ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო შვილი დაკარგა“


გალელი ლევან სახელაშვილი მიკოლაევი-ხერსონის საზღვარზე, 2 ნოემბერს დაიღუპა
გალელი ლევან სახელაშვილი მიკოლაევი-ხერსონის საზღვარზე, 2 ნოემბერს დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი მიაბარეს მშობლიურ მიწას. 38 წლის ლევან სახელაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი, გალში დაბადებული, მიკოლაევის და ხერსონის ოლქების საზღვარზე, მტრის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.

ლევანი პროფესიონალი სამხედრო იყო, არტილერისტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, თავის დროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში მსახურობდა.

უკრაინის დროშის ქვეშ დაცემული ქართველები - 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

სახელაშვილი უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინის დამცველებს ძალიან მალე მოხალისედ შეუერთდა და უკრაინის არმიის 57-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის, სპეცრაზმ „ხორტში“ ირიცხებოდა.

ლევანი წინა ხაზზე იბრძოდა ყველაზე ცხელ წერტილებში: ირპენში, ლისიჩანსკში, იზიუმში. დაიღუპა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ბაშტანკასთან, ხერსონიდან 115 კმ მოშორებით, რუსი ოკუპანტებისგან ქალაქ ხერსონის გათავისუფლებამდე, 9 დღით ადრე.

„ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, ძალიან ძნელია აღწერო ის ტკივილი, რომელსაც ყველანი განვიცდით, ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი ახალგაზრდა, საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო შვილი“
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

„ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, ძალიან ძნელია აღწერო ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით, ვისაც ლევანისთან ერთად უმუშავია, ვინც მას იცნობდა. ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი ახალგაზრდა, საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო შვილი“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთიდან დევნილი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ლევან სახელაშვილი თბილისში, ვეძისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მანამდე, ზესტაფონში, სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას, 40 წლის გუგა გაგნიძე, რომელიც უკრაინის არმიის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში ოცმეთაური იყო.

გაგნიძე 2020 წლიდან ჩეხეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2022 წლის მაისში, უკრაინის დამცველებს ისე შეუერთდა რომ ამის შესახებ საქართველოში ოჯახმა არაფერი იცოდა.

ზესტაფონელი გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს ბახმუტთან დაიღუპა
ზესტაფონელი გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს ბახმუტთან დაიღუპა

უკრაინელი თანამერძოლების შეფასებით, გუგა ერთ-ერთი გამორჩეული მეომარი იყო და არაერთ წარმატებულ საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. დაიღუპა ყველაზე ცხელ წერტილში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, რუსი დაქირავებულების ჯგუფ „ვაგნერთან“ შეტაკებისას.

პატივი მივაგე ქართველ მებრძოლს გუგა გაგნიძეს, რომელიც 25-ე ბრიგადის გამორჩეული სამხედრო იყო. ქართველები უკრაინაში იმიტომ იბრძვიან, რომ ჩვენ და საქართველოს საერთო მტერი გვყავს
სერგეი კრავჩუკი, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში

„პატივი მივაგე ქართველ მებრძოლს გუგა გაგნიძეს, რომელიც 25-ე ბრიგადის გამორჩეული სამხედრო იყო. ქართველები უკრაინაში იმიტომ იბრძვიან, რომ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს საერთო მტერი რუსეთი გვყავს“ - განაცხადა უკრაინის სამხედრო ატაშემ საქართველოში სერგეი კრავჩუკმა, რომელიც ზესტაფონში, ქართველი მეომრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

ოქტომბერ-ნოემბერში, უკრაინის ფრონტზე, ექვსი ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის იყო, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი, იგი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექვსი თვით ადრე, ზაპოროჟიის ფრონტზე, ასეცე დაეცა ერნესტის უფროსი ძმა თემურ მაჭარაშვილი, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანი. რუსმა ოკუპანტებმა თემური ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს. მაჭარაშვილები ლუჰანსკის ოლქის პატარა ქალაქ როვენკიში დაიბადნენ, რომელიც 2014 წლის მაისიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის.

ერნესტ მაჭარაშვილი ხერსონთან 13 ოქტომბერს დაეცა
ერნესტ მაჭარაშვილი ხერსონთან 13 ოქტომბერს დაეცა

“როცა როვენკის დავიბრუნებთ, ჩვენ შევალთ იქ უკრაინულ ტანკებზე, „დიდება უკრაინას“ შეძახილებით. ყველა ვირთხას დავიჭერთ. ყველა სეპარატისტი უკეთეს შემთხვევაში გაიგზავნება რუსეთში. იმავე ტანკით, ჩვენ ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და სიმბოლურად გავათრევთ მთელ ქუჩაზე, რომელსაც იგივე სამარცხვინო სახელი ჰქვია.

“როცა როვენკის დავიბრუნებთ, ჩვენ ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და იმ ადგილას ძეგლს, ამ ომში ჩვენს დაცემულ გმირებს, როვენკელებს დავუდგამთ. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმები მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“
ილონა მაგაი-მაჭარაშვილი

იმ ადგილას ძეგლს ამ ომში ჩვენს დაცემულ გმირებს, როვენკელებს დავუდგამთ. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმები მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“ - წერს ძმები მაჭარაშვილების და ილონა მაგაი-მაჭარაშვილი.

ძმები მაჭარაშვილები წარმოშობით, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბონდო მაჭარაშვილი. საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1977 წელს, ბონდო მაჭარაშვილმა უკრაინელზე იქორწინა და 12 შვილი შეეძინათ, ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი. მათგან ორი თემური და ერნესტი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.

არაოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 28 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 2014-2021 წლებში კი უკრაინის დროშის ქვეშ - 11 ქართველი მოხალისე დაეცა.

რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ ჩავარდნილი თემურ მაჭარაშვილი წამებით მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ ჩავარდნილი თემურ მაჭარაშვილი წამებით მოკლეს

XS
SM
MD
LG