ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდა


ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური
ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური

უკრაინის და ევროპის უდიდეს ელექტროსადგურს ელექტროენერგიის გარე მიწოდება კვლავ შეუწყდა. ეს კი მისი უსაფრთხოების სისტემების უზრუნველსაყოფად აუცილებელია."ბოლო 5 დღის განმავლობაში ენერგომომარაგება სადგურს უკვე მეორედ შეუწყდა და ეს მოვლენების "ღრმად შემაშფოთებელი განვითარებაა" - განაცხადა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა. ბირთვულ ობიექტს რუსეთი აკონტროლებს და მის გარშემო რუსეთის ჯარის ქვედანაყოფებია განლაგებული.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) უფროსმა, რაფაელ გროსიმ, 12 ოქტომბერს სადგურის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა. გროსი ამბობს, რომ "ელექტროენერგიის განმეორებით დაკარგვა ღრმად შემაშფოთებელია და ხაზს უსვამს ობიექტის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოების და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის სასწრაფო საჭიროებას".

გროსის გაფრთხილება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში მორიგი ესკალაციის ფონზე ხდება, რაც ბირთვული ობიექტის გამო მზარდ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს. ორშაბათს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის 10-ზე მეტი ქალაქი და ენერგოსისტემები დაიბომბა. პარალელურად, კიევი რამდენიმე ფრონტზე კონტრიერიშებს აგრძელებს. უკრაინის თავდაცვა აცხადებს, რომ სამხრეთ ხერსონის რეგიონში მათ რუსეთის არმიისგან კიდევ 5 ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთში ყირიმის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავეს.

სამშაბათს, აღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გროსი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და მას ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული შეშფოთება გაუზიარა. სანკტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა გროსის უთხრა, რომ ხდება ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების „გადამეტებული, სახიფათო პოლიტიზება“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სადგურისთვის ელექტროენერგიის გარე მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, იქ ირთვება დიზელზე მომუშავე სათადარიგო გენერატორები, რაც ბირთვული ობიექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

უკრაინის ბირთვული სააგენტო "ენერგოატომი" აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო თავასხმამ მეზობელ დნიპროპეტროვსკის რეგიონში დააზიანა ქვესადგური "დნიპროვსკა". შედეგად, გამოირთო ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მომარაგების ცენტრალური ხაზი. ამის შემდეგ, ობიექტზე დიზელის გენერატორები ავტომატურად ჩაირთო.

XS
SM
MD
LG