ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1953 წლის შემდეგ პირველად, აშშ-მ სიკვდილმისჯილი ქალის სასჯელი აღასრულა


შეერთებული შტატების მთავრობამ თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად, ქალი სიკვდილმისჯილის განაჩენი აღასრულა.

ოთხშაბათ დილით, ინდიანის შტატის ტერე ჰოიტის ფედერალურ ციხეში, ლისა მონტგომერის სასჯელი აღასრულეს.

სასჯელის აღსრულების შესაჩერებლად გამიზნული იურიდიული ქმედებების სერია, სამშაბათს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დასრულდა, რომელმაც აღსრულების ნება დართო.

მონტგომერის მსჯავრი 2007 წელს დასდეს. მან ორსული ქალი გაგუდა, მუცლიდან ნაყოფი ამოაჭრა და საკუთარ შვილად გასაღება სცადა.
მისი ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ ის “სექსუალური წამების”, მათ შორის, ბავშვობის ასაკში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი იყო, რამაც მას სამუდამო ემოციური დაღი დაასვა და მის ოჯახში არსებული ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემები გაამწვავა.

ადვოკატმა კელი ჰენრიმ განცხადებაში თქვა, რომ მონტგომერის სასჯელის აღსრულების გადაწყვეტილება “ავტორიტარული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტი, უკანონო და არასაჭირო გამოყენება” იყო.

“ამ ღამეს, წარუმატებელი ადმინისტრაციის სისხლის წყურვილი სრულად გამოჩნდა” - თქვა ჰენრიმ.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სასჯელის აღსრულება “ფედერალური ნაფიცი მსაჯულების და მისურის დასავლეთ ოლქის საოლქო სასამართლოს მიერ, უმაღლესი სასჯელის ერთსულოვანი რეკომენდაციის თანახმად” მოხდა.



ივლისიდან, როდესაც 17 წლიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმაღლესი სასჯელის ფედერალური აღსრულება განაახლა, მონტგომერი მე-11 ფედერალური პატიმარია, რომლის სასჯელის აღსრულებაც მოხდა.

ამ კვირის ბოლოსთვის კიდევ ორი აღსრულება იგეგმებოდა, მაგრამ ვაშინგტონში ფედერალურმა მოსამართლემ ორივე აღსრულება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ორივე პატიმარს “კოვიდ-19” დაუდგინდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG