ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლორადოს შტატი სიკვდილით დასჯას აუქმებს


კოლორადო აშშ-ის 22-ე შტატი გახდება, სადაც სიკვდილით დასჯას გააუქმებენ.

ოთხშაბათს, კანონმდებლებმა ამ პრაქტიკის დასრულების კანონპროექტს საბოლოო დასტური მისცეს და შტატის გუბერნატორმა თქვა, რომ მას ხელს მოაწერს.

სიკვდილით დასჯის გამოყენების შეჩერების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ასეთი სასჯელის გაბათილება შეუძლებელია, თუ მოგვიანებით გამოჩნდება სამხილი, რომელიც ვინმეს უდანაშაულობას აჩვენებს და ამ სასჯელის გამოყენება უმცირესობების და ღარიბების მიმართ დისპროპორციულად ხდება.

სიკვდილით დასჯის შენარჩუნება ვისაც სურდა, ამბობდნენ, რომ ასეთი სასჯელის საფრთხის არსებობა ბრალდებულებს აძლევს სტიმულს დანაშაული აღიარონ, საპროცესო შეთანხმებაზე წავიდნენ და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის ნაცვლად ნაკლებ სასჯელს დათანხმდნენ.

კოლორადოში სამი სიკვდილმისჯილი ელოდება სასჯელის აღსრულებას. ახალი კანონი მათ სასჯელზე გავლენას არ იქონიებს, ის მხოლოდ ახალი დანაშაულებისთვის, ივლისიდან ამოქმედდება.

შტატმა ბოლო სასიკვდილო განაჩენი 1997 წელს აღასრულა. ქვეყნის მასშტაბით, წელს ოთხი აღსრულება მოხდა.

გასულ წელს სიკვდილით დასჯა ნიუ-ჰემფშირმა გააუქმა. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გასულ წელს თქვა, რომ სანამ ის თანამდებობას იკავებს, უმაღლეს სასჯელს არ აღასრულებენ.

XS
SM
MD
LG