ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჰიბრიდული ომი ამერიკის მიწაზე - როგორ განვითარდა და შეიცვალა რუსეთის ტაქტიკა ბოლო წლებში


„რუსეთის მთავრობა ჩვენს არჩევნებში, მასიურად და სისტემატურად ჩაერია“. ეს სიტყვები ყოფილმა საგანგებო გამომძიებელმა, რობერტ მალერმა 2019 წელს, კონგრესის სადაზვერვო და იურდიულ კომიტეტებს, ჩვენების მიცემის დროს უთხრა. მაშინ მალერმა თქვა, რომ სოციალური მედიის გამოყენებით, რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამას 2020 წლის არჩევნების დროსაც შეეცდებოდა. მალერი მართალი აღმოჩნდა.

თუმცა, 2016 წლის შემდეგ, ტექნოლოგიების განვითარების, ინფორმაციის გავრცელებისა და მკვლევრების მუშაობის შედეგად, რუსეთს მოუწია თავისი მიდგომები და ტაქტიკა შეეცვალა.

რუსეთის ტროლების ქარხანა გაიშიფრა. მიაგნეს იმ გზებსაც, რითიც რუსები 2020 წლის არჩევნებში ჩარევას აპირებდნენ. სექტემბერში კი, სანქციების ახალი ტალღა გავრცელდა რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ჩარევის მცდელობა ჰქონდათ.

„2020 წელს გაცილებით მეტი ძალისხმევა [რუსეთის მხრიდან] მიმართული იყო იმაზე, რომ [ამერიკის] საზოგადოება დაეყოთ, პოლარიზაცია შემოეტანათ უკვე არსებული თემების გარშემო და ახალი თემები აღარ შემოეტანათ [დასაპირისპირებლად]“.

მაშინ, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის, ამერიკის ხაზინამ სანქციები დაუწესა ანდრეი დერკაჩს, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვის სადაზვერვო სამსახურებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დერკაჩის გეგმა იყო, ამერიკელი ამომრჩევლების აზრი რუსეთისგან ნაკარნახევი საიდუმლო გავლენის კამპანიის საშუალებით შეეცვალა. კამპანიის ფოკუსი ამერიკის პოლიტიკური პროცესის მანიპულაცია და ამ გზით რუსეთის ინტერესების უკრაინაში გატარება იყო.

სანქციების შედეგად, სანქცირებული 4 პირის, ყველა სახის ქონება და ფინანსური ინტერესი გაიყინა. ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალათ. ასევე გაიყინა აქტივები, სადაც რუსეთის მოქალაქეებს 50%-იანი, ან მეტი ინტერესი ჰქონდათ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი მიხვდა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ამოიცნობდნენ და ანეიტრალებდნენ ტროლებსა და ბოტებს, სოციალურმა მედიებმა კი სტრატეგია შეცვალეს და ყველა საეჭვო ანგარიშს აუქმებდნენ, სტრატეგია თავადაც შეიცვალა.

„2020 წელს გაცილებით მეტი ძალისხმევა [რუსეთის მხრიდან] მიმართული იყო იმაზე, რომ [ამერიკის] საზოგადოება დაეყოთ, პოლარიზაცია შემოეტანათ უკვე არსებული თემების გარშემო და ახალი თემები აღარ შემოეტანათ [დასაპირისპირებლად]“,- ამბობს მარია სნეგოვაია, „ატლანტიკური საბჭოს“ არარეზიდენტი წევრი და რუსეთის ამერიკაში გავლენების შესახებ, უახლესი კვლევის ავტორი.

სნეგოვაია ამბობს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა უფრო ჭკვიანურად მოიქცეს და უკვე არსებული პრობლემების გაღრმავება არა ახალი ტროლებითა და ბოტების მეშვეობით, არამედ, თავად ამერიკული ხმების გამოყენებით მოახდინოს.

„ისინი ონლაინ ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას ამერიკელი მოქალაქეების დაქირავებით, რომლებმაც არ იციან, რეალურად რა მიზანს ემსახურებიან“,- ამბობს სნეგოვაია.

მკვლევარი ამბობს, რომ ბოტებისა და ტროლების, ასევე, მათი მიმდევრების რიცხვი, საგრძნობლადაა შემცირებული. რაც ამერიკის ეფექტურ სტრატეგიაზე და სადაზვერვო სამსახურების კარგ მუშაობაზე მიუთითებს. თუმცა, ისინი, ვინც ონლაინ სივრცეში დარჩნენ, ადაპტირდებიან და ვითარდებიან, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, რომ თავი ამერიკელებად წარმოაჩინონ, აკოპირებენ და იყენებენ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების ტექსტებს და ასე ცდილობენ შეინიღბონ.

ნიკ იაპი, “ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თვლის, რომ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ იყენებს რუსეთი ამერიკელების გვერდებს სოციალურ მედიაში. „მათ არ აქვთ არც იმდენი სანდოობა და არც საჭირო ენობრივი უნარები იმისთვის, რომ დიდი ცვლილებები მოახდინონ. 6 თებერვალს კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, არჩევნების მოპარვის აქტიური ნარატივი, ან თუნდაც Qanon-ის შეთქმულების თეორიები ამერიკაში რუსების ჩარევის გარეშეც არსებობდა. ისინი [რუსები], უბრალოდ პროაქტიულად მოქმედებენ და უკვე არსებულ ნარატივს აღვივებენ“,-ამბობს იაპი.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარი, ჯესიკა ბრენდტიც ეთანხმება ამ მოსაზრებას. ის ამბობს, რომ რუსეთს არ სჭირდება დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ამერიკაში პოლარიზაცია გამოიწვიოს და საზოგადოება დაყოს. მისი თქმით, ეს პროცესები ქვეყანაში ისედაც მიმდინარეობს.

„ქვეყანაში ხანძარი უკვე გაჩნდა და რუსეთს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. უბრალოდ, ამ ცეცხლს აღვივებს და მიმართულებას აძლევს“,- ამბობს ბრენდტი.

„ისინი ონლაინ ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას ამერიკელი მოქალაქეების დაქირავებით, რომლებმაც არ იციან, რეალურად რა მიზანს ემსახურებიან“.

კვლევითი ცენტრის, „პიუს“ მონაცემებით, ამერიკა პოლიტიკური ხედვების მხრივ, 2020 წელს უკიდურესად დაყოფილი და პოლარიზებული იყო. 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რესპუბლიკელების 76% ამბობდა, რომ ამერიკა კარგად გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას. გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც საკუთარ თავს რესპუბლიკელად არ მიიჩნევს და იმავე პოზიციაზეა. მათი მხოლოდ 29% თვლის, რომ ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამდა ვირუსთან ბრძოლაში. „ეს 47%-იანი სხვაობა, ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც სხვა 14 სახელმწიფოში გამოკითხულ ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის აღმოვაჩინეთ“,- წერია „პიუს“ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, ამერიკელების 77% თვლის, რომ ქვეყანა უფრო დაყოფილია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ვიდრე მანამდე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება მერეკ პოსარდიც, „რანდ კორპორაციის“ წევრი და სოციოლოგი. ის ამბობს, რომ ქვეყანაში ისედაც ბევრი შიდა, სოციალური პრობლემაა. არსებობს ეკონომიკური, გენდერული, რასობრივი და სხვა სახის უთანასწორობები, რომლებიც არა მხოლოდ ჰყოფენ ქვეყანას, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთგვარი საფრთხის შემქნელ თემებსაც წარმოადგენენ. ეს თემები პანდემიამ კიდევ უფრო წინ წამოიწია და ამითი რუსეთი ძალიან აქტიურად სარგებლობს.

„ამ თემებით მანიპულირება ძალიან ადვილია. საჭიროა მხოლოდ ტროლებისთვის ცოტა ფულის გადახდა და ყალბი გვერდის შექმნა. გავლენა კი, რომელიც ამ ქმედებებს აქვს, დიდია. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ სხვა ქვეყნებიც დაიწყებენ მსგავსი რამის მოფიქრებას“, ამბობს პოსარდი.

ამ თითქოსდა დაუსრულებელ ინფორმაციულ ომში, პოსარდი გამოსავალს ხედავს. ის ყვება, რომ როდესაც გამოკითხვა ჩაატარეს და რუსი ბოტების მიერ შექმნილი სხვადასხვა კონტენტი ამერიკელებს აჩვენეს, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ამერიკელის სოციალურ მედიას არ უყურებდნენ. მისი აზრით, გამოსავალი მხოლოდ ერთია - ინფორმაციის გამჭვირვალობა.

„მზის სხივი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. პრობლემებს იგნორირება არ უნდა გაუკეთო, თუმცა არც გადამეტებულად უნდა ფოკუსირდე მათზე. ხალხმა უნდა იცოდეს რას ხედავენ, ვის კონტენტს ნახულობენ... არავის უნდა, რომ რუსეთმა უკარნახოს რა გააკეთონ“,-თვლის პოსარდი.

„ქვეყანაში ხანძარი უკვე გაჩნდა და რუსეთს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. უბრალოდ, ამ ცეცხლს აღვივებს და მიმართულებას აძლევს“.

მარია სნეგოვაია, რომელიც უკვე წლებია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სწავლობს, ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ახალი ტრენდები გამოავლინდა რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიებში. მათ მოუწიათ სტრატეგიის შეცვლა, ვინაიდან სოციალური მედიები და ამერიკის მთავრობა ეფექტურად მუშაობენ. „ის რაც 2016 წელს იყო რეალური საფრთხე, 2020 წელს მხოლოდ შიშად იქცა, ასე რომ სიტუაცია ამ მხრივ უმჯობესდება“,- ამბობს ის.

თუმცა ჰიბრიდული ომი, სოციალურ მედიაში ე.წ. პოსტების ჭიდილი და დეზინფორმაციის გავრცელება ორმხრივი პროცესია. როდესაც თავდასხმა აქტიურდება და ვითარდება, ასე იქცევა დაცვის მხარეც და პირიქით. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა, რომ როგორმე დემოკრატიული სახელმწიფოების კანონის ფარგლებში, ამ ქვეყნების თამაშის წესებით გაგრძელდეს ბრძოლა ისეთი ავტორიტატული ქვეყნების ჰიბრიდულ თავდასხმებთან, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ა.შ

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG