ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები კრემლთან დაკავშირებულ პირებს - ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სულ ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ამერიკის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის, კრემლთან დაკავშირებულ ოთხ პიროვნებას მონეტარული სანქციები დაუწესდა.

2020 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის, ამერიკის ხაზინამ სანქციები დაუწესა ანდრეი დერკაჩს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დერკაჩს ახლო კავშირები აქვს მოსკოვის სადაზვერზო სამსახურებთან და ის ცდილობდა, რომ ამერიკელი ამომრჩევის აზრი შეეცვალა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დერკაჩის გეგმა იყო ამომრჩეველბის აზრი რუსეთისგან ნაკარნახევი საიდუმლო გავლენის კამპანიის საშუალებით შეეცვალა. კამპანიის ფოკუსი ამერიკის პოლიტიკური პროცესის მანიპულაცია და ამ გზით რუსეთის ინტერესების უკრაინაში გატარება იყო. ოპერაციის კულმინაცია არჩევნების წინა დღეს უნდა ყოფილიყო.

ამერიკის ხაზინამ სანქციები დაუწესა რუსი ეროვნების მქონე კიდევ სამ პირს, რომლებიც რუსეთის "ტროლების ქარხნასთან" არიან კავშირში. არტიომ ლიფშიტსი, ანტონ ანრეიევი და დარია ასლანოვა ეხმარებოდნენ "ტროლების ქარხანას" კრიპტოვალუტის ანგარიშების მართვასა და "ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიებში ჩარევაში".

"ეს ქმედება მოსკოვს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ცხად სიგნალს უგზავნის, რომ ამ ტიპის აქტივობა მიუღებელია. ადმინისტრაცია მუშაობს შეერთებული შტატების მთავრობის მთელ სპექტრთან, შტატების, ადგილობრივი და კერძო სექტორის პარტნიორებთან, რომ 2020 წლის არჩევნები უსაფრთხო იყოს" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დაწესებული სანქციებით, აღნიშნული პირების ყველა სახის ქონება და ფინანსური ინტერესი გაიყინა. ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ. ასევე იყინება აქტივები, სადაც რუსეთის მოქალაქეებს 50%-იანი, ან მეტი ინტერესი აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG