდუმლო ქსელია და დასავლეთში ნათლად არ ჩანს ის დახმარება, რასაც საუდელები პაკისტანელებს უწევენ კონკრეტული საქმეების შესასრულებლად.

კიდევ ერთი კითხვა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ბინ ლადენი პაკისტანში ამბოხებული რაიონებიდან მოშორებით ცხოვრობდა. ამერიკის არმიის ანალიტიკოსი ლარი გოდსონი ამბობს, რომ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები ბინ ლადენს იმ რაიონებში ეძებდნენ, სადაც ის წესით უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, ეს ბინ ლადენმა კარგად იცოდა და სწორედ ამიტომაც იმალებოდა აბოთაბადში.

არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იმ სახლს შეეხება, სადაც ბინ ლადენი ცხოვრობდა. ეს სახლი ფაქტობრივად სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელსაც ერთ შეხედვით ხელისუფლების ეჭვი უნდა აღეძრა. თუმცა ბრაიან კლოგლი ამბობს, რომ აბოთაბადი ეს არის ადგილი, სადაც მდიდარი და პენსიაში გასული ხალხის ფეშენებელური ვილებია. იქ ყველა სახლი ასეთ სიმაგრეს წარმოადგენს, ყველა სახლს მაღალი გალავანი აქვს და აბოთაბადის მაცხოვრებლები ერთმანეთთან კონტაქტში ფაქტობრივად არ შედიან. შეკითხვები მაინც არსებობს და სწორედ მათზე პასუხების გასაცემად უახლოეს დღეეებში კონგრესი საგანგებო მოსმენას გამართავს.

XS
SM
MD
LG